თავში

ენერგეტიკული ბირჟა ზაფხულიდან ამუშავდება

ენერგეტიკული ბირჟა ზაფხულიდან ამუშავდება
ენერგეტიკული ბირჟა ზაფხულიდან ამუშავდება

„ზაფხულიდან ფუნქციონირებას დაიწყებს ენერგეტიკული ბირჟა, როგორც ეს ევროპული მოდელით არის წარმოდგენილი. ამასთან, „თელასს“ და „ენერგოპროს“ გამოეყოფა ელექტროენერგიის მიწოდების ნაწილი და ისინი იქნებიან მხოლოდ ქსელის მფლობელები“,- ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკი) აცხადებენ. 

როგორც სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია განმარტავს, ცვლილება უკვე 2021 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება, მისივე თქმით, მომხმარებლები მიმწოდებლის ცვლილებით რაიმე უხერხულობას არ იგრძნობენ.

„გამომდინარე იქიდან, რომ 2019 წელს ამოქმედდა ახალი კანონი, უნდა მოხდეს კომპანიების გაყოფა. ერთი და იგივე კომპანია ვეღარ იქნება ქსელის მეპატრონეც და ელექტროენერგიის მიმწოდებელიც. ეს ნორმა ძალაში 2021 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა შესულიყო, თუმცა, იქიდან გამომდინარე რომ ეს რეფორმა ძალიან მრავალკომპონენტიანია, თავად კომპანიებმაც გამოთქვეს ეჭვები, რომ ეს ყველაფერი შეიძლება 1-ელ იანვრამდე ვერ მოგვესწრო. მათ გაყოფასთან დაკავშირებით, ერთი ნაწილი უკვე მივიღეთ დეკემბერში, შემდგომი ნაბიჯი კი არის რომ - მთავრობამ უნდა დაასახელოს უნივერსალური მიმწოდებელი ელექტროენერგიისა, ეს იქნება კერძო თუ სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია, უნდა შემოვიდეს მარეგულირებელ კომისიაში, უნდა გავცეთ მასზე ლიცენზია, შემდეგ ამ კომპანიამ უნდა მოგვმართოს საფასურის დადგენის მოთხოვნით, სემეკმა უნდა დაუდგინოს ეს საფასური და მხოლოდ ამის შემდეგ შევა ეს მოდელი ძალაში. შესაბამისად, მოხდა 6 თვით ამ რეფორმის გადავადება. 6 თვეში ასევე ძალაში შედის ენერგეტიკული ბირჟა. ეს ორი პროცესი ერთმანეთს დაემთხვევა და ზაფხულიდან გვექნება ახალი მოდელი. შედეგად, თუ დღეს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს ელექტროენერგიას „თელასი“ და ენერგო პრო“ აწვდის, ზაფხულიდან მიმწოდებელი იქნება სხვა თუმცა, ამას მომხმარებლები ვერ იგრძნობენ," - განმარტავს ნარმანია. 

ენერგეტიკოსის შეფასებით, საქართველოში ენერგეტიკული ბირჟის დაფუძნება ამ დარგში ინვესტიციებზეც დადებითად აისახება.

"ენერგეტიკული ბირჟა ძალიან კარგი, თანამედროვე მექანიზმია, რის განაცდიდ სარგებელს უნდა ველოდოთ. პგი ხელს უწყობს, რომ გარემო უფრო კონკურენტული გახდეს და ხარისხის სტანდარტი გაუმჯობესდეს. ცხადია, ფასზეც დადებით გავლენას მოახდენს, რადგან გაცილებით ცივილიზებული ფორმით გახდება შესაძლებელი ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვა. ენერგეტიკული ბირჟის შექმნა ამ მხრივ საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი სიახლე. ენერგეტიკული პროცესები გახდება უფრო გამჭვირვალე, რაც სავარაუდოდ, ინვესტიციებზეც მოახდენს გავლენას", - ამბობს ექსპერტი ენერგეტიკაში გია არაბიძე.

მთავრობა დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.

კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაის სავაჭრო პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში  დარეგისტრირების შესაძლებლობა 15 სექტემბრიდან აქვთ. ბირჟაზე ლიცენზია სემეკმა მაისში გასცა. ლიცენზიამ ენერგეტიკულ ბირჟას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო, რაც წარმეტებით განხორციელდა. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება. 

როგორც ცნობილია, მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის ზრდაში გერმანია დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განმარტა, რომ ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა.

რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის რეფორმით, რა გაკეთდა და რა იგეგმება  საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის, რამდენად სწორია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, როგორ უახლოვდება ქართული ენერგობაზარი ევროპულს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი საქართველოს ენერგეტიკის შესახებ, გაიგეთ report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system