თავში

ელექტრომობილების წარმოებაში ანკარა და ქუთაისი კონკურენტები იქნებიან

ელექტრომობილების წარმოებაში ანკარა და ქუთაისი კონკურენტები იქნებიან
ელექტრომობილების წარმოებაში ანკარა და ქუთაისი კონკურენტები იქნებიან

ანკარა დეკემბერში თურქული წარმოების პირველი ელექტრომობილის პროტოტიპს წარადგენს. განცხადება აღნიშნულის შესახებ საქართველოს მეზობელი სახელმწიფოს ინდუსტრიის მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა გააკეთა. "ვიმედოვნებთ, რომ დეკემბერში ადგილობრივი წარმოების პირველ მოდელს გიჩვენებთ",-დასძინა მან.

მუსტაფა ვარანკისვე განცხადებით, თურქეთი რეგიონში პირველი ქვეყანა იქნება, რომელიც მსგავს ტრანსპორტს შექმნის. თურქ მინისტრს მიაჩნია, რომ აღნიშნული რევოლუციური პროექტია ქვეყნისთვის. "ეს არის რევოლუცია ჩვენი ინდუსტრიული სწრაფვისთვის’’-აღნიშნავს ვარანკი.

როგორც ცნობილია, თურქეთი ელექტრომობილების მასობრივ წარმოებას 2022 წლიდან აპირებს. პროექტი სახელმწიფოს ინტერესებში შედის და ოფიციალური ანკარა კერძო მწარმოებლებს დახმარებას ჰპირდება.

Report.ge დაინტერესდა რამდენად რეალურია ქუთაისში დაანონსებული ქართული ელექტრომობილის წარმოების დაწყება მაშინ როცა იმავეს აანონსებს წარმოების ერთ-ერთი ჰეგემონი ქვეყანა თურქეთი. როგორც ეკონომიკის სამინისტროში აგვიხსნეს, ქართული ელექტრომობილის პროექტის განხორციელებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ქართული ბრენდის ელექტრომობილს თურქულ პროდუქტთან კონკურენცია არ გაუჭირდება, უფრო მეტიც, უწყებაში დარწმუნებული არიან, რომ ქართული ელექტრომობილი რეგიონში საკუთარ ნიშას აუცილებლად დაიმკვიდრებს. ამის დასამტკიცებლად უწყებამ მოგვიყვანა ქართული წარმოების სამხედრო პროდუქტები, რომელსაც საქართველოს მსგავსად თურქეთიც აწარმოებს და ამის მიუხედავად ქართულ სამხედრო წარმოებაზე მოთხოვნა მაღალია სხვადასხვა ქვეყნებიდან.

Report. ge "დელტას" გენერალურ დირექტორს უჩა ძოძუაშვილს დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ სამხედრო წარმოებაში საქართველოს პირდაპირი კონკურენტი თურქეთია, თუმცა ამის მიუხედავად 2014 წლიდან ქართული სამხედრო ნაწარმი გადის ექსპორტზე არაბეთში, სომხეთსა და დანიაში.

"რა თქმა უნდა, იქ ტექნოლოგიური პროცესი ბევრად მაღალ დონეზეა ვიდრე ჩვენთან. რაოდენობრივადაც მეტს აწარმოებენ, თუმცა როცა ხარისხი გაქვს, ნიშის დამკვიდრება არ გაგიჭირდება. იმედი მაქვს ასე მოხდება ელექტრომობილის შემთხვევაშიც," - განაცხადა ძოძუაშვილმა.

ცნობისთვის, ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას AIGROUP ახორციელებს. კომპლექსი100 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც, საწყის ეტაპზე, დაახლოებით 300 ადგილობრივი დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5 000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით. გეგმის მიხედვით, 2020 წლის დასაწყისისთვის მსოფლიომ პირველი ქართული ელექტრომობილი უნდა იხილოს. პროდუქტი გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე ევროპისა და აზიის ბაზარზე დასაექსპორტებლად. სრული დატვირთვის პირობებში, ყოველწლიურად, 40 ათასი ელექტრომობილის გამოშვების პოტენციალი აქვს. ეს კი 3 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობაა მთელი ქვეყნის მასშტაბით.პროექტის დასაწყისში საწარმოში 4 მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system