თავში

ENPARD-ის მეოთხე ფაზა იწყება

ENPARD-ის მეოთხე ფაზა იწყება
ENPARD-ის მეოთხე ფაზა იწყება

ევროკავშირმა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარებისთვის დამატებით 55მილიონი ევრო გამოყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ENPARD-ის პროგრამა გაგრძელდება და სულ მალე მისი მეოთხე ფაზა გაეშვება. 

როგორც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, პროგრამის IV ფაზა საქართველოს დამატებით დახმარებას გაუწევს სურსათის უვნებლობისა და სტანდარტების დანერგვის მხრივ, რათა ქვეყანაში უკეთ იქნას დაცული მომხმარებელთა უფლებები და გაიზარდოს ქართული პროდუქციის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ექსპორტის პოტენციალი. ENPARD IV დაეფუძნება ფართომასშტაბიან ინსტიტუციური განვითარების პროგრამისა (CIB) და ENPARD-ის წინა ფაზების ფარგლებში არსებულ შედეგებს. იგი გააგრძელებს სურსათის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერას ინსპექტირებისა და კონტროლის სისტემების დანერგვის და ახალი რეგულაციების შემუშავების კუთხით. ახალი ფაზა დაეხმარება სურსათის ბიზნეს ოპერატორებსაც, მიმდინარე რეფორმებთან მათი უკეთ ადაპტირების მიზნით.

ორგანიზაციის განმარტებითვე, ასევე, ENPARD IV გააგრძელებს საქართველოს სოფლის განვითარების მხარდაჭერას და სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობას, რათა სოფლის სექტორმა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში უფრო მეტი წვლილი შეიტანოს. პროგრამის IV ფაზა მეტად ორიენტირებული იქნება მოწყვლადი რეგიონებისა და ოჯახების (მათ შორის ეკო-მიგრანტების, კონფლიქტით დაზარალებული პირების, ეთნიკური უმცირესობების, მიგრანტების) ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციაზე. ამასთან, პროგრამა გააგრძელებს ადგილობრივი განვითარების გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობას, მათ შორის ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას.

შეგახსენებთ, ENPARD მეოთხე ფაზა ეფუძნება პროგრამის წინა სამი ფაზის წარმატებულ განხორციელებას. პროგრამის სამი ფაზის შედეგები ასეთია:

  • ჩამოყალიბდა 1,000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, რითაც შესაძლებელი გახდა ფერმერთა ეკონომიკური გაძლიერება;
  • ევროკავშრის პირდაპირი ფინანსური დახმარება მიიღო 280-ზე მეტ კოოპერატივში გაწევრიანებულმა 2,000-ზე მეტმა ფერმერმა;
  • ევროკავშრის დაფინანსებით ბიზნესის მართვისა და თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში გადამზადდა 8,000-ზე მეტი ფერმერი;
  • თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში კონსულტაცია გაეწია 250,000-ზე მეტ ადამიანს, რეგიონებში ჩამოყალიბებული 59 საინფორმაციო და საკონსულტაციო და ექსტენციის ცენტრების დახმარებით;
  • ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ქვეყანაში წარმატებით ინერგება სოფლის განვითარების ევროპული მოდელი. სამოქალაქო საზოგადოებასთან, საჯარო და კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით, პროგრამა აძლიერებს ადგილობრივ მოსახლეობას და ეხმარება მათ ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) ჩამოყალიბებაში, რათა მათ თავად შეძლონ საკუთარი თემისა და სოფლის განვითარებაზე ზრუნვა. ევროკავშრის დახმარებით, LAG-ები უკვე 12 მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბდა. მათ შეძლეს თემის მობილიზება და წამოიწყეს სხვადასხვა სოციალური და ეკონომიკური პროექტები სოფლად საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად.
  • LAG-ების ჩართულობით ევროკავშრმა საქართველოში 500-ზე მეტი ადგილობრივი განვითარების ინიციატივა დააფინანსა. ეს ინიციატივები ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციას უწყობს ხელის, 1 000-ზე მეტ ოჯახს უკეთესს დასაქმების საშუალებას აძლევს და 10 000-ზე მეტ სოფლად მოსახლეს ცხოვრების პირობებს უუმჯობესებს.
  • ცენტრალურ დონეზე, პროგრამა ეხმარება მთავრობას პოლიტიკის შემუშავებაში, სექტორული რეფორმების გატარებაში, ხელს უწყობს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფრო ეფექტიან საქმიანობას და პოლიტიკის უკეთ განხორიელებას, შესაბამისად ფერმერებისა და სოფლად თემების გაძლიერებას.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. ეს მხარდაჭერა ევროპის საუკეთესო პრაქტიკას ეფუძნება და გულისხმობს როგორც სოფლის მეურნეობის ხარისხის, სტანდარტებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, ასევე სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნისა და ადგილობრივი საჯარო და კერძო თანამშრომლობის განვითარების გზით. 

პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 234.5 მილიონი ევრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system