თავში

ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობას

ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობას
ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობას

ქართველი ეკონომისტების შეფასებით, ისრაელში მიმდინარე საომარი მოქმედებები და დაძაბულობა საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობებზე არ აისახება, თუმცა პოტენციური პროექტების განხორციელება შეიძლება გაჭიანურდეს. ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი report.ge-თან აღნიშნავს, რომ ისრაელი საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა იმისთვის, რომ მიმდინარე პროცესებს გაუმკლავდეს და ამავდროულად ეკონომიკური სტაბილურობა შეინარჩუნოს.

,,ისრაელში რაც ხდება, უაღრესად ნეგატიური პროცესია, მაგრამ საქონლისა და ფინანსების მოძრაობაზე, რაც უკვე ხელმოწერილია, უარყოფით გავლენას არ ველოდები. ვფიქრობ, არ გამოიწვევს ამ მხრივ ცვლილებას, რადგან ისრაელი არსებული მდგომარეობიდან გამოსვლას სწრაფად შეძლებს, საკმაოდ ძლიერი სახელმწიფოა იმისთვის, რომ არსებულ პრობლემას გაუმკლავდეს. თუმცა, სამომავლო პროექტებზე გავლენა მაინც ექნება. ბუნებრივი კატასტროფები, საომარი მოქმედებები და სხვა, ყოველთვის იწვევს ეკონომიკური დინამიკის გარკვეული დოზით შენელებას. ის, რაც დაგეგმილი იყო და ოფიციალურად არ გაფორმებულა, სავარაუდოდ, მათი განხორციელება დროში გაჭიანურედება. პროექტები შეიძლება გადაიდოს, სხვა მხრივ პრობლემას არ ველოდები", - ამბობს სოსო სიმონიშვილი.

საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობებში ცვლილებას არც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ვარაუდობს. 

,,პირველ რიგში, მშვიდობა და უსაფრთხოება მინდა ვუსურვო ისრაელის სახელმწიფოს, ხანგძლივი სამართლიანი მშვიდობის დამყარება ამ ქვეყანაში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში! რა თქმა უნდა, განვიცდით დაძაბულობის ესკალაციას, რაც ამ ქვეყანაში ხდება და ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო მხარდაჭერის შეწყობით, ეს დაძაბულობა მალე დამთავრდება. ცხადია, პროცესები ისრაელის თითოეულ მოქალაქეზე ნეგატიურად აისახება, მათ შორის ეკონომიკაშიც, თუმცა ისრაელი იმდენად ძლიერი სახელმწიფოა, რომ საომარი შეტევები მის მდგრადობას საფრხეს არ შეუქმნის. შესაბამისად რაიმე კორექციას საქართველო-ისრაელის ეკონომიკურ ურთიერთობებში არ ველოდები. რისკი ამ მხრივ ნამდვილად არ გვემუქრება", - აცხადებს report.ge-თან სოსო არჩვაძე.

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველო-ისრაელს შორის სავაჭრო ბრუნვა 18.7%-ით გაიზარდა და 33 მლნ დოლარს გაუტოლდა.  2021 წლის პირველ კვარტალში, იანვარ-მარტში, საქართველოს სავაჭრო ბრუნვა ისრაელთან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის არ შეცვლილა და ჯამში 7.2 მლნ დოლარს უტოლდება. აქედან ექსპორტი - 4.6 მლნ დოლარია, ხოლო იმპორტი - 2.6 მლნ დოლარი. რას ყიდის და ყიდულობს საქართველო ისრაელში, ნახეთ აქ. 

შეგახსენებთ, რომ იერუსალიმში დაპირისპირება პოლიციასა და პალესტინელებს შორის მეხუთე დღეა გრძელდება. არეულობა ისრაელის ხელისუფლების გეგმას უკავშირდება, რომელიც 70-ზე მეტი პალესტინელი ოჯახის გასახლებას აპირებს. 

ისრაელმა ღაზას სექტორზე სარაკეტო იერიში დღეს დილით განახორციელა. შეტევის შედეგად ცხრასართულიანი შენობა დაინგრა და 35 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ისრაელმა ღაზას სექტორზე შეტევა მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჰამასმა“ თელ-ავივისა და ცენტრალური ისრაელის ქალაქების მიმართულებით ათასზე მეტი რაკეტა გაუშვა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system