თავში

ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ

ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო
ენერგეტიკაში ინვესტიციების კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებენ

ენერგეტიკაში 2020 წელს $6 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩაიდო და კლება წინა წელთან -98%-ია. ამ სექტორში ინვესტიციების მასშტაბურ კლებას ჰესების საწინააღმდეგო კამპანიას უკავშირებს ეკონომიკის ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე თვეა ქვეყანაში მოსახლეობა პერმანენტული აქციებით ააპროტესტებს ნამახვანიჰესის მშენებლობას. ნამახვანიჰესი კი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება.

"გარდა იმისა, რომ ჩვენ ძალიან გვჭირდება ახალი ელექტროენერგიის გენერაცია უკვე არსებული უზარმაზარი დეფიციტის აღმოსაფხვრელად, ჩვენ უბრალოდ ინვესტიციებს ვკარგავთ, რაც თვისობრივად სხვა ქვეყანას მოგვცემდა რამდენიმე წელიწადში," - ამბობს მჭედლიშვილი და საკუთარი დაანგარიშებით ამტკიცებს, რომ ნამახვანიჰესისა და ჯამში 100 დაპაუზებული ჰესის არ აშენებით ქვეყანა კარგავს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გასვლის შანსს. ექსპერტი ენერგეტიკული მიმართულებით მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს და აქტიურობისკენ მოუწოდებს. ექსპერტი უხეშ კალკულაციას მიმართვას:

"ნათია თურნავამ ნამახვანის ჰესთან დაკავშირებული საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში განაცხადა, რომ დაახლოებით 100 ჰესის მშენებლობა არ იწყება ქვეყანაში ადგილობრივიი მოსახლოების წინააღმდეგობის გამო. თუკი დიდი, ნამახვანის 400 მეგავატი სიმძლავრის ჰესი ჯდება დაალოებით $800 მილიონი, ანუ ერთი მეგავატის მშენებლობა $2 მილიონი, შეგვიძლია უხეში დათვლებით შევაფასოთმ რამდენი შეიძლება დაჯდეს ამ ხსენებული 100 ჰესის მშენებლობა მთლიანობაში. რა თქმა უნდა, ყველა ეს ჰესი ნამახვანის სიდიდის არ არის, და იქნება საუშალო და პატარებიც, მაგრამ, ჩემი შეფასებით, თუკი საშუალოდ ერთი ჰესის აშენება $100 მილიონი დაჯდება, მაშინ ქვეყანა დაახლოებიით $10 მილიარდის ინვესტიციას კარგავს. ისევ უხეშად რომ შევაფასოთ, ერთი ჰესის მშენებლობა რომ გაიწელოს დაახლოებით ხუთი წელი, გამოდის, რომ ქვეყანა წელიწადში $2 მილიარდის ინვესტიციებს კარგავს, ეს კი მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 5 პროცენტი უნდა იყოს (მიახლოებით, იმპორტის გათვალისწინებით). ანუ, რა გამოდის? ქვეყნის ეკონომიკური ზრდა საშუალო 5 პროცენტის მაგივრად გვექნებოდა 10 პროცენტის ფარგლებში. შეიძლება მეტიც, დასათვლელია კარგად. მთავრობა რას აკეთებს ენერგეტიკის მიმართულებით? - არც არაფერს. ქვეყანაში და ხელისუფლებაში უნდა ესმოდეთ, რომ უსაფრთხოება მარტო ჯარი არ არის. მეტიც, უსაფრთოხება ქვეყნის ეკონომიკაზე და განათლებაზე უფრო მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე ჯარზე. ამის მაგალითი კი უამრავია მსოფლიოში, ქვეყნებს პრაქტიკულად ჯარი არ ჰყავთ, მაგრამ დაცულნი არიან, იმიტომ რომ მსოფლიოს დომინანტი ქვეყნების ინტერესის სფეროში არიან: სინგაპური, ტაივანი, იაპონია, სამხრეთ კორეა, კუვეიტი. რა გააკეთა მთავრობამ მოსახლეობასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით?  - არც არაფერი. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა გუშინ პარლამენტში, რომ კანონი მათ მოსახლეობასთან ორჯერ შეხვედრას ავალდებულებდათ, მაგრამ შეხვდნენ გაცილებით მეტჯერ. ანუ, გეგმა გადაჭარბებით შეუსრულებიათ, მაგრამ შედეგი - ნული. ესეთი მიდგომებით ქვეყანა და ენერგეტიკა წინ ვერ წავა," - ამბობს მჭედლიშვილი. 

ანალოგიური პოზიცია აქვს ეკონომისტ ნუგზარ დვალსაც. მისი განმარტებით, საქართველოს პოტენციური ჰიდრო რესურსი 15 000 მეგავატია, ათვისებულია მხოლოდ 20%, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ 10 000 მეგა ვატი ასაშენებელია, რაც დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა. 

"აი რას ვკარგავთ. ფაქტობრივად, ეს ერთადერთი ბუნებრივი რესურსი გვაქვს, რომელსაც ეკონომიკაზე რეალური გავლენის მოხდენა შეუძლია და იმასაც ვაძინებთ," - ამბობს დვალი.

2020 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, რა პრეტენზიები აქვთ ჰესის წინააღმდეგ, რა ეტაპზეა ახლა ნამახვანიჰესის პროექტი, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system