თავში

ფერმერებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლებაში დაეხმარებიან

ფერმერებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლებაში დაეხმარებიან
ფერმერებს თეორიული და პრაქტიკული ცოდნის ამაღლებაში დაეხმარებიან

საქართველოს რეგიონებში ფერმერებს  ცნობიერების ამაღლებასა და ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომაში დაეხმარებიან. როგორც სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლაშა შალამბერიძე report.ge-თან ამბობს, სპეციალურად ამ მიზნით, ექსტენციის პროგრამის ფარგლებში წელს 60 ათას ფერმერს გაეწევა მომსახურება. 

,,ფერმერებს ჩვენ ვთავაზობთ განათლებას სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებით, როგორიცაა ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომა, მომსახურება და სოფლის საჭიროებებზე ოპერატიულად რეაგირება. პირველ რიგში, ფერმერების ცნობიერების ამაღლება. ჩვენ შევიმუშავეთ გეგმა, რომლის თანახმადაც, ყოველ პარასკევს სხვადასხვა სოფელში იგეგმება ტრენინგები ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მოსახლეობას ეგზავნება შეტყობინება 24 საათით ადრე, შეხვედრა განხორციელდება სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით, როგორც დარგობრივ, ასევე არადარგობრივ თემებზე, ჩვენი ექსტენციის თანამშრომლები სოფელ-სოფელ ივლიან და საჭიროებებს ადგილზე გაეცნობიან, რაზეც შემდეგში რეაგირებას მოვახდენთ. კერძოდ, ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას. ფერმერებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ ელექტრონული ბიბლიოთეკით (elibrery.mepa.gov.ge) და სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ქსელის მონაცემებით“, - აღნიშნა report.ge-თან შალამბერიძემ.

რაც შეეხება ფერმერთა საჭიროებებს, რაზეც ისინი ყველაზე მეტად ამახვილებენ ყურადღებას, მისი თქმით, ეს არის მცენარეთა მოვლის საშუალებებზე წვდომა.

,,ვუწევთ რეკომენდაციას, რომ მცენარეთა დაცვის საშუალებები მოითხოვონ მხოლოდ ლიცენზირებულ აფთიაქებში, რაზეც საკმაოდ მკაცრად ხორციელდება მონიტორინგი. მნიშვნელოვანია, ხალხმა უზრუნველყოს საკუთარი ნაკვეთების დამუშავება ლიცენზირებული პრეპარატებით. მესამე კომპონენტი, ეს არის ფერმერთა პლატფორმა, სადაც შუძლიათ დარეგისტრირდნენ, შეიყვანონ მონაცემები, მაგალითად, რა მოსავალს ელოდებიან რომელი პერიოდისთვის და მათი თანხმობის შემთხვევაში ეს ინფორმაცია გაეგზავნება დაინტერესებულ მხარეს, ექსპორტიორებს ან მყიდველებს. მოვუწოდებთ ასევე, მოგვაწოდონ ინფორმაცია ბაზაში, ამით გვეცოდინება დეტალურად, ამა თუ იმ რეგიონში რომელი სასოფლო-სამეურნეო კულტურა დომინირებს, რათა ამ მიმართულებით მოხდეს სწავლების ჩატარება“, - განუცხადა report.ge-ს ლაშა შალამბერიძემ.

ცნობისთვის, სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სოფლის განვითარების სააგენტოს 9 რეგიონული სამსახურისა და 45 საინფორმაციო- საკონსულტაციო მუნიციპალური ცენტრის საშუალებით ხორციელდება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეფასებიტ, ცენტრების მოძრავი ლაბორატორიებით აღჭურვა და ექსტენციის მომსახურება დაეხმარება ფერმერებს, პრაქტიკულად, ყველა პრობლემა გადაწყდეს ფერმერის კართან.

საინფორმაციო- საკონსულტაციო მუნიციპალური ცენტრების მოწყობაში საქართველოს შვეიცარია ეხმარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system