თავში

ევროპის საბჭო იწონებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ეფექტურობას საქართველოში

​ევროპის საბჭო იწონებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების
ევროპის საბჭო იწონებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ეფექტურობას საქართველოში

ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მე-60 პლენარულ სხდომაზე წარმატებით დამტკიცდა საქართველოს მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში.

ამის შესახებ report.ge-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, Moneyval-ის კომიტეტის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში მიმოიხილავს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის (AML/CFT) ღონისძიებებს საქართველოში და აფასებს როგორც ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ტექნიკურ შესაბამისობას ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) 40 რეკომენდაციასთან, ასევე ქვეყნის AML/CFT სისტემის მოქმედების ეფექტურობის დონეს.

მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშში ევროპის საბჭო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ 2013 - 2019 წლებში მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში, მათ შორის, საქართველოს მთავრობის მიერ რისკების შეფასების პირველი ეროვნული ანგარიშის დამტკიცებას და „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მიღებას, რასაც მოჰყვა ამ სფეროში კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლება და რისკებზე დამყარებული მიდგომების გაძლიერება; აგრეთვე - ადგილობრივი და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების შემდგომი სრულყოფა.

"ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის ანგარიშში შეფასებულია ამ მიმართულებებით საქართველოს მთავრობის, იუსტიციის სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, ფინანსთა სამინისტროს, ეროვნული ბანკისა და ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს მნიშვნელობა. ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტის ანგარიში პოზიტიურად აფასებს შესაბამის უწყებებში სათანადო ცოდნის არსებობას ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საქართველოში არსებული რისკების შესახებ. ანგარიშში ხაზგასმულია საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო მიდგომების ეფექტურობა, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება საფინანსო სექტორში ფულის გათეთრების აღმკვეთი სისტემის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტის შეფასების თანახმად, საქართველოს აქვს ეფექტური სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების დანაშაულის გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად. Moneyval-ის კომიტეტის მაღალი შეფასება დაიმსახურა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანასკნელ წლებში ტერორიზმის დაფინანსების ფაქტების გამოვლენისა და მათი ეფექტური გამოძიების მიმართულებით გატარებულმა ღონისძიებებმა," - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციიდან report.ge-სთვის მოწოდებულ ინფორმაციაში. 

შეგახსენებთ, Moneyval-ის კომიტეტის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს საქართველოში ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ინსტიტუციური და საკანონმდებლო ჩარჩოს შემდგომი სრულყოფის და საერთაშორისო რეკომენდაციების შემდგომი იმპლემენტაციის უზრუნველსაყოფად.

ევროპის საბჭოს Moneyval-ის კომიტეტი 1997 წლიდან მოქმედებს და მისი მიზანია ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო სტანდარტებთან ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების ეროვნული სისტემების შესაბამისობის შეფასება. საქართველო Moneyval-ის კომიტეტის წევრია 1999 წლიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system