თავში

FDI გრანტით ათამდე საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა

FDI გრანტით ათამდე საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა
FDI გრანტით ათამდე საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა

"FDI გრანტით ათამდე საერთაშორისო კომპანია დაინტერესდა, მათთან მოლაპარაკებებს ჩვენი ინვესტიციების გუნდი აწარმოებს,“ - ამბობს სააგენტო "აწარმო საქართველოშის" დირექტორი მიხეილ ხიდურელი. მისივე თქმით, დაინტერესება მოდის ბიზნესპროცესების აუთსორსინგის, ელექტრო ნაწილების წარმოების და ლოგისტიკის მიმართულებებით.

შეგახსენებთ, უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მექანიზმი (FDI გრანტი) გულისმობს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობას, ტექნოლოგიის შემოდინებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. საინვესტიციო ვალდებულების შესრულების შემთხვევაში, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს ხელისუფლება სთავაზობს გრანტს გაწეული ხარჯების ნაწილის ასანაზღაურებლად. პროგრამა მოიაზრებს ინვესტორის მიერ უშუალოდ ინვესტიციების განხორციელების შემდეგ თანხის ანაზღაურებას. ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში ხდება სპეციფიური და სპეციალიზირებული დოკუმენტაციის წარმოდგენა, რაც გარკვეულ დროსთან და ინვესტორის მხიდან რესურსების გამოყოფასთან არის დაკავშირებული. პროგრამას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს. 

ცნობისთვის, საქართველომ საინვესტიციო პოლიტიკა მთლიანად შეცვალა და პროაქტიულ მოდელზე გადავიდა. პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ საინვესტიციო კომპონენტის ნაწილში დაემატა კომპონენტი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემთხვევაში, FDI გრანტები. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, FDI გრანტები შეეხება უცხოურ კომპანიებს, რომლებიც შემოვლენ საქართველოში, გადმოიტანენ ან საქართველოში გახსნიან ახალ ბიზნესებს, ჩადებენ გარკვეულ ინვესტიციებს და დაასაქმებენ არანაკლებ 150 ადამიანს. ასეთ კომპანიებს საქართვლოს ხელისუფლება მილიონ ლარამდე გრანტს მისცემს იმისთვის, რომ დაიფაროს ხარჯები, რაც დაკავშირებულია საქართველოს მოქალაქეების მომზადება-გადამზადებასთან და გარკვეულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან. უფრო კონკრეტულად, პროგრამაში მონაწილე საერთასორისო კომპანია, ვალდებული იქნება არანაკლებ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს და მინიმუმ 150 სამუშაო ადგილი შექმნას. ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის კი, განსახორციელებელი ინვესტიციის მინიმალური მოცულობა 5 მილიონ ლარს უნდა შეადგენდეს, ხოლო შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა არანაკლებ 200-ით განისაზღვრა.

პროგრამაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი განაცხადის ფორმით მიმართავს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“, რომელსაც ურთავს შესაბამისი საინვესტიციო პროექტის ბიზნესგეგმას. სააგენტოსა და ინვესტორს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება, რომლითაც ინვესტორი იღებს საინვესტიციო ვალდებულებას და იწყებს პროექტის განხორციელებას, რომლის მაქსიმალური ვადა 39 თვეს შეადგენს.

გრანტის ოდენობა და საინვესტიციო ვალდებულებები:

წარმოება და სხვა მიმართულებები - გრანტის მოცულობა 1,000,000 ლარი

ინვესტიციის მოცულობა - არანაკლებ 10 000 000 (ათი მილიონი) ლარი,
შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა - არანაკლებ 150 (სრულ განაკვეთზე დასაქმებული).
BPO (ბიზნეს პროცესების აუთსორსინგი) - გრანტის მოცულობა 750,000 ლარი

ინვესტიციის მოცულობა - არანაკლებ 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი,
შექმნილი სამუშაო ადგილების ოდენობა - არანაკლებ 200 (სრულ განაკვეთზე დასაქმებული).

მთავრობამ FDI-ის ერთიან სტრატეგიაზე მუშაობა შარშან დაიწყო. საქართველოში FDI მარაგებმა მშპ-ის 100%-ზე მეტი შეადგინა, შედეგად ქვეყანა ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკად დასახელდა FDI-მიზიდველობით. 80 ქვეყანას შორის FDI-მიმზიდველობით საქართველო მერვე ადგილზეა.

შეგახსენებთ, გასულ წელს საქართველოს რეგულარულად სტუმრობდნენ საინვესტიციო ლოკაციების კონსულტანტები.

უცხოელ და ადგილობრივ ინვესტორებთან მთავრობამ არაორდინალური მუშაობა დაგეგმა.

ფინანსისტების მოლოდინით, OECD-ს მიერ საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის პოზიტიური შეფასება გაზრდის ქვეყანაში პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებსა და ფულად ნაკადებს, რაც მომავალ წელს ეკონომიკურ განვითარებაში აისახება.

მთავრობა 2022 წელს უცხოური ინვესტციების ახალ ნაკადს ელის. მოლოდინს ამყარებს საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის საერთაშორისო აღიარება.

საქართველო ინვესტიციებისთვის სამართლებრივ ჩარჩოს აუმჯობესებს.

USAID და "აწარმოე საქართველოში“ პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადადიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ინვესტიციების მოზიდვის გეოგრაფიული მასშტაბი იზრდება

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დააფინანსებს.

მთავრობამ ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია განაახლა. ახალი პოლიტიკა მსოფლიო ბანკთან და IFC-სთან ერთად შემუშავდა. ინვესტიციების მოზიდვის პროაქტიული პოლიტიკის ფარგლებში მთავრობა აქტიურ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს 400-მდე კომპანიასთან, რომლებსაც საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებსა და იმ დადებით მხარეებს აცნობს, რომელსაც მათ ქვეყნის ეკონომიკა სთავაზობს.

სპეციალურად უცხოელი ინვესტორებისთვის მთავრობამ დაამტკიცა უცხოური საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა - "FDI გრანტი", რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. მთავრობის გადაწყვეტილებით, გადამამუშავებელ ინდუსტრიაში ფულის დაბანდებისას საქართველო ინვესტორებს მილიონიან გრანტს სთავაზობს. უფრო კონკრეტულად, უცხოური კაპიტალით შექმნილ კომპანიებს, რომლებიც საქართველოში შემოსვლას, ახალი წარმოების გახსნას ან არსებული წარმოების გადმოტანას მოისურვებენ, სულ მცირე 10 მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას აიღებენ და მინიმუმ 150 ადამიანს დაასაქმებენ, ამ ვალდებულების შესრულების კვალობაზე მიეცემათ თანადაფინანსება - გრანტი 1 მილიონი ლარის ოდენობით.

რა არის „FDI გრანტი და ზოგადად, ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ს ეკონომიკურ ანალიტიკაზე.

რაც შეეხება, საერთაშორისო კომპანიებს, ამ სტატუსის მქონე საზღვაო ინდუსტრიისა და IT კომპანიებისთვის ბეგარა 5%-მე მცირდება.

იმისთვის, რომ გაიგოთ, ვინ ისარგებლებს საერთაშორისო სტატუსითა და საგადასახადო შეღავათებით და რა საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს საერთაშორისო კომპანიის სტატუსი, ან კიდევ როგორ ცდილობს ხელისუფლება ინვესტორების საქართველოთი დაინტერესებას, იკითხეთ report.ge-ის ეკონომიკური ანალიტიკა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system