თავში

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების თემაზე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრას მასპინძლობს

ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების თემაზე
ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების თემაზე მაღალი დონის საერთაშორისო შეხვედრას მასპინძლობს

საქართველოს ეროვნული ბანკი, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების საერთაშორისო ქსელთან" (OECD/INFE) თანამშრომლობის ფარგლებში, მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებს მასპინძლობს.

ღონისძიებები OECD/INFE-ს მიერ ორგანიზებული განათლების ტექნიკური მხარდაჭერის 5-წლიანი (2018-2022) პროექტის ფარგლებში ხორციელდება, რომელშიც საქართველოს გარდა აღმოსავლეთ ევროპის 6 სახელმწიფო - ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, რუმინეთი, ხორვატია - მონაწილეობს, და რომელიც ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით ცენტრალური ბანკებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

"საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების ამაღლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანაა, რამდენადაც ის 21-ე საუკუნის ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საბაზისო უნარია მისი ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად. ამ მიმართულებით პროექტში მონაწილე ქვეყნებთან ერთად ჩვენთვისაც ძალზე მნიშვნელოვანია საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და გათვალისწინება. ამდენად, დარწმუნებული ვარ, ეს ღონისძიება არსებით როლს შეიტანს ფინანსური განათლების ამაღლების მიზნით განხორციელებულ ჩვენს სამომავლო საქმიანობაში", - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ.
შეხვედრა ორგანიზებულია საქართველოს ეროვნული ბანკისა და OECD/INFE-ის მიერ, ასევე, ნიდერლანდების სამეფოს ფინანსთა სამინისტროს მატერიალური მხარდაჭერითა და მასთან არსებული პლატფორმის, "Money Wise", ტექნიკურ გამოცდილებაზე დაყრდნობით.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის "ფინანსური განათლების ქსელი" (OECD/INFE) 2008 წელს ჩამოყალიბდა და მისი მიზანია ფინანსური განათლების მიმართულებით მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა. OECD/INFE ერთგვარი პლატფორმაა, სადაც ხდება ფინანსურ განათლებასთან დაკავშირებით მონაცემების შეგროვება, ანალიტიკური და შედარებითი ანგარიშების მომზადება, კვლევა და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება. OECD/INFE 110-ზე მეტი ქვეყნის 240-ზე მეტ საჯარო სტრუქტურას აერთიანებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system