თავში

ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ

ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ
ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსს ეხმაურება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას პროცესის სიცხადისკენ მოუწოდებს.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ საკონკურსო წინადადების შესყიდვის მიზნით ბიუჯეტიდან გამოყოფილი 678 500,00 ლარი უნდა მიიღოს შემსრულებელმა კომპანიამ, რომელმაც საპროექტო ობიექტის მნიშვნელოვან ნაწილზე - 51,593 კვ.მ ფართზე უკვე მოამზადა მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, აღნიშნული დოკუმენტის დამტკიცებაზე არსებობს კანონიერ ძალაში შესული თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რაც არ აღსრულებულა, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებული კონკურსი კი ეყრდნობა საფუძვლებს, რომელიც წარმოადგენს სასამართლოს წესით დავის საგანს და თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს სამართალწარმოების პროცესი.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ განმარტავს შემდეგს: ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილებით დამტკიცებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შესაბამისად, დედაქალაქის მასშტაბით გამოიყო ქალაქთგეგმარებითი არეალები, სადაც უნდა დაზუსტდეს ტერიტორიების განვითარების პირობები, რათა უზრუნველყოფილ იქნას მდგრადი განვითარების პრინციპებით დაბალანსებული განვითარებისა და საიმედოდ ფუნქციონირებადი ქალაქის ქალაქგეგმარებითი პირობები. გენგეგმის მიხედვით, „ელიავას ბაზრობა“ და მისი მიმდებარე ტერიტორია განისაზღვრა არეალად, სადაც ქალაქგეგმარებითი არეალის ნაწილის განვითარება დასაშვებია მხოლოდ განვითარების ერთიანი ჩარჩო პირობებისა და ხედვის ფარგლებში. წინამდებარე ტექნიკური დავალება განსაზღვრავს მოთხოვნებს ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიისქალაქთმშენებლობითი კვლევებისა და რევიტალიზაციის ერთიანი კონცეფციის შესამუშავებლად. სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რევიტალიზაცია გულისხმობს სწორი კონცეფციის შექმნას, მის განხორციელებასა და შეუზღუდავ შემოქმედებით პროცესს. რევიტალიზაციის პროექტი არ უნდა იყოს განყენებული და უნდა ჯდებოდეს ქალაქის განვითარების სტარტეგიულ ხედვაში.

1. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ (ს/კ 202249673) მხრიდან, რომელიც ელიავიას ბაზრობის ტერიტორიის ერთ-ერთ მსხვილ მესაკუთრეს წარმოადგენს, 2016 წელს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი იქნა განცხადება ქ. თბილისში, ბარათაშვილის სახელობის მარცხენა სანაპიროსა და ა. კერესელიძის ქუჩებს შორებს მდებარე: ს/კ 01.13.05.010.043, ს/კ 01.13.05.010.015, ს/კ 01.13.05.010.044 და ს/კ 01.13.05.010.041 საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირების შესახებ. 51,593 კვ.მ ფართზე მომზადებული მრავალფუნქციური კომპლექსის  განაშენიანების რეგულირების გეგმა დადებითად შეფასდა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების მხრიდან და დასამტკიცებლად გაიგზავნა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. საკითხის განხილვა გაურკვეველი ვადით შეჩერდა და რეაგირების გარეშე დარჩა. ვითარების გათვალისწინებით, შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფმა“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, აქტის დავალების გამოცემის მოთხოვნით, სარჩელი აღძრა სასამართლოში. სამწლიანი პროცესი შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ გამარჯვებით დამთავრდა.

კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაევალა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის მიღებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილება აღსრულების მიზნით წარედგინა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადმინისტრაცულმა ორგანომ კი, 2019 წლის დეკემბერში გამართულ სხდომაზე, შემდგომი განხილვის მიზნით, საკითხი კენჭისყრიდან მოხსნა.

2. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ მხრიდან 2019 წლის მაისის თვეში თბილისის საქალაქო სასამართლოს წესით, ბათილობის მოთხოვნით, გასაჩივრებული იქნა ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული ნორმა ადგენს სპეციალურ პირობას, იმ დათქმით, რომ ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარება დასაშვებია ერთიანი ხედვის ფარგლებში დამუშავებული განაშენიანების გეგმის შესაბამისად. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ ასაბუთებს, რომ გასაჩივრებული ნორმა პირდაპირ შეეხება არამხოლოდ თავის, არამედ ხსენებულ ტერიტორიაზე სხვა ფიზიკური და იურიდიული პირის ინტერესებს. ადგილზე ბიზნეს-სუბიექტების საქმიანობის სპეციფიკის გათვალისწინებით, ერთიანი კონცეფციის საფუძველზე განაშენიანების გეგმის შემუშავება შეუძლებელია და ასეთი პერსპექტივა ობიექტური რეალობაა. შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ ასაბუთებს, რომ ესპობა კუთვნილი ბიზნეს-ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობა და იმ ვითარებაში, როდესაც სახეზეა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, არსებობს კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, სახელმწიფო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს სახით არ ახდენს დოკუმენტის დამტკციებას და ნამდვილი მესაკუთრეთა ინტერესების დაცვას.

3. 2021 წლის 4 იანვარს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „არტსტუდიო პროექტი“ (ს/კ 204489393). კონკურსი ეფუძნება ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძვლებს, რაც გასაჩივრებულია სასამართლო წესით. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის მიხედვით, გამარჯვებული და შემსრულებელი კომპანია დაფუძნებულია 2005 წელს,  ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე პასუხისმგებელი პირები კი არიან ოთარ სულაბერიძე (დირექტორი) და ირინე სკალვინია (დირექტორი, საქართველოს და იტალიის სახელმწიფოს ორმაგი მოქალაქე). კომპანიის მესაკუთრეა გიორგი სულაბერიძე (50%-იანი წილის მმართველი) და ვასილ წერეთელი (50%-იანი წილის მმართველი). საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების თანახმად, კომპანიასთან საკონკურსო წინადადების შესყიდვის მიზნით, ამჟამად მიმდინარეობს მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რომლის ღირებულებაც დღგ-ს ჩათვლით შეადგენს 678 500,00 ლარი. აღსანიშნავია, რომ სწორედ შპს „არტსტუდიო პროექტმა“ მოამზადა შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რაც არსებითად არ განუხილავს ქ. თბილისის საკრებულოს.

„ახალგაზრდა ადვოკატები“ აზრით, საჭიროა სიცხადე შევიდეს იმ საჭიროებებსა და თანმიმდევრობებში, რომელიც ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსის გამოცხადებას შეეხება. კერძოდ, კონკურსის გამოცხადება და შემდგომი პროცესი ეფუძნება იმ სამართლებრივ საფუძვლებს, რომელიც გასაჩივრებულია სასამართლო წესით. შესაბამისად, ლეგიტიმურად დაისმის შეკითხვა, თუ რა აუცილებლობით იქნა განპირობებული კონკურსის გამოცხადება სასამართლოში სადავოდ ქცეული საფუძვლების პარალელურად. დადგენილია, რომ საქმეში მესამე პირად ჩართულია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა და სსიპ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო. სწორედ ამ უკანასკნელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოაცხადა კონკურსი ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის კონცეფციის შემუშავების მიზნით.

ამასთან, ორგანიზაცია საუბრობს პასუხისმგებლობის და წინადახედულობის საკითხებზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი 678 500,00 ლარის განკარგვასთან დაკავშირებით. თუ სასამართლო გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდება შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ სარჩელი, ბათილად იქნება ცნობილი ქ. თბილისის საკრებულოს 2019 წლის 15 მარტის №39-18 დადგენილების72-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, რითაც შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფს“ კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმის განხორციელებისთვის სრული სამართლებრივი საფუძველი შეექმნება, შედეგად ვიღებთ რეალობას, როდესაც ელიავას ბაზრობის ტერიტორიის რევიტალიზაციის ერთიანი კონცეფციის შემუშავებისთვის გადახდილი საბიუჯეტო თანხა გამოუსადეგარი დოკუმენტის მომზადებისთვის იქნება დახარჯული.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სამართლიანი შეიძლება ყოფილიყო საკითხის გადაწყვეტა იმგვარად, რომ საპროექტო ობიექტის მნიშვნელოვან ნაწილზე - 51,593 კვ.მ ფართზე, რომელსაც ფლობს შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფი“ და უკვე არსებობს მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა, არ გამოცხადებულიყო კონკურსი. ქ. თბილისის საკრებულოს დაემტკიცებია შპს „სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის“ მიერ წარდგენილი მრავალფუნქციური კომპლექსის განაშენიანების რეგულირების გეგმა და კონკურსი გამოცხადებულიყო საპროექტო ობიექტის სხვა დარჩენილ ნაწილზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მიმართავს და მოუწოდებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას შეჩერდეს გამარჯვებულ შემსრულებელ კომპანიასთან მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება, მოხდეს საკითხის და რეალობის სწორად შეფასება და მიღებული იქნეს ახალი გადაწყვეტილებები.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა ადვოკატები“ თბილსიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტის მონიტორინგის პროცესში 2017 წლის მარტში ჩაერთო. ორგანიზაციამ 2017 წლის 6 აპრილს მონიტორინგის პირველადი შეფასებითი ნაწილი წარმოადგინა და აღნიშნა, რომ თბილისის გენერალური გეგმის განახლებული დოკუმენტი საჯარო ინტერესებს არ პასუხობდა. შესაბამისად, ორგანიზაცია საკითხზე მუშაობას აგრძელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system