
კახეთის გზატკეცილის მე-12 კმ-ის გადასახვევთან, ევროპის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროცესს დღეს დედაქალაქის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გაეცნო.
„ეს ხიდი იმდენად დაზიანებული იყო, რომ რეალურად, აქ მოეწყობა ახალი ხიდი თავისი საყრდენებით და გადახურვის კოჭებით. სამუშაოებს კომპანია „ენ-სი-სი“ აწარმოებს“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, სავალ ნაწილზე, რომელიც დაახლოებით 1700 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ასფალტობეტონის ახალი საფარი ეწყობა. ასევე, მიმდინარეობს თვალამრიდების, ტროტუარების, სადეფორმაციო ნაკერების მოწყობა და დაზიანებული ნაწილების აღდგენა.
ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ღირებულება 1 328 000 ლარია, 2021 წლის იანვარში დასრულდება.
