თავში

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური პროგნოზი განაახლა

ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური პროგნოზი განაახლა
ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკური პროგნოზი განაახლა

საქართველოს ეროვნული ბანკი (სებ) ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტის, ფასს 9-ის, მიზნებისთვის მორიგ მაკროეკონომიკურ საპროგნოზო სცენარებს აქვეყნებს.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ აღნიშნული სცენარების მიზანია ხელი შეუწყოს ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებას. სცენარების მიმდინარე განახლება ჩვეულზე რამდენიმე თვით ადრე ქვეყნდება, რათა კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებისა და გაზრდილი გაურკვევლობის პირობებში ფინანსური ინსტიტუტები დროულად უზრუნველყოს მაკროეკონომიკური საპროგნოზო ინფორმაციით.

დოკუმენტში ასახულ პროგნოზებში ცვლადების დინამიკის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი COVID-19 პანდემიის განვითარებისა და ვაქცინაციის შესაძლო სცენარებია. საბაზო სცენარი ეკონომიკის გაჯანსაღების დაწყებას 2021 წლიდან განიხილავს, რასაც ვაქცინაცია, პანდემიის გავრცელების ტემპის შემცირება და მისი შემაკავებელი შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა განაპირობებს. ოპტიმისტური სცენარის მიხედვით, ეკონომიკის გაჯანსაღება 2021 წლიდან, საბაზო სცენართან შედარებით, უფრო მაღალი ტემპით მიმდინარეობს, რაც გლობალურად და ქვეყნის შიგნით ვაქცინაციის დაჩქარებული პროცესითა და საბაზრო განწყობების გაუმჯობესებით მიიღწევა. პესიმისტური სცენარი კი 2021 წლის განმავლობაში პანდემიის გავრცელების მაღალი ტემპის შენარჩუნებასა და ვაქცინაციის პროცესის შეფერხებას ითვალისწინებს, რაც გახანგრძლივებულ რეცესიაში აისახება და ეკონომიკა აღდგენას მხოლოდ 2022 წლის მეორე ნახევრიდან იწყებს. საპროგნოზო პერიოდისთვის დამახასიათებელია ჩვეულზე მაღალი გაურკვევლობა და გაზრდილი რისკები.

სებ-ის განმარტებით, ფასს 9-ის მიხედვით, საკრედიტო რისკების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საპროგნოზო ინფორმაციას. კერძოდ, მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს მოსალოდნელი ტენდენციები და ადგილობრივი და გლობალური რისკები. აღნიშნული ხელს შეუწყობს საკრედიტო რისკების დროულ აღრიცხვას და ამდენად პოზიტიური გავლენა ექნება ფინანსურ სტაბილურობაზე.

"მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტების მიერ გამოყენებული მაკროეკონომიკური დაშვებები იყოს ურთიერთშესადარისი, რასაც წარმოდგენილი საპროგნოზო სცენარების გამოყენება უზრუნველყოფს. ფინანსური ინსტიტუტების მიერ ანგარიშგების გამჭვირვალედ, თანმიმდევრულად და ეფექტიანად წარმოებისთვის, ეროვნული ბანკი 2018 წლიდან ფასს 9 მიზნებისთვის რეგულარულად (წელიწადში ორჯერ) აქვეყნებს მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს საპროგნოზო და რისკ სცენარებს. კერძოდ, სცენარები აღწერს საშუალოვადიან პერიოდს (3 წელი) და მოიცავს საბაზო და ალტერნატიულ რისკ-სცენარებს. თითოეული სცენარი მოიცავს ძირითადი მაკრო-ფინანსური ცვლადების შესახებ საპროგნოზო დინამიკას, რომელიც გათვალისწინებული უნდა იქნეს მოსალოდნელი საკრედიტო ზარალის შეფასებისას. ასევე, ყველა ცვლადის რაოდენობრივად ჩართვა საკრედიტო ზარალის შეფასების მოდელში სავალდებულო არ არის. რისკ სცენარების მიზანია ფასს 9-ის მიხედვით მოსალოდნელი საკრედიტო დანაკარგების შეფასებისთვის საპროგნოზო მაკროეკონომიკური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდა. წარმოდგენილი ანალიზი ხელს შეუწყობს ფინანსური ანგარიშგების პროცესში საჭირო მაკროეკონომიკური დაშვებების სწორად ფორმულირებას და ექსპერტული შეხედულებების ჩამოყალიბებას. წარმოდგენილი მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები სარეკომენდაციო ხასიათისაა. ფინანსურ ინსტიტუტს შეუძლია, თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე, დაამატოს ალტერნატიული სცენარი და/ან შეცვალოს იგი. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, საჭიროა, რომ ფინანსურ ინსტიტუტს გააზრებული ჰქონდეს სცენარების ადეკვატურობა და თითოეული სცენარის ფარგლებში სხვადასხვა მაკროეკონომიკური ცვლადების ურთიერთშესაბამისი დამოკიდებულება. ფინანსურმა ინსტიტუტმა, საჭიროების შემთხვევაში, უნდა შეძლოს დაასაბუთოს სცენარებში შეტანილი ცვლილებების ან მის მიერ წარმოდგენილი ახალი სცენარების ლოგიკურობა," - განმარტავენ სებ-ში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system