თავში

ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მომავალ წელსაც გააგრძელებს

ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მომავალ წელსაც გააგრძელებს
ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მომავალ წელსაც გააგრძელებს

ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს 2020 წლის დარჩენილ პერიოდსა და 2021 წელსაც გააგრძელებს. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ განაცხადა. 

ქვეყნის პირველი ბანკირის განმარტებით, ინტერვენციები იმის შესაბამისად გაგრძელდება, თუ რა სიტუაცია იქნება. მისივე თქმით, სებ-ის მიერ დოლარი გაყიდვა კურსის რომელიმე მაჩვენებელზე შენარჩუნებას არ ემსახურება.

„2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა 886 მილიონი დოლარი მიაწოდა ბაზარს. მიმდინარე წლის დარჩენილ პერიოდში ბაზარზე ვალუტის მიწოდებას იმის გათვალისწინებით გავაგრძელებთ, თუ რა სიტუაცია იქნება. ვფიქრობთ, რომ ეს მიწოდება იქნება. რაც შეეხება 2021 წელს, დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობთ, რომ ასევე დაგვჭირდება, როგორც მინიმუმ წლის პირველ ნახევარში, ვალუტის მიწოდება ბაზრისთვის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ გლობალური რეცესიის დროს, რთულია რაიმე პროგნოზის გაკეთება. ასევე მსურს განვმარტო, რომ ინტერვენციების დროს ეროვნული ბანკის მიზანი არაა კურსის რომელიმე კონკრეტულ მაჩვენებელზე შენარჩუნება ან კურსის საბაზრო დინამიკისთვის ხელის შეშლა. კურსი იმ მიმართულებით უნდა წავიდეს, რასაც ეკონომიკა განსაზღვრავს. ინტერვენციების მიზანია, ბაზრისთვის უცხოური ვალუტის მიწოდების უზრუნველყოფა მაშინ, როდესაც დანაკლისი განიცადა ბაზარმა. მხოლოდ ტურიზმი რომ ავიღოთ, საკმაოდ დიდი დანაკლისია. ეს იმისთვის ხდება, რომ თავიდან ავიცილოთ ბაზრის ე.წ. გაუმართავი ქცევა“, - აღნიშნა მან.

2020 წლის დასაწყისიდან ეროვნულმა ბანკმა პირდაპირი ინტერვენციების გზით სავალუტო ბაზარს დაახლოებით 843.2 მლნ აშშ დოლარი მიაწოდა(25 ინტერვენციით).

სებ-ი სავალუტო ინტერვენციების უმთავრესი მიზანი, როგორც წესი, ლარის კურსის დასტაბილურებაა. სპეციალისტების განმარტებით, ლარს პრობლემას უქმნის ქვეყანაში დოლარის შემოდინების კლება. დოლარი კი ძირითადად შემოდის ექსპორტით, ტურიზმით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით და ფულადი გზვნილებით. წლების მანძილზე საქართველოს მთავარი ლოკომოტივი ტურიზმი იყო. ტურიზმი კი პანდემიის შედეგად წელს ზარალზეა. უმნიშვნელო მატებაა ექსპორტის და ფულადი გზავნილების მაჩვენებლებში, რაც ტურიზმის კლებას ვერ აბალანსებს. გარდა ამისა, ქვეყანაში კვლავ მაღალია უარყოფითიო სავაჭრო ბალანსი, ანუ მეტ იმპორტს ვყიდულობთ (გადის დოლარი ქვეყნიდან), ვიდრე ექსპორტს ვყიდით (შემოდის დოლარი ქვეყანაში), თითქმის ნულს უტოლდება პირდაპირი უცხოური ინვეტიციები, რაც ჯამში ლარზე დაწოლას აძლიერებს. ქვეყანაში ჩნდება ჭარბი ლარი, დეფიციტურია დოლარი, რაც საბოლოოდ ლარს აუფასურებს.

შეგახსენებთ, ეროვნულ ბანკს რეზერვების ხარჯვის პოლიტიკაზე აქვს გაცხადებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ცენტრალური ბანკი ბაზარს უცხოურ ვალუტას მიაწვდის.

ქვეყნის პირველი ბანკირის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის განცხადებით, წლის ბოლომდე სებ-ი, სავარაუდოდ, $200 მილიონზე მეტ რესურსს გაყიდის.

ცნობისთვის, ეროვნულ ბანკს ოპოზიცია და ექსპერტების ნაწილი არათანმიმდევრულ და გაუაზრებელ ქმედებებში სდებს ბრალს. სწორედ მისი არასწორი პოლიტიკის შედეგად თვლიან ლარის გაუფასურებას.

ბრალდებებს ცენტრალურის ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ სოციალურ ქსელში უპასუხა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის ინტერვენციების მიზანი ლარის გამყარება ან გაუფასურება სულაც არაა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ქვეყნის პირველი ბანკირი განმარტავდა, რომ ლარი მცურავ რეჟიმშია და პანდემიასთან დაკავშირებული გაურკვევლობის აღმოფხვრისა და ტრადიციული წინასაარჩევნო აჟიოტაჟის გადავლის შემდეგ, კურსი მის წონასწორულ ნიშნულს დაუბრუნდებოდა, თუმცა ასე არ მოხდა.

კობა გვენეტაძე ამბობს, რომ საქართველოს, როგორც მცირე და ღია ეკონომიკას, სურს აქტიური მონეტარული პოლიტიკა და ამისთვის ინფლაციის თარგეთირება საუკეთესო გამოსავალია. მისივე თქმით, ქვეყანაში კაპიტალის თავისუფალი მობილობისთვის კი მცურავი გაცვლითი კურსი ყველაზე ოპტიმალური გამოსავალია.

1 ოქტომბრიდან ეროვნული ბანკი ლარის კურსს ახლებურად ადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის ინიციატივით, ამოქმედდა სავალუტო ვაჭრობის ახალი მექანიზმი ბლუმბერგის Bmatch პლატფორმა, სადაც პირველ ეტაპზე ხდება ბანკთაშორისი ვაჭრობები, ხოლო მალევე მოხდება არასაბანკო კერძო სუბიექტების ჩართვაც, რაც, სებ-ის განმარტებით, საშუალებას მისცემს მათ პირდაპირი წვდომა ჰქონდეთ სავალუტო რესურსებთან. სებ-ის მტკიცებით, ეს პლატფორმა ბაზარს გახდის უფრო დივერსიფიცირებულს, კონკურენტუნარიანსა და ლიკვიდურს, თუმცა სპეციალისტებს ამ პლატფორმის მიმართ პრეტენზიები აქვთ.

იმისთვის, რომ გაიგოთ ყველაფერი ლარის გაუფასურების მიზეზებზე, შედეგებსა და პროგნოზებზე, იკითხეთ report.ge-ს ეკონომიკური ანალიტიკა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system