თავში

EMC-ი ბუნებრივ რესურსებზე "ენკას" შეუზღუდავ უფლებებზე საუბრობს

EMC-ი ბუნებრივ რესურსებზე "ენკას" შეუზღუდავ უფლებებზე საუბრობს
EMC-ი ბუნებრივ რესურსებზე ენკას შეუზღუდავ უფლებებზე საუბრობს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დადებული ხელშეკრულების შესახებ ანალიზსს ავრცელებს. ორგანიზაციის განმარტებით, სახელმწიფოს მიერ კომპანიისათვის მიცემული არაერთი გარანტია და მხარდაჭერის პირობა, რამაც შესაძლებელი გახადა კანონმდებლობის მკაცრი მოთხოვნების გვერდის ავლით და ფორსირებულად, როგორც ძირითადი ნებართვების მიღების, ასევე მშენებლობის პროცესის დაწყება.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC)  მტკიცებით, ნამახვანჰესი ვერ უზრუნველყოფს ქვეყნისთვის უკეთეს ენერგო-ტარიფს და ენერგო-უსაფრთხოებას.

ორგანიზაცია ხელშეკრულების ანალიზის საფუძველზე ამტკიცებს, რომ კომპანია საქართველოს ბუნებრივ რესურსს ფაქტობრივად უსასყიდლოდ ითვისებს და არ იღებს ვალდებულებას, ენერგიის რეალიზება მოხდეს შიდა ბაზარზე, რაც აბათილებს ქვეყნის ენერგო-უსაფრთხოების თუ ეკონომიკური სარგებლის არგუმენტებსაც კი.

"იმ შესაძლო გარემოებების სია, რა შემთხვევაშიც კომპანია ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს სახელმწიფოსგან, განუსაზღვრელად ფართოა და უთანასწორო მდგომარეობაში ამყოფებს ქვეყანას იმის გამოც, რომ სახელმწიფოს კონტროლს მიღმა არსებული რისკების გადაზღვევას ითხოვს საბიუჯეტო სახსრებით. შეთანხმებით ფაქტობრივად ყველა შესაძლო ბიზნეს რისკი, კომპანიის სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტით არის დაზღვეული," - ვკითხულობთ დოკუმენტში. 

კომპანიის შეუზღუდავ უფლებებს ბუნებრივ რესურსებზე კი EMC-ის ასე ასაბუთებს:

მიწის რესურსი:

ხელშეკრულების მიხედვით: კომპანისათვის გადაცემული დაახლოებით 600 ჰა-მდე მიწის გარდა, მთავრობა ვალდებულია 1 ლარად გადასცეს კომპანიას სხვა “საჭირო მიწის ნაკვეთებიც”, მაშინაც კი თუ მიწას აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსი, რიონის ხეობის, რაჭა-ლეჩხუმისა თუ იმერეთის ფარგლებში.

ატომ არის პრობლემა: ხელშეკრულებაში ტერმინი „საჭირო მიწა“ განმარტებულია მეტისმეტად ფართოდ და მოიცავს იმ ნაკვეთებს, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ მშენებლობისთვის, არამედ წიაღისეული რესურსების (მათ შორის, ქვიშა-ხრეში) მოსაპოვებლად. ამასთან, მიწის „საჭიროებას“ ადგენს კომპანია, მისი განსაზღვრებები კი იმდენად ფართეა, რომ შეეხება რიონის ხეობას, რაჭა-ლეჩხუმსა და იმერეთს. თუ „საჭირო მიწა“ იქნება ისეთი კერძო პირის საკუთრებაში რაჭა-ლეჩხუმის ან იმერეთის ტერიტორიაზე და რიონის ხეობის ფარგლებში ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელიც გასხვისებაზე უარს იტყვის, სახელმწიფო ვალდებულია, ამ მიწის ექსპროპრიაციის/ჩამორთმევის გზით მოპოვებაშიც დაეხმაროს კომპანიას.

წყლის რესურსი:

ხელშეკრულების მიხედვით: კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს არა მხოლოდ რიონის და მისი შენაკადების, არამედ ასევე მდინარე ცხენისწყალის წყლის რესურსი. ამასთან, ხელშეკრულება შეიცავს ბუნდოვან ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, ცხეისწყლიდან კომპანიისთვის წყლის მიწოდების უზრუნველყოფა მთავრობის ვალდებულებაა. ასევე, მთავრობა იღებს პასუხისმგებლობას, რომ რიონის ზედა წელის გამოყენებით საფრთხე არ შეექმნება ნამახვანის გამომუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო აანაზღაურებს ყველა დანაკარგს.

ატომ არის პრობლემა: კომპანიას არანაირი ფინანსური ვალდებულება არ ეკისრება საქართველოს წყლის რესურსის გამოყენებისთვის. მეტიც, სახელმწიფოს დასჭირდება დამატებითი საბიუჯეტო დანახარჯების გაწევა იმისთვის, რომ ჰესს საკმარისი ჰიდრორესურსი ჰქონდეს მაქსიმალური გამომუშავების მისაღწევად სხვა მდინარის დახმარებით.

ხელშეკრულების მიხედვით: მთავრობა კომპანიას ათავისუფლებს კარიერებიდან ბუნებრივი რესურსების ან სხვა ნებისმიერი ბუნებრივი რესურსებისთვის საჭირო ლიცენზიის მოპოვების ვალდებულებისგან. ასევე, მთავრობა იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს კომპანიას მოჭრილი ხის მასალის დასაწყობების პროცესში.

ატომ არის პრობლემა: კომპანია უფლებამოსილია, შესაბამისი დასაბუთებით, ნებისმიერი ბუნებრივი რესურსი მოიპოვოს ლიცენზიის გარეშე. ასევე, უნდა ვივარაუდოთ, რომ კომპანიას შეუძლია, თავის სარგებლობა/საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე მოჭრას ხე-ტყე. 

ცნობისთვის, პარლამენტში, "ნამახვანჰესის" მშენებლობის საკითხზე შესაძლოა, მინისტრები დაიბარონ. საქმე ისაა, რომ ნამახვანი ჰესის მშენებლობას ადგილობრივი მოსახლეობა თვეებია აპროტესტებს. მათი მტკიცებით, რიონის ხეობის დატბორვა იგეგმება, რაც დაუშვებელია და ითხოვენ ჰესის მშენებლობის შეჩერებას. მათ სოლიდფარობას უცხადებს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საკუთარი პრეზიდენტობის დროს აქტიურად უჭერდა მხარს ჰესების მშენებლობის პოლიტიკას. სააკაშვილი ჯერ კიდევ 2012 წელს ენერგოდამოუკიდებლობისთვისა და სამუშაო ადგილების შექმნის საუკეთესო საშუალებად მიიჩნევდა ჰესების აქტიურ მშენებლობას, უშუალოდ ნამახვანიჰესზე კი ამბობდა, რომ მისი მშენებლკობის დაწყება ეროვნული სიამაყეა. ახლა კი სააკაშვილმა პოზოცია შეიცვალა და ამბობს, რომ, ბუნების გადარჩენა ბევრად აუცილებელია, ვიდრე ენერგოწარმოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის ზრდა.

ექსპერტებს აქვთ ეჭვი, რომ საპროტესტო აქციები ხელოვნურად არის მართული და მიაჩნიათ, სპექტაკლი სახელწოდებით "ჰესები" გვანადგურებს და უნდა დასრულდეს, მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მთავარი კომუნიკატორის როლი კი ხლისუფლებამ უნდა იტვირთოს. ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც, თუმცა მოგვიანებით გარემოს დაცვის სპეციალისტებმა ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდეს. სპეციალისტები უარყოფენ იმასაც, რომ "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს რაიმენაირ საფრთხეს უქმნის.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system