თავში

ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება სექტემბრამდე გაგრძელდება

ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება სექტემბრამდე გაგრძელდება
ელექტროენერგიის მოხმარების შემცირება სექტემბრამდე გაგრძელდება

საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Galt & Taggart-მა ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვა გამოაქვეყნა.

ორგანიზაციის მკვლევარების აზრით, მარტში ელექტროენერგიის მოხმარება წლიურად შემცირდა 7.8%–ით, პანდემიის შედეგად გამოწვეული შეზღუდვების გამო.

"Covid-19-ის გავლენა ელექტროენერგიის მოხმარებაზე უფრო მკვეთრი იქნება 2020 წლის აპრილში, როდესაც ყველაზე მკაცრი შეზღუდვები იყო. თუმცა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განახლებული წლიური პროგნოზის საფუძველზე (მიღებულია 2020 წლის 24 აპრილს), აპრილში მოხმარების წლიურად 5.9%-ით კლებაა ნავარაუდები, რაც უფრო ნაკლებია ვიდრე მარტის ფაქტიური მაჩვენებელი. იგივე დოკუმენტი პროგნოზირებს ელექტროენერგიის მოხმარების უარყოფით ზრდას სექტემბრის ჩათვლით, რის შედეგადაც 2020 წლის ჯამური მოხმარება შემცირდება 12.7ტვტ.სთ-მდე (-0.8% წ/წ)," - აღნიშნულია კვლევაში.

ცნობისთვის,კორონავირუსის ნეგატიური გავლენის შემსუბუქების მიზნით, მთავრობა მოსახლეობის ნაწილს კომუნალურ გადასახადს 3 თვის განმავლობაში დაუფარავს. შეღავათს მიიღებენ ის აბონენტები, რომელთა მოხმარებაც ნაკლებია 200კვტ.სთ-ზე ელექტროენერგიის შემთხვევაში და 200მ3-ზე ბუნებრივი გაზის შემთხვევაში. ეს მოხმარება დაახლოებით შეესაბამება თვიურად 37 ლარის გადასახადს ელექტროენერგიის შემთხვევაში და 100 ლარის მოხმარებას ბუნებრივი აირისთვის. მთავრობამ მსურველებს დოტაციაზე უარის თქმის შესაძლებლობა მისცა. მარტში ამ შეღავათზე უარი 3,534-მა აბონენტმა განაცხადა. 

შუახევი ჰესმა განაახლა ოპერირება 2020 წლის თებერვალში. 178 მგვტ-იანი სადგური პირველად 2017 წელს გაეშვა, თუმცა გვირაბთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გამო მოუწია რემონტზე გასვლა. 2020 წლის მარტში მისმა გამომუშავებამ 58.9 გვტ.სთ შეადგინა, რაც ამ თვის ჯამური მიწოდების 5.4%ს და ჰიდროგენერაციის 8.3%-ს შეადგენდა.  

ენერგეტიკული ბაზრის ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზრის რეფორმა გათვალისწინებული ვადით მიმდინარეობს.

"კანონმდებლები დათქმულ ვადაში ასრულებენ ენერგეტიკის შესახებ ახალი კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადამცემი სისტემის ოპერატორის ლიცენზირების წესი და შეიტანა ცვლილებები ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში, მათ შორის ქსელის წესებში," - აღნიშულია კვლევაში.

შეგახსენებთ, მარტში ელექტროენერგიის მოხმარება 7.8%-ით შემცირდა.

2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 78.7% დაკმაყოფილდა ადგილობრივი გენერაციით, ხოლო დანარჩენი იმპორტირებული იყო რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან.

2020 წლის პირველ კვარტალში ელექტროენერგიის იმპორტი წლიურად 39.6%ით გაიზარდა და ჯამური მოთხოვნის 21.3% დააკმაყოფილა. იმპორტის ღირებულებამ 29.0 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიური 25.7%იანი ზრდაა.

კვლევა აჩვენებს, რომ თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო საბაზრო ფასი 11%-ით ნაკლებია საქართველოში საბალანსო ელექტროენერგიის ფასზე.

ცნობისთვის, ელექტროენერგიის ბაზარზე თამაშის წესები მომავალი წლიდან იცვლება. კერძოდ, ელექტროენერგიის ვაჭრობა დღით ადრე, დღიური და ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრებზე უნდა დაიწყოს 2021 წლის ივლისში. ენერგო პლატფორმების პირველადი გაშვება მოხდება 2020 წლის ივლისში და ერთწლიანი ტესტირების შემდეგ დაიწყება სრულმასშტაბიანი ოპერაციები. საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზარი ოპერირებას დაიწყებს 2021 წლის ივლისიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system