თავში

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება შეიძლება გადავადდეს

ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება შეიძლება გადავადდეს
ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება შეიძლება გადავადდეს

"ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ბირჟა 1-ლი ივლისიდან სრულად ამოქმედდეს, თუმცა ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენად მზად იქნებიან თავად კომპანიებიც“, - ამის შესახებ აცხდებს ენერგეტიკული ბირჟის დირექტორი, ირინა მილორავა.

საქმე ისაა, რომ  ენერგეტიკული ბაზრის მონაწილეთა ნაწილის განმარტებით, პლატფორმაზე ვაჭრობისთვის მზად არაა და კომპანიების ნაწილი რეფორმის დროებით გადავადებას ითხოვენ, არადა ელექტროენერგეტიკული სექტორის რეფორმის ფარგლებში,  ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება წელს 1-ლი ივლისიდანაა დაგეგმილი. ამ ბირჟაზე მსხვილმა საწარმოებმა და გენერაციის ობიექტებმა ელექტროენერგიით უნდა ივაჭრონ, ანუ, 1-ლი ივლისიდან დამატებით 23 მსხვილი საწარმო თავისუფალ ბაზარზე უნდა გავიდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ელექტროენერგია პირდაპირ გენერაციის ობიექტებისგან ან ესკოსგან უნდა იყიდონ. კომპანიებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა ენერგეტიკულ ბირჟაზე ივაჭრონ. 

ბირჟა ამჟამად სატესტო რეჟიმში მუშაობს. 

„დავიწყეთ კომპლექსური ტესტირებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მონაწილეები ვაჭრობენ როგორც ბირჟაზე, ასევე საბალანსო ბაზარზე. ეს სატესტო რეჟიმი გვაჩვენებს ყველაფერს. ქვეყნები ამ მოდელზე წლების განმავლობაში გადადიოდნენ, ჩვენ საკმაოდ ამბიციური ვადები გვაქვს აღებული,"  – განაცხადა ენერგეტიკული ბირჟის დირექტორმა.

სპეციალისტების ნაწილი ბირჟის ამოქმედებაში რისკებსაც ხედავს. მათი თქმით, ბაზრის სიმწირიდან გამომდინარე, არსებობს რისკი, რომ ბირჟის ამოქმედების შემდეგ, პირველი რამდენიმე თვის, ან თუნდაც 1-2 წლის განმავლობაში იყოს, ასე ვთქვათ, არასამართლიანი და სპეკულატიური ფასის ჩამოყალიბების მცდელობები.ენერგეტიკოსების ახსნით, ამჟამად ჩვენს კალათაში დიდია იმპორტირებული ელექტროენერგიის ფასი, მიწოდება იმდენი არ გვაქვს, რამდენიც მოთხოვნა არის და სწორედ ამ გარემოებამ, შესაძლოა, გამოიწვიოს გარკვეულწილად სპეკულატიური რისკები, რასაც, სპეციალისტების რეკომენდაციით, გამართული მენეჯმენტი სჭირდება. მათივე მტკიცებით, ბირჟის ამოქმედება, მისი ოპერირება და მონიტორინგი დღეს მთავარი გამოწვევაა.

საერთო ჯამში ბიზნესი ელექტროენერგეტიკის რეფორმას იწონებს.

ცნობისთვის, საქართველო ევრო დირექტივების და ენერგო გაერთიანებების დირექტივების შესაბამისად, უკვე ატარებს ლიბერალურ ბაზარზე გადასვლის პოლიტიკას. შესაბამისად, ბირჟის ამოქმედება და ჰორიზონტალურად ინტეგრირებულ კონკურენტულ ბაზარზე გადასვლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს იმას, რომ ბაზარზე ჩამოყალიბდება, ერთი მხრივ, სამართლიანი ფასები, რომელიც იქნება დაფუძნებული მოთხოვნა-მიწოდების მოდელზე, ხოლო, მეორე მხრივ, გენერაციის ობიექტებს მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთვის სასარგებლო და მისაღებ ფასებში გაყიდონ ის ელექტროენერგია, რომელსაც ისინი გამოიმუშავებენ.

ენერგეტიკული ბირჟა მიმდინარე წლის ზაფხულიდან ამუშავდება. მთავრობა დარწმუნებულია, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება უზრუნველყოფს ენერგეტიკულ ბაზარზე კონკურენტული და ღია ბაზრის პრინციპების დანერგვას.

კომპანიებს ენერგეტიკულ ბირჟაის სავაჭრო პლატფორმაზე სატესტო რეჟიმში დარეგისტრირების შესაძლებლობა 15 სექტემბრიდან აქვთ. ბირჟაზე ლიცენზია სემეკმა მაისში გასცა. ლიცენზიამ ენერგეტიკულ ბირჟას გარკვეული ვალდებულებები დააკისრა. პირველი და მთავარი ვალდებულება ბაზრის წესების წარდგენა იყო, რაც წარმეტებით განხორციელდა. აგვისტოდან ბირჟას უკვე აქვს დღით ადრე და დღიური ბაზრის წესები. დღით ადრე ბაზრის წესების თანახმად, მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, რომ მაგალითად, დღეს დღის 12 საათამდე გააკეთონ განაცხადი ხვალინდელი დღის თითოეულ საათთან ვაჭრობასთან დაკავშირებით. მთავარი სიახლე სწორედ საათობრივი ვაჭრობაა, შესაბამისად, მომავალ ბაზრებზე ფასი ჩამოყალიბდება საათობრივად. ამჯამად კი ენერგობაზარზე ყოვეთვიური ანგარიშსწორების წესი მოქმედებს და ფასი თვიურ ჭრილში დგინდება.

როგორც ცნობილია, მთავრობა წელს ელექტროენერგიის მოხმარების 3%-იან ზრდას ვარაუდობს.

მნიშვნელოვანი სიახლეა ისიც, რომ საქართველოს განახლებადი ენერგიის ზრდაში გერმანია დაეხმარება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, რამდენიმე დღის წინ, პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ მოსმენაზე გამოსვლისას განმარტა, რომ ენერგეტიკის რეფორმის მთავარი ამოცანაა მეტი კონკურენცია და მომხმარებლის უფლებების დაცვა.

რას გეგმავს მთავრობა ენერგეტიკის რეფორმით, რა გაკეთდა და რა იგეგმება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის ზრდისთვის, რამდენად სწორია ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია, როგორ უახლოვდება ქართული ენერგობაზარი ევროპულს და სხვა მნიშვნელოვანი დეტალი საქართველოს ენერგეტიკის შესახებ, გაიგეთ report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system