თავში

"ევროპული საქართველო" 2021 წლის ბიუჯეტს მხარს არ უჭერს

"ევროპული საქართველო" 2021 წლის ბიუჯეტს მხარს არ უჭერს
ევროპული საქართველო 2021 წლის ბიუჯეტს მხარს არ უჭერს

ფრაქცია „ევროპული საქართველო" 2021 წლის ბიუჯეტის პროექტს მხარს არ დაუჭერს. 

როგორც პარტიის ლიდერი დავით ბაქრაძე აცხადებს, ეს არის „მდიდარი მთავრობის და ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტი", რომელიც მორგებული არ არის საზოგადოების საჭიროებებზე და მხოლოდ ხელისუფლების ძალაუფლების შენარჩუნებას ისახავს მიზნად.

„ქვეყანა არის ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და ამ ეკონომიკური კრიზისიდან გამოსავალი არის გადამტეხ ცვლილებებში. დღეს მთავრობამ შემოიტანა ბიუჯეტი, სადაც არანაირი ცვლილება არ ხდება. დღევანდელი ბიუჯეტი, ისევე როგორც წინა წლებში, არის მდიდარი მთავრობის და გაღარიბებული მოსახლეობის ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც გააგრძელებს ქვეყანაში ეკონომიკურ კრიზისს, რომელიც არ ამცირებს სამთავრობო ხარჯებს, გააგრძელებს მთავრობის კარგ პირობებში ცხოვრებას და გამოსავალს არ აძლევს მოსახლეობას, რომელიც ჩავარდნილა უკიდურეს ეკონომიკურ პრობლემაში. ამიტომ, ეს არის მდიდარი მთავრობის და ღარიბი ქვეყნის ბიუჯეტი. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ არჩევნებზე მოხდება გარდამტეხი ცვლილება და მომავალი კოალიციური ხელისუფლება აუცილებლად შეცვლის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს. ამ ბიუჯეტის პროექტს მხარს არ ვუჭერთ, მაგრამ განხილვაში მონაწილეობა მივიღეთ იმის გამო, რომ მოსახლეობისთვის გვეჩვენებინა, როგორ ზრუნავს "ქართული ოცნება" არჩევნების წინ საკუთარ თავზე, საკუთარ კომფორტზე, საკუთარ ძალაუფლებაზე და არჩევნების წინაც კი შემოტანილი ბიუჯეტი არ ასახავს ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანას",- განაცხადა ბაქრაძემ დავდასძინა, რომ ბიუჯეტის პროექტი ტექნიკურადაც არასრულყოფილია.

ცნობისთვის, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი. კანონმდებლებმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელ ვარიანტის განიხილვა 7 ოქტომბერს დაიწყეს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი პირველ შემაჯამებელ სხდომას 16 ოქტომბერს გამართავს. საკანონმდებლო ორგანო ბიუჯეტის განხილვის პირველ ეტაპს 20 ოქტომბერს დაასრულებს, რის შემდეგაც დოკუმენტი მთავრობას შენიშვნებითა და რეკომენდაციებით უკან დაუბრუნდება.

ოპოზიცია 2021 წლის ბიუჯეტს იწუნებს. ქვეყნის მთავარ ფიანანსურ დოკუმენტს აკრიტიკებენ საექსპერტო წრეშიც. კრიტიკულად განწყობილი სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საბიუჯეტო რესურსი რეალურად ვერ ხმარდება წარმოების ზრდასა და განათლების სფეროს მხარდაჭერას, რაც ბიუჯეტისთვის პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს. "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებას" მომავალი წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯის სიდიდეს ედავებიან.

პირველი ვიცე-პრემიერი ოპოზიციების ბრალდებას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ "ოცნების" ხელისუფლების შედგენილ ყველა ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯების წილი მუდმივად კლებადია. მაია ცქიიშვილი ოპონენტების ბრალდებებს უპირისპირებს საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს პოზიციების გაუმჯობესებას.

ცნობისათვის, გაისად მთავრობა 17.07 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს, რაც 2020 წელთან შედარებით 1.1 მილიარდი ლარით მეტია. მომავალი წლის ბიუჯეტის კანონის პროექტით, 2021 წელს სახელმწიფო ხარჯები 17 071.4 მლნ ლარითაა განსაზღვრული.

დოკუმენტის თანახმად, 2021 წელს ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების სახით 12 200,0 მლნ ლარის ოდენობის შემოსავლის მიღებაა პროგნოზირებული.

მომავალი წლის გაზრდილ ხარჯს მთავრობა 2020 წელს აღებული საგარეო ვალით აბალანსებს.მთავრობის მიერ წარდგენილი ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დამტკიცდება.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მომავალ წელს ბიზნესს ზედმეტად გადახდილი დღგ-ის გადასახადებით სახით, მილიარდ ლარზე მეტს დაუბრუნებს.

მიმავალი წლის ეკონომიკური პარამეტრები, იხილეთ აქ.

რომელ უწყებს რამდენი ერგება მომავალი წლის ბიუჯეტიდან, გაეცანით აქ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system