თავში

ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები და გარიგებები გაიფილტრება

ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები და გარიგებები გაიფილტრება
ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები და გარიგებები გაიფილტრება

ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციები გაიფილტრება. ამას ითვალისწინებს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ" კანონპროექტი, რომელიც კორექტირდა და მიმდინარე კვირაში პარლამენტმა რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილოს. 

კანონპროექტი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიას(სემეკ)  მანდატს უფართოებს, ანუ სემეკს ახალი კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ენერგოკომპანიებში 5%-ზე მეტი წილის გასხვისების პროცესის წინასწარი შეფასების და გარიგების შეჩერების უფლება მიენიჭება.

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარამიანია განმარტავს, ამ უფლებას მარეგულირებელი მაშინ გამოიყენებს, თუკი აღმოაჩენს, რომ გარიგება, რომელიც ენერგეტიკის სექტორს უკავშირდება ოკუპანტი ქვეყნის იურიდიული პირის მეშვეობით ან ოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოსული თანხებით ხდება. 

ახალი დათქმით, სემეკს ექნება 3-თვიანი ვადა იმისთვის, რათა კომპანიას მისცეს დასტური წილის რეალიზაციასთან დაკავშირებით. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია ამბობს, რომ ამ ცვლილების საჭიროება წარსული გამოცდილებაა და მაგალითად "ყაზტრანსგაზის" ენერგობაზარზე შემოყვანას ასახელებს.

"არსებობს გამოცდილება წინა ხელისუფლებიდან, წინა მთავრობის პირობებში განხორციელებული რამდენიმე გარიგება, რომელმაც ნეგატიური გავლენა იქონია ამ სისტემაზე. ამის მაგალითად, ვთქვათ, მაშინდელი "ყაზტრანსგაზის" თემაც საკმარისია. ასევე, არსებობდა მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვასთან დაკავშირებით მაშინდელი ხელისუფლების ინიციატივა, რომელიც შეჩერდა, თუმცა ყველა ასეთი ინიციატივა, რომელიც შესაძლოა იყოს არასასურველი და მომხმარებელთა ინტერესების დაცვაზე იქონიოს ნეგატიური გავლენა; ეს კანონპროექტი კი, იქნება იმისთვის, რათა არ გაუარესდეს მდგომარეობა,” - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და განმარტავს, რომ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნების იურიდიულ პირებთან მიმართებით არ იმოქმედებს კანონპროექტით გათვალისწინებული შეზღუდვები. 

რაც შეეხება საკუთრების უფლებას, ამასთანთან დაკავშირებით ნარმანია აცხადებს, რომ ცვლილება საკუთრების უფლების შელახვას არ იწვევს.

"ეს არანაირად არ ლახავს საკუთრების უფლებას. აქ საუბარია იმაზე, რომ თუ პირმა წარმოადგინა ინფორმაცია და მარეგულირებელმა კომისიამ დაინახა ის, რომ ამ ინფორმაციაში რაღაც არის ან ხარვეზიანი, ან არასწორად წარმოდგენილი, ასეთ შემთხვევაში მას შეუძლია დაუბრუნოს უკან ან მიუთითოს ხარვეზის შესახებ და უკან დააბრუნოს შევსებული დოკუმენტი, მაგრამ თუ შეგნებულად არის ინფორმაცია დამალული, თუ აქ ვნახავთ, რომ ოკუპანტი სახელმწიფოს წევრია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან წამოსული ფულია, ან სხვა ისეთი რამ არის, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება, ასეთ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, რომ უარი ვუთხრათ ამ გარიგებაზე, რატომ ლახავს ეს საკუთრების უფლებას? წილს განა კარგავს მესაკუთრე, უბრალოდ, იმაზე ვერ გაასხვისებს და გაასხვისებს სხვაზე,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

კანონპროექტი, საქართველოს პარლამენტში სემეკმა 13 ივნისს წარადგინა. დეპუტატებს დავით ნარმანიამ დეტალურად განუმარტა, რატომ იზრდება სემეკის უფლებამოსილება

ცვლილებების მიზეზად ნერგოუსაფრთხოების ზრდა და მომხმარებელების უფლებების დაცვა სახელდება.

შეგახსენებთ, მთავრობამ ელექტროსადგურების, განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის ახალი მექანიზმი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც მცირე და საშუალო ჰიდროსადგურებში ინვესტიციის ჩადების მსურველი პირები და კომპანიები ივაჭრებენ ამ ბირჟაზე და შემოსავალთან ერთად, გამომუშავებული ელექტროენერგიის 1 კვ/ს ენერგიაზე 1.5 აშშ ცენტს მიიღებენ. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს ევროპული პრაქტიკაა, რითაც უფრო მიმზიდველი გახდება ინვესტირება საქართველოს ენერგეტიკაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system