თავში

ენერგეტიკის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს - დავით თვალაბეიშვილი

ენერგეტიკის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს - დავით თვალაბეიშვილი
ენერგეტიკის რეფორმა წარმატებით მიმდინარეობს - დავით თვალაბეიშვილი

"ენერგეტიკის რეფორმა, რომლის ამოცანა სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლისთვის მომსახურების გაუმჯობესებაა, წარმატებით მიმდინარეობს," - ასე პასუხობს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი "აფბას" განცხადებს, რომ ენერგეტიკლული რეფორმა ჩავარდა და ენერგეტიკული ბირჟა 1 ივლისს ვერ ამოქმედდება. თვალაბეიშვილის თქმით, ახალი ბაზრის მოდელის კონცეფციით ბაზრის გახსნისთვის დაგეგმილი ეტაპების მიხედვით, უნდა გაიზარდოს იმ მომხმარებელთა და, ასევე, გენერაციის მოცულობის წილი, რომლებიც ვაჭრობენ ენერგეტიკულ ბაზრებზე

„როგორც ცნობილია, საქართველოში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით ხორციელდება ენერგეტიკული სექტორის უმნიშვნელოვანესი რეფორმა, რომლის ამოცანაა ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ჩამოყალიბება, ენერგეტიკის სექტორში კონკურენტული გარემოს შექმნა და მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ენერგეტიკული რეფორმა, პირიქით, მიმდინარეობს წარმატებით. უკვე მიღებულია ყველა მარეგულირებელი ნორმა და წესი, რომლებიც აუცილებელია ორგანიზებული ენერგეტიკული ბაზრების ფუნქციონირებისათვის. ასევე განხორციელდა გამანაწილებელი კომპანიების გაყოფა (ანბანდლინგი) და დასასრულს უახლოვდება უნივერსალური მიმწოდებლების დაფუძნება, რაც მოსახლეობის, ასევე მცირე ბიზნესის დაცვის გარანტიაა. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო პირველი ქვეყანაა რეგიონში, სადაც ენერგეტიკული ბაზრის გახსნის მიზნით დაფუძნდა ენერგეტიკული ბირჟა, ასევე მოხდა ენერგიის ვაჭრობის ევროპული პლატფორმის ადაპტირება, ჩატარდა ენერგეტიკული ბირჟის მონაწილე კომპანიების ტრენინგები და ა.შ. ამჟამად ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში მუშაობს. ეს უმნიშვნელოვანესი სისტემა სრულფასოვნად დაახლოებით 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, როდესაც ქვეყნის ენერგეტიკული ბაზარი აღდგება პანდემიით გამოწვეული გავლენების განეიტრალების შედეგად,“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.

ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავა ამბობს, რომ ყველაფერი კეთდება ბირჟის 1-ლი ივლისიდან სრულად ამოქმედებისთვის, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად იქნებიან თავად კომპანიებიც. ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ნაწილის განმარტებით, პლატფორმაზე ვაჭრობისთვის მზად არაა და კომპანიების ნაწილი რეფორმის დროებით გადავადებას ითხოვენ. ცნობისთვის, ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის ფარგლებში, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება წელს 1-ლი ივლისიდანაა დაგეგმილი.

სპეციალისტების ნაწილი ბირჟის ამოქმედებაში რისკებსაც ხედავს. მათი თქმით, ბაზრის სიმწირიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ბირჟის ამოქმედების შემდეგ, პირველი რამდენიმე თვის, ან თუნდაც 1-2 წლის განმავლობაში იყოს, ასე ვთქვათ, არასამართლიანი და სპეკულატიური ფასის ჩამოყალიბების მცდელობები.ენერგეტიკოსების ახსნით, ამჟამად ჩვენს კალათაში დიდია იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, მიწოდება იმდენი არ გვაქვს, რამდენიც მოთხოვნა არის და სწორედ ამ გარემოებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეულწილად სპეკულატიური რისკები, რასაც, სპეციალისტების რეკომენდაციით, გამართული მენეჯმენტი სჭირდება. მათივე მტკიცებით, ბირჟის ამოქმედება, მისი ოპერირება და მონიტორინგი დღეს მთავარი გამოწვევაა.

საერთო ჯამში ბიზნესი ელექტროენერგეტიკის რეფორმას იწონებს.

საქართველო ევრო დირექტივების და ენერგო გაერთიანებების დირექტივების შესაბამისად, უკვე ატარებს ლიბერალურ ბაზარზე გადასვლის პოლიტიკას. შესაბამისად, ბირჟის ამოქმედება და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ბაზარზე ჩამოყალიბდება, ერთი მხრივ, სამართლიანი ფასები, რომელიც იქნება დაფუძნებული მოთხოვნა-მიწოდების მოდელზე, ხოლო, მეორე მხრივ, გენერაციის ობიექტებს მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთვის სასარგებლო და მისაღებ ფასებში გაყიდონ ის ელექტროენერგია, რომელსაც ისინი გამოიმუშავებენ.

ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამუშავდება. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.

კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაის სავაჭრო პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირების შესაძლებლობა 15 სექტემბრიდან აქვთ. ბირჟაზე ლიცენზია სემეკმა მაისში გასცა. ლიცენზიამ ენერგეტიკულ ბირჟას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო, რაც წარმეტებით განხორციელდა. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

როგორც ცნობილია, მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის ზრდაში გერმანია დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განმარტა, რომ ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა.

რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის რეფორმით, რა გაკეთდა და რა იგეგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის, რამდენად სწორია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, როგორ უახლოვდება ქართული ენერგობაზარი ევროპულს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი საქართველოს ენერგეტიკის შესახებ, გაიგეთ report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system