თავში

"ენკა" ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

"ენკა" ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით
ენკა ნამახვანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია „ენკა“ (ENKA) საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს მიმართავს და განმარტავს, რომ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ წარდგენილი პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა. მათი განმარტებით, არასწორია პეტიციის ავტორთა მტკიცება, თითქოს „ნამახვანის კასკადი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონის მდგრად განვითარებას“, რადგან მოკლებულია ყოველგვარ დასაბუთებასა და მყარ არგუმენტებს.

"ჩვენ პატივს ვცემთ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მიზანმიმართულ კამპანიასთან, რომლის ერთადერთი ამოცანაა – 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტის სრული გაჩერება.

კომპანია ENKA-ს ქვემო ნამახვანჰესთან მიმართებაში, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს, ასევე “მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის” ნორმებსა და სტანდარტებთან.

კომპანიას, საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში აღებული აქვს პასუხისმგებლობა, როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებაზე, ასევე 1600 მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმებაზე, პროექტის არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის მიწებისა და ქონების დაკომპენსირებაზე (რაშიც დღევანდელი მდგომარეობით 30 მილიონამდე ლარი იქნა დახარჯული), 28 კმ ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე (ჯამური ღირებულება 200 მილიონი ლარი), მრავალი სოციალური პროექტის განხორციელებაზე და სხვა. ინვესტორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს და პირნათლად ასრულებს მათ.

ნამახვანჰესის პროექტი ქართული ენერგოსექტორის დამოუკიდებლობისთვისა და უსაფრთხოებისთვის საკვანძო მნიშვნელობას შეიცავს – კასკადის წლიური გამომუშავება 1,500.00 გგვტ.სთ იქნება, რაც წლიური მოხმარების 12%-ს აღწევს. ამასთანავე, პროექტი ორ მეგობარ ქვეყანას შორის, რომელთაც ერთმანეთთან სტრატეგიული ინტერესები აკავშირებთ, თანამშრომლობის უმაღლესი გამოხატულებაა. პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, მისმა გაჩერებამ კი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგია მოსახლეობის ნაწილი. ბოლო დროს ქვეყანაში პერმანენტული აქციები იმართება ნამახვანი ჰესისი მშენებლობის წინააღმდე. ექსპერტებს აქვთ ეჭვი, რომ საპროტესტო აქციები ხელოვნურად არის მართული და მიაჩნიათ, რომ მოსახლეობასა და ინვესტორს შორის მთავარი კომუნიკატორის როლი ხლისუფლებამ უნდა იტვირთოს.

ნამახვანის ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთში ნოემბრიდან დაიწყო. ადგილობრივები ჰესის მშენებლობაზე 2015 წელს გაცემული ნებართვის გაუქმებას ითხოვენ. გარემოსდამცველებისა და დარგის სპეციალისტების ნაწილის აზრით, ჰესების კასკადი საფრთხეს შეუქმნის რეგიონის კლიმატს და ეკოსისტემას; ნამახვანის ჰესი დატბორავს მიმდებარე სოფლებს, საფრთხეს უქმნის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას და, დაზიანების შემთხვევაში, სეისმოლოგების თქმით, დამანგრეველი იქნება ქუთაისისთვისაც."გარემოზე ზემოქმედების შესახებ კანონით მოთხოვნილი სათანადო კვლევების სრულად წარდგენის გარეშე, სახელმწიფომ ჰესის წინასამშენებლო სამუშაოების წარმოების ნებართვა გასცა. მიუხედავად ამისა, კომპანიებმა სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის მთების ბურღვა და აფეთქება დაიწყეს, რაც წინამოსამზადებელი სამუშაოს ფარგლებს სცდება და ადგილზე მიმდინარე სამუშაოები სანებართვო პირობების დარღვევად მიიჩნევა.

ნამახვანისა და ონის ჰესების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვენ.

გამოითქვა მოსაზრება , რომ ჰესმა შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ქართული ექსკლუზიური ღვინის "ტვიშის" წარმოებასაც, თუმცა მოგვიანებით გარემოს დაცვის სპეციალისტებმა ამ ეჭვს უსაფუძვლო უწოდეს. სპეციალისტები უარყოფენ იმასაც, რომ "ნამახვანი ჰესი" წყალტუბოს ბალნეოლოგიურ წყლებს რაიმენაირ საფრთხეს უქმნის.

ნამახვანის ჰესების კასკადთან დაკავშირებულ პროტესტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარია იზიარებს ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკული პოტენციალის განვითარების სახელმწიფოებრივ მნიშვნელობას. თუმცა აქვე აცხადებს, რომ ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების მიზნით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუგეგმავს გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკა, რომელიც ამასთან, ფართო საზოგადოებრივი დისკუსიებისა და გამჭვირვალობის პრინციპის მაქსიმალური უზრუნველყოფის შედეგად იქნება შექმნილი და პრაქტიკაში დანერგილი.

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც "პიკურ სადგურს" უწოდებენ, შენდება მდინარე რიონის ხეობაში, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში. კასკადი ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. ერთის სიმაღლე, სოფელ ტვიშთან, 50 მეტრს აღემატება, მეორის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, 111 მეტრი იქნება. მათი საერთო სიმძლავრე 433 მეგავატია, სავარაუდო წლიური გამომუშავება - 1496 გგვტ.სთ. ნამახვან-ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის თარიღად 2025-2026 წელია მითითებული.

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ პროექტი ძალიან კარგადაა გათვლილი უსაფრთხოების თვალსაზრისით, ინვესტორს სერიოზული განხილვები ჰქონდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების კუთხით და დიდი გეგმა აქვს.

შპს „ენკა რინიუებლზის" განმარტებით, ნამახვანის ჰესების 430-მეგავატიანი კასკადის წლიური გამომუშავება 1,500 გგვთ.სთ-ს მიაღწევს, რაც 2019 წელს საქართველოს მთლიანი მოხმარების 11.7%-ის ტოლია.

შეგახსენებთ, ნამახვანჰესის უნებართვო მშენებლობაზე დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბრის ბოლოს იუწყეობა და საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკის მინისტრის მისვლასა და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვდა.

ცნობისთვის, ნამახვანის ჰესი $800 მილიონიანი თურქული ინვესტიციით შენდება. ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰესის ასაშენებლად 4 ლოკაციაზე მიმდინარეობს და ნათია თურნავა პოცესს რამდენიმე დღის წინ თავად გაეცნო. ნათია თურნავა ნამახვანი ჰესის პროექტს ენერგეტიკაში საუკუნის პროექტად მიიჩნევს. მისი თქმოით, ნამახვანი ჰესის გაშვების შემდეგ ადგილობრივი ენერგოგენერაცია მოთხოვნის 12%-ის დაკმაყოფილებას შეძლებს.

პროექტში ამ დროისთვის 370-მდე ადამიანია ჩართული. ჯამში ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში საქართველოს 1600-მდე მოქალაქე იქნება დასაქმებული.

გეგმის მიხედვით, ნამახვანის ჰესების კასკადი ექსპლუატაციაში 2024 წელს შევა.

იმისთვის, რომ გაიგოთ, რა გზა გაიარა ნამახვანჰესის პროექტმა საბჭოთა პერიოდიდან დღემდე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system