თავში

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებენ

ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებენ
ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებენ

ბიზნესი ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე წუხს.  ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ ლარის კურსი დამღუპველია და ეროვნულ ბანკს რეზერვების ხელმომჭირნე ხარჯვისთვის აკრიტიკებს.  მისი განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ლარის კურსი არსებულ ნიშნულზე მაინც შეინარჩუნოს. 

"ლარი რამდენიმე დღეში 20%-ით გაუფასურდა. ამ ქვეყნის რეზერვები ისტორიულ მაქსიმუმზეა და ვისთვის აგროვებს ეროვნული ბანკი ამ რეზერვებს არ ვიცი, ჩვენ აღარ ვიყენებთ," - აცხადებს პაპაშვილი.

ბიზნესმენს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ფეისბუქზე უპასუხა. ქვეყნის პირველი ბანკირის განმარტებით, ეროვნული ბანკის დროულმა გადაწყვეტილებებმა ეკონომიკა და ბიზნესი არაერთხელ გადაარჩინა.  გვენეტაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ ლარი 20%-ით გაუფასურდა. 

"პოპულიზმი ტექნოკრატიის მტერია. ეროვნულმა ბანკმა სწორი და დროული მიდგომებით არაერთხელ გადაარჩინა ბიზნესი და მოსახლეობა. ისეთი ღონისძიებებით, რომელიც ამ განცხადებაშია ჩამოთვლილი, პანდემიის ფონზე დღეს გაცილებით უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდით. ეროვნული ბანკი ზუსტად იმიტომ არის დამოუკიდებელი, რომ მსგავს მოწოდებებს არ აჰყვეს. გონივრული და თანმიმდევრული მიდგომების შენარჩუნებით, რაც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარანტია, ამ შოკსაც გავივლით. ლარი ბოლო ერთ თვეში 2.6 პროცენტით გაუფასურდა და არა . . . 20 პროცენტით რამდენიმე დღეში. დედოლარიზაციას საქართველოში ალტერნატივა არ აქვს,"- წერს კობა გვენეტაძე საკუთარ Facebook-ზე. 

ლარის გასამყარებლად მთავრობას პრივატიზაციის იმედი აქვს.ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, "ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და ეროვნულ ბანკთან სრულ კოორდინაციაშია". მინისტრის მტკიცებით, ერთადერთი, რაც ლარის კურსს შემდგომი რყევებისგან დააზღვევს, ეკონომიკის სწრაფი აღდგენაა.

ცნობისთვის, გუშინ ლარი კიდევ გაუფასურდა.  ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს 2021 წელსაც გააგრძელებს.

ეროვნული ბანკი ინარჩუნებს ლარის მცურავი კურსის პოლიტიკას.

ჯერ კიდევ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავდა, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოს, როგორც მცირე და ღია ეკონომიკას, სურს აქტიური მონეტარული პოლიტიკა და ამისთვის ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. მისივე თქმით, ქვეყანაში კაპიტალის თავისუფალი მობილობისთვის კი მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

სებ-ი სავალუტო ინტერვენციების უმთავრესი მიზანი, როგორც წესი, ლარის კურსის დასტაბილურებაა. სპეციალისტების განმარტებით, ლარს პრობლემას უქმნის ქვეყანაში დოლარის შემოდინების კლება. დოლარი კი ძირითადად შემოდის ექსპორტით, ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით და ფულადი გზვნილებით. წლების მანძილზე საქართველოს მთავარი ლოკომოტივი ტურიზმი იყო. ტურიზმი კი პანდემიის შედეგად წელს ზარალზეა. უმნიშვნელო მატებაა ექსპორტის და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებში, რაც ტურიზმის კლებას ვერ აბალანსებს. გარდა ამისა, ქვეყანაში კვლავ მაღალია უარყოფითიო სავაჭრო ბალანსი, ანუ მეტ იმპორტს ვყიდულობთ (გადის დოლარი ქვეყნიდან), ვიდრე ექსპორტს ვყიდით (შემოდის დოლარი ქვეყანაში), თითქმის ნულს უტოლდება პირდაპირი უცხოური ინვეტიციები, რაც ჯამში ლარზე დაწოლას აძლიერებს. ქვეყანაში ჩნდება ჭარბი ლარი, დეფიციტურია დოლარი, რაც საბოლოოდ ლარს აუფასურებს.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი მხოლოდ ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

1 ოქტომბრიდან ეროვნული ბანკი ლარის კურსს ახლებურად ადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ამოქმედდა სავალუტო ვაჭრობის ახალი მექანიზმი ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა, სადაც პირველ ეტაპზე ხდება ბანკთაშორისი ვაჭრობები, ხოლო მალევე მოხდება არასაბანკო კერძო სუბიექტების ჩართვაც, რაც, სებ-ის განმარტებით, საშუალებას მისცემს მათ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ სავალუტო რესურსებთან. სებ-ის მტკიცებით, ეს პლატფორმა ბაზარს გახდის უფრო დივერსიფიცირებულს, კონკურენტუნარიანსა და ლიკვიდურს, თუმცა სპეციალისტებს ამ პლატფორმის მიმართ პრეტენზიები აქვთ.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ლარის გაუფასურების მიზეზებზე, შედეგებსა და პროგნოზებზე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system