თავში

ენგურჰესის რეაბილიტაცია 45 მლნ ევრო ჯდება

ენგურჰესის რეაბილიტაცია 45 მლნ ევრო ჯდება
ენგურჰესის რეაბილიტაცია 45 მლნ ევრო ჯდება

ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ სარეაბილიტაციო - სარემონტო სამუშაოების მიზნით ხვალიდან 2021 ელის 20 იანვრიდან გაჩერდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განმარტებით, აქართველოს უმსხვილეს ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ განხორციელდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, სადგურის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის აუცილებელი გახდა მისი დროებითი გაჩერება. ამისთვის ოპტიმალური პერიოდი შეირჩა, როდესაც „ენგურჰესში“ წყლის რესურსი მინიმალურია - ამავე დროს, პროექტი მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით განხორციელდება, რათა სადგური ექსპლუატაციაში 2021 წლის 1-ელი მაისს გაეშვას.

მინისტრ თურნავას თქმით, ენგურჰესზე სარემონტო - სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა შეზღუდულ ვადებში მოხდეს სამუშაოების შესრულება და ენგურჰესის დროული ამუშავება.

რეაბილიტაციის პროექტის სრული ღირებულება 45 მლნ ევროა, საიდანაც 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო კი - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის საფინანსო რესურსი.

პროექტის ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად სადერივაციო გვირაბის რემონტი სახელდება. სწორედ მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. შესაბამისად, გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად არის აუცილებელი. სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, გუშინ მინისტრმა ნათია თურნავამ დეტალური ინფორმაცია აღნიშნული მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო - სარემონტო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა.

შეხვედრაზე სარემონტო - სარეაბილიტაციო პროექტში გამარჯვებული გერმანული, ქართული და თურქული კომპანიების წარმომადგენლებმა წარმოადგინეს დეტალური ინფორმაცია უკვე განხორციელებული მოსამზადებელი და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი, სს „სახელმწიფო ელექტროსისტემის" მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე უჩა უჩანეიშვილი, ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის გენერალური დირექტორი ზაზა დვალიშვილი, შპს „ენგურჰესის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია და სხვა ოფიციალური პირები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system