თავში

ელგუჯა მელაძე: კვალიფიკაციის დაბალი დონე დასაქმებას აფერხებს

ელგუჯა მელაძე: კვალიფიკაციის დაბალი დონე დასაქმებას აფერხებს
ელგუჯა მელაძე: კვალიფიკაციის დაბალი დონე დასაქმებას აფერხებს

შრომის ბაზარზე მოთხოვნილ სტანდარტს სამუშაოს მაძიებელთა უმეტესობა ვერ აკმაყოფილებს. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტის, ელგუჯა მელაძის შეფასებით, სამუშაო ადგილები მეტ-ნაკლებად არის, მაგრამ დაბალი კვალიფიკაციის გამო მოქალაქეები ვერ საქმდებიან. მისი თქმით, მოთხოვნა-მიწოდების მხრივ დიდი დისბალანსია, რის დასარეგულირებლადაც ხელისუფლებას სერიოზული მუშაობა მოუწევს. განსაკუთრებით კი, განათლების სამინისტროს, რომ პროფესიულ სასწავლებლებზე ხელმისაწვდომობა გამარტივდეს. ამის შესახებ ელგუჯა მელაძემ საერთაშორისო კონფერენციაზე, ასოცირების ხელშეკრულების იმპლენტაციის მდგომარეობის განხილვისას განაცხადა.  

მელაძემ აქცენტი პროფესიული გადამზადების სასწავლებლებზე გააკეთა და აღნიშნა, რომ არსებული რაოდენობა ბაზრის მოთხოვნის 10%-ზე მეტს ვერ აკმაყოფილებს.

,,საქართველოს საინვესტიციო კლიმატიდან გამომდინარე, დასაქმების შესაძლებლობა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არის, მაგრამ ვერ ვახდენთ შესაბამისი კადრის მიწოდებას, რადგან კვალიფიკაციის დონე დაბალია. ამ მიმართულებით დიდი პრობლემაა და დისბალანსის დარეგულირება არის საჭირო. პროფესიული განათლების ხელშეწყობა მნიშვნელოვანია. განათლების გარდა, ვერ ვხედავ გამოსავალს, რომელიც პრობლემის დაძლევაში დაგვეხმარება. პროფესიული განათლების ცენტრები მოთხოვნის მხოლოდ 10%-ს აკმაყოფილებენ. მნიშვნელოვანია საფუძვლიანი განათლების დონე, რომ მიღებული ცოდნა მოთხოვნის ადეკვატური იყოს. საჭიროა პროფესიული გადამზადების ცენტრების გახსნა, რომ ადამიანებმა გამოიმუშავონ პროფესიული უნარ-ჩვევები, მიიღონ განათლება და მათი კვალიფიკაცია დამსაქმებლის მოთხოვნის ადეკვატური იყოს. დღესდღეობით ეს დიდი გამოწვევაა", - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: ,,ასოცირების დღის წესრიგის ეფექტურად განხორციელების გზით შრომის უფლებებისა და სოციალური დიალოგის ხელშეწყობა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამ ქვეყანაში: საქართველო, მოლდოვა, უკრაინა". მრავალ სხვა საკითხთან ერთად, მხარეები წარმოადგენენ ქვეყნების მოკლე ანგარიშებს შრომით უფლებებთან, შრომით კანონმდებლობას, ინსტიტუტებსა და სოციალურ დიალოგთან დაკავშირებული მდგომარეობის შესახებ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system