თავში

ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელს 4.64%-ით შემცირდა

ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელს 4.64%-ით შემცირდა
ელექტროენერგიის მოხმარება 2020 წელს 4.64%-ით შემცირდა

სემეკის მიერ მომზადებული 2020 წლის შემაჯამებელი ანგარიშის თანახმად, 2020 წელს საქართველოში იგი წინა წელთან შედარებით – 4.64%- ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 2.86%-ით შემცირდა. 

აღნიშნულის მიზეზს კოვიდ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე შემცირებული მოთხოვნა წარმოადგენს. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2011- 2020 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 2.83-ით იზრდებოდა.

რაც შეეხება გასული წლის განმავლობაში წარმოებულ ელექტროენერგიას:

"2020 წელს ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით – 5.8%- ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 8.2%-ით შემცირდა. წარმოების შემცირება გამოწვეულია შემცირებული წყალმოდინებით / ცუდი (მშრალი) ჰიდროლოგიური წლით. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა 1 თბოელექტროსადგური (ჯამური დადგმული სიმძლავრე 230 მგვტ) და 6 მცირე ელექტროსადგური (ჯამური დადგმული სიმძლავრე 22.73 მგვტ). 2011- 2020 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 1.45%-ით იზრდება, რაც მიმდინარე წლებში ექსპლუატაციაში შესული ელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიით არის განპირობებული" , - ვკითხულობთ სემეკის ანგარიშში.

ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურაში თბოსადგურებიდან გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგია 2019 წელთან შედარებით – 6%-ით, ხოლო 2018 წელთან შედარებით 46.2%-ით გაიზარდა და ჯამურად წარმოებულ ელექტროენერგიაში აღნიშნულის წილმა 24.8%-ს მიაღწია (2018 წელს იგი 16.9%-ს შეადგენდა). ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი უმნიშვნელოდ შემცირდა (2%) და 74.4% შეადგინა. 2016 წლის ბოლოს ექსპლუატაციაში შესული ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილმა 0.8% შეადგინა (იხ. ნახაზი 2.7). საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა 1 თბოელექტროსადგური: გარდაბნის თბოელექტროსადგური-2, დადგმული სიმძლავრით 230 მგვტ და 6 მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 22.730 მგვტ: ჭაპალაჰესი (დადგმული სიმძლავრე – 0,430 მგვტ.), ხელრაჰესი (დადგმული სიმძლავრე – 3.3 მგვტ.), იფარიჰესი (დადგმული სიმძლავრე – 3 მგვტ.), ძამაჰესი (დადგმული სიმძლავრე – 0.3 მგვტ.), ლახამიჰესი 1 (დადგმული სიმძლავრე – 6.4 მგვტ.), ლახამიჰესი 2 (დადგმული სიმძლავრე – 9.3 მგვტ.)

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system