თავში

ევრო5-ის სტანდარტთან დაკავშირებით ბიზნესი პოზიციას არ ცვლის

ევრო5-ის სტანდარტთან დაკავშირებით ბიზნესი პოზიციას არ ცვლის
ევრო5-ის სტანდარტთან დაკავშირებით ბიზნესი პოზიციას არ ცვლის

,,საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია" მხარს უჭერს, რომ დიზელის ხარისხთან დაკავშირებული ევრო5-ის სტანდარტის დაწესება გადავადდეს. როგორც ფედერაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა report.ge-თან აღნიშნავს, ბიზნესი პოზიციას არ ცვლის, რადგან სტანდარტის შემოღება პრობლემას შეუქმნის გადაზიდვებს. მისი ვარაუდით,  ხარჯი გაუძვირდებათ, რაც შეიძლება საბოლოოდ მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ფასზეც აისახოს. 

,,ჩვენ სისტემატურად ვმონაწილეობთ კონფერენციებში, შეხვედრებში და შსწავლილი გვაქვს ყველა დეტალი, რაც საწვავის სტანდარტის შემოღებას უკავშირდება. ეს საკითხი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ნავთობპროდუქტების ფასი მნიშვნელოვნად მონაწილეობს ჩვენს კალკულაციაშ: როდესაც ხორბალი შემოდის და სამანქანო გზით წისქვილებში ნაწილდება, ტრანსპორტირების ხარჯი თვითღირებულებაში გარკვეულ ადგილს იკავებს. ეს ხარჯი მოიცავს ასევე უკვე მზა პროდუქტის დისტრიბუციას წისქვილიდან საცხობებში, მთელი ციკლია. ამიტომ მნიშვნელოვანია, როგორი იქნება დიზელის საწვავის ღირებულება. თუკი აზერბაიჯანი შეაჩერებვს დიზელის შემოტანას საქართველოში, ცხადია, მას რუსეთი ჩაანაცვლებს და სანაცვლოდ ქართველი მომხმარებელი გაძვირებულ პროდუქტს მიიღებს, რაც ჩვენი აზრით, შემდეგ დიდ პრობლემას შეგვიქმნის. მნიშვნელოვანია, ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე, გარკვეული ბალანსი დავიცვათ ეკოლოგიასა და ეკონომიკას შორის და, თავისთავად, მომწოდებელი ქვეყნის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. აქედან გამომდინარე, მხარს ვუჭერთ გადაწყვეტილებას, რომ ევრო5-ის სტანდარტის დაწესება კიდევ ერთხელ გადავადდეს. ეს შესაძლებლობას მოგვცემს უფრო იაფად შემოვიდეს დიზელის საწვავი აზერბაიჯანიდან და ფასი შევინარჩუნოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფასთან დაკავშირებით პრობლემა შეგვექმნება", - ამბობს სილაგავა და დასძენს, რომ საეჭვოა, ახალი სტანდარტის შემოღებამ ეკოლოგიურად დიდი ეფექტი მოგვცეს, რადგან ავტოპარკის განახლება ვერ ხერხდება, რაც ეკოლოგიური უსაფრთხოებისთვის დიდი გამოწვევაა.

შეგახსენებთ, რომ დიზელის სტანდარტთან დაკავშირებით ანალოგიური პოზიცისაა დისტრიბუტორთა ასოციაცია, რომლის ხელმძღვანელი ივა ჭყონია აცხადებს, რომ უახლოეს პერიოდში სტანდარტის დაწესება დისტრიბუციას შეუქმნის პრობლემას, რადგან დიზელის გაძვირებას გამოიწვევს და საბოლოოდ როგორც დისტრიბუციის ხარჯის ზრდას, ასევე რიგი პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევს.

აღსანიშნავია, რომ დიზელის სტანდარტთან დაკავშირებით მსჯელობა სექტემბრიდან გააქტიურდა, როცა ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანში ეპიდემიის გამო ქარხნების გადაიარაღების პროცესს ხელი შეეშალა. 

აღნიშნულ პერიოდში კანონმდებლობის გადავადებასთან დაკავშირებით report.ge-თან ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ მხოლოდ რეგულაციის გადავადების შემთხვევაში მოახერხებენ იმპორტიორები "დაიჭირონ" ფასი, წინააღმდეგ შემთხვევაში 1 ლიტრი დიზელი 25 თეთრით გაძვირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system