თავში

ევროკავშირი ქართველ ფერმერებს აგროტექნიკის შეძენაში დაეხმარა

ევროკავშირი ქართველ ფერმერებს აგროტექნიკის შეძენაში დაეხმარა
ევროკავშირი ქართველ ფერმერებს აგროტექნიკის შეძენაში დაეხმარა

პანდემიის შედეგად საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და ფერმერთა მხარდასაჭერად, ევროკავშირმა, FAO-სთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საგრანტო თანადაფინანსების პროგრამები გამოაცხადა.

საგრანტო პროექტის ფერმერებს აგროტექნიკის შეძენაშიც ეხმარება. 

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში შარშან ლიუდმილამ პარტნიორ, მუხრან მეტრეველთან ერთად სილოსის წარმოება წამოიწყო. პირველ ეტაპზე სილოსის ასაღები კომბაინი შეისყიდეს, თუმცა საქმიანობა გაჭიანურდათ, რადგან პროდუქტის შესაფუთი დანადგარი არ ჰქონდათ. გამოსავალი მაინც იპოვეს – დაიქირავეს მინი დანადგარი და დიდი ჯაფის გაწევის შემდეგ საბოლოოდ სილოსი შეფუთეს. პარტნიორებს სურდათ შემდეგში მოსავლის აღება გაემარტივებინათ, ამიტომ როდესაც ევროკავშირის საგრანტო პროგრამის შესახებ გაიგეს, განაცხადი გააკეთეს და შედეგად 400 000 ლარის ოდენობის თანადაფინანსება მიიღეს.

„როდესაც დანადგარს ვქირაობდით, გვიწევდა ორ ცვლაში მუშაობა, რადგან დროში შეზღუდულები ვიყავით. ახალი დანადგარით კი შესაძლებელია მცირე დროში მიიღო დიდი შედეგი – შეფუთვას სჭირდება ნაკლები ცელოფანი, იზოგება დროც. გარდა ამისა, ჩვენი დანადგარი საჭიროებს ადამიანურ ძალას, შედეგად კი ადგილობრივი მოსახლეობა საქმდება. შარშან 3 000 ტონა სილოსი დავამზადეთ, მომავალში კი ვვარაუდობთ, რომ რიცხვები კოლოსალურად გაიზრდება. ეს მნიშნველოვანია, რადგან ჩვენ ფერმერებს სილოსს ვაწვდით საქართველოს მასშტაბით. მათთვის პრაქტიკულია ისიც, რომ ახალი დანადგარით შეფუთული სილოსის შენახვის ვადა 5 წელია“, –  ამბობს ლუდა მანუილოვა.

ამ ეტაპზე ნაკვეთზე მუშაობა მიმდინარეობს – აღებული სილოსი ახლა უკვე უახლესი დანადგარით იფუთება. საბოლოო ეტაპი კი ტრანსპორტირებაა, რომელშიც უამრავი ადამიანია ჩართული სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. ლუდა ამბობს, რომ სილოსის შესაფუთმა დანადგარმა მათი საქმიანობა რადიკალურად შეცვალა. ამ პროგრესს კი გრანტის მიღების გარეშე ვერ განახორციელებდნენ.

„ახლა ისეთი კრიზისია, რომ ხალხს ფული აღარ აქვს ფერმებს საფასურის გადახდა უჭირთ და ჩვენ ნორმალურ ფასად მივაწვდით, თანაც ადგილზე ადამიანებს შრომას ავუნაზღაურებთ, ხალხს დავასაქმებთ. ეს დახმარება ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშნველოვანია. გულწრფელად გეტყვით, თავი ზღაპარში მგონია. ვერ ვიჯერებ, რაც ხდება. მესმის სხვა ფერმერებისგანაც, რომ მათაც მიიღეს გრანტები – ადამიანებმა სარგებელი ნახეს მაშინ, როცა ქვეყანაში ეკონომიკურად ხელსაყრელი მდგომარეობა არ გვქონდა.“ – ამბობს მეწარმე. 

დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრებმა ბეჟან გონაშვილმა პანდემიის დროს ევროკავშირისა და FAO-ს მიერ გაცემული გრანტით ახალი ტრაქტორი შეიძინა. მისთვის, როგორც ფერმერისთვის ზემოხსენებული სასოფლო-სამეურნეო მანქანა ძალიან საჭირო იყო, რადგან მიწისდამუშავება ძველი ტრაქტორით უწევდა. პანდემიის პერიოდში კი, როცა მიწის დამუშავებამ იმატა, მოძველებული მანქანით შეუძლებელი იყო სასურველი მიზნის მიღწევა.

„კრიზისის პირობებში ხალხს ფული აღარ აქვს, შემოსავლებმაც იკლო, რადგან ბევრი რამ შეჩერდა ქვეყანაში. მიწაც რომ არ დაგვემუშავებინა, შიმშილით დავიხოცებოდით. ძველი ტრაქტორი მყავდა, რომელსაც ჩემი სახსრებით ვერასდროს გამოვცვლიდი, რომ არა ევროკავშირი და FAO“ – ამბობს ბეჟან გონაშვილი.

ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული ტრაქტორის მიღებით, სარგებელი თემმაც ნახა. ახალი ტრაქტორით ფერმერმა შეძლო დღეში 20ჰექტარი მიწის დამუშავება, ასევე,მეზობლების, ნათესავებისა და ახლობლების დახმარება.

„კორონავირუსის მიერ გამოწვეული დაბრკოლებების გამო, ადამიანებს ტრაქტორი უფასოდ მივეცი, ერთადერთი რაც ვთხოვე, ნორმალური ხარისხის საწვავის ჩასხმა იყო, რადგან ძალიან კარგი ტრაქტორია და ვუფრთხილდები. მიხარია, რომ გრანტის მიღებით მომეცა შესაძლებლობა წინ წამეწია ჩემი საქმე და დავხმარებოდი არამხოლოდ ჩემს ოჯახს, არამედ გარშემომყოფებისთვისაც მიმეცა იმედი“, – აცხადებს მეწარმე. 

როგორც report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, 2020 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში, სოფლად ფერმერებზე, მეწარმეებზე და მცირე და საშუალო ბიზნესზე 8.5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის 132 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გაიცა. საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში ფერმერებს სარწყავი სისტემები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები გადაეცათ. პანდემიის საპასუხოდ გაცემული თანადაფინანსების გრანტები ევროკავშირისა და FAO-ს ფართომასშტაბიანი საგრანტო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში 2019 წლიდან ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system