თავში

ენერგეტიკული ბირჟის 1 ივლისს ამოქმედებას ეჭვქვეშ აყენებენ

ენერგეტიკული ბირჟის 1 ივლისს ამოქმედებას ეჭვქვეშ აყენებენ
ენერგეტიკული ბირჟის 1 ივლისს ამოქმედებას ეჭვქვეშ აყენებენ

არასამთავრობო ორგანიზაცია, „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ ("აფბა")  აცხადებს, რომ ენერგეტიკული ჩავარდა და ენერგეტიკული ბირჟა, სავარაუდოდ, 1-ელ ივლისს ვერ ამოქმედდება.  ორგანიზაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, დანიშნოს საპარლამენტო მოსმენა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დათქმულ ვადებში რეალურად ვერამოქმედების მიზეზების გარკვევის მიზნით.

როგორც „აფბას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეკონომიკისა და ენერგეტიკის დარგის განვითარება თვითდინებით ხდება.

„ენერეგეტიკაში არსებული ვითარებით და დარგის განვითარებით დაინტერესებული საზოგადოება ელის 2021 წლის 1 ივლისს, როცა რეალურ რეჟიმში უნდა ამოქმედდეს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“. ანალიტიკოსები და დარგის სპეციალისტები ბაზრის ამ რეფორმიდან, საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვან სასიკეთო იმპულსებს ელიან, ისეთებს, როგორიცაა ელექტროენერგიით ვაჭრობის ბაზარზე ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნა, სამართლიანი ფასწარმოქმნის დამკვიდრება და კორუფციული დაშვებების მინიმუმამდე დაყვანა.

„აფბა“, აქტიურად სწავლობს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროცესებს, მათ შორის საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებულ საკითხებს და შეგვიძლია ვთქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ენეგეტიკული ბირჟის ეფექტურად ამოქმედებისთვის, საკმარისზე მეტი დრო იყო (3 წელი რეფორმის მოსამზადებელი უწყებათშორისი ჯგუფები მუშაობდნენ საკითხზე, ხოლო წელიწადზე მეტია, რაც უკვე საკუთრივ ბირჟა ჩამოყალიბდა) პასუხისმგებელმა პირებმა ვერ მოახერხეს დროში სწორად გაეთვალათ რეფორმის ეტაპები. მათ ვერ შეძლეს, რომ დამოუკიდებლად თუ სახელმწიფოს რაიმე ფორმით მონაწილეობით, ბაზრის ფიგურანტები, ტექნიკური თვალსაზრისით, დროულად მომზადებულიყვნენ რეფორმისთვის.

სამწუხაროდ, ჩვენ დღესვე შეგვიძლია დანანებით აღვნიშნოთ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ეს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა ვადებში ვერ ეტევა. ამ ყველაფერზე კი პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება, როგორც „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მენეჯმენტს, ასევე „ესკოს“ (ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი) და სსე-ს (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა), რომლებიც „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დამფუძნებლები არიან. ამასთან პასუხისმგებლობის გაზიარება მოუწევთ ეკონომიკისა და ენერგეტიკის დარგის ხელმძღვანელობასაც.

უკვე ნათელია, რომ დარგის განვითარება თვითდინებით ხდება და ყველა მნიშვნელოვანი პროექტი, განახლებადი ენერგიების სადგურებისა და მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობის, ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების ჩათვლით, შეყოვნებული ან ჩაშლილია დარგის ხელმძღვანელობის სრული ვერტიკალის მონაწილეობით ან უმოქმედობით.

სამწუხაროდ, ის რაც ახლა ხდება, „აფბასთვის“ მოულოდნელი არ არის, რამდენადაც ჩვენთვის ცხადია, რომ დარგში, სადაც გამჭვირვალობისადმი დამოკიდებულება აგდებულია და სადაც საზოგადოებისადმი ანგარიშვალდებულება ნულამდეა დასული, მუდამ იქნება მსგავსი და უარესი ფაქტები. შეგახსენებთ, მხოლოდ ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, როგორც ესკოს, ისე სსე-ს მხრიდან საკუთრივ ჩვენმა ორგანიზაციამ ვერ მიიღო პასუხები ელემენტარულ კითხვებზე -თუ რატომ არ ქვეყნდება იმპორტირებული ელექტროენერგიის ჩაშლილი ტარიფები, ანუ საკონტრაქტო ფასი და რა მდგომარეობაა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ მხარდაჭერილი კონკრეტული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში ჩატევის და თანხების ათვისების თვალსაზრისით.

აქვე ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ ის გარემოება, რომ სსე-ს საქმიანობით დაინტერესებულია საქართველოს მთავარი პროკურატურა, რაც ამყარებს ეჭვს იმის შესახებ, რომ კომპანიაში ადგილი აქვს კანონთან შეუსაბამო ქმედებებსა თუ სავარაუდო კორუფციულ ქმედებებს. ჩვენი ორგანიზაციის მხრიდან არაერთხელ გაკეთებულა განცხადება, რომ დარგში მიმდინარე პროცესებზე ინფორმირებულობის მაქსიმალური სტანდარტის დამკვიდრება, პირველ რიგში, სახელმწიფოს ინტერესებში შედის.

„ენერგეტიკული ბირჟის“ რეფორმის ჩავარდნის ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რთული სათქმელია, რასთან გვაქვს საქმე - არაპროფესიონალიზმთან, საქმისადმი გულგრილ დამოკიდებულებასთან, არაკომპეტენტურობასთან თუ კიდევ რაიმე უფრო მძიმე მოვლენასთან, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით, სავარაუდოა, რომ ბირჟის რეალურ რეჟიმში ამოქმედების მრავალგზის საზეიმოდ დაანონსებული თარიღი მრავალი თვით გადაიწევს. ეჭვს ბადებს ის გარემოებებიც, რომ ბირჟის ამოქმედების დროში გადავადება უკვე მეორედ ხდება და ამ ჩავარდნის გამო არცერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა.

ჩვენ მივმართავთ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ კახა კუჭავას, რათა მან უზრუნველყოს „ენერგეტიკული ბირჟის“ რეფორმის ფაქტობრივი ჩავარდნის მიზეზების დასადგენად ღია და საჯარო საპარლამენტო მოსმენა, სადაც წარმოდგენილი იქნება როგორც ბირჟის მენეჯმენტი, ისე მისი დამფუძნებელი ორგანიზაციების -ესკოსა და სსე-ს პირველი პირები, დარგის ხელმძღვანელი პირები, ვისი უშუალო პასუხისმგებლობაც არის ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის წარმატებით განხორციელება.

ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ღია, საჯარო და გულწრფელ დისკუსიაში შეიძლება გამოიკვეთოს ის რეალური მიზეზები, თუ რატომ ვარდება პრაქტიკულად ყველა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პროექტი და რეფორმა. მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი გამოსავლის პოვნა“, - ნათქვამია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system