თავში

ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 57,000-ით გაიზარდა

ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 57,000-ით გაიზარდა
ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 57,000-ით გაიზარდა

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2020 წელს ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა 57,000-ით გაიზარდა და მილიონს მიაღწია, უფრო ზუსტად კი ფიქსირებულ ინტერნეტს 998,000 ათასი აბონენტი იყენებს. 

მათივე ცნობით, ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზე აბონენტების რაოდენობა კვლავ დინამიურად მზარდია და ბოლო სამი წლის განმავლობაში წლიური ზრდის ტემპი ფიზიკური პირი აბონენტებისთვის 14%-ს შეადგენს. 998 ათასი აბონენტიდან ფიქსირებულ ინტერნეტს 950,000 ოჯახი იყენებს, შესაბამისად გაზრდილია ინტერნეტის პენეტრაცია, რომელმაც 86%-ს მიაღწია.

"2013 წელს ინტერნეტთან წვდომა 45% ჰქონდა, დღეს ეს მონაცემი გაორმაგებულია. ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მონაცემებით, საქართველო ფიქსირებული ინტერნეტის პენეტრაციის საერთო წილით, ევროპის მოწინავე ქვეყნების რიგებშია. მნიშვნელოვანი და პოზიტიურია ის ფაქტი, რომ ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების 84% ოპტიკურ ტექნოლოგიას მოიხმარს. საქართველო ოპტიკური ინტერნეტის მოხმარებით ევროპის წამყვან 28 ქვეყანას უსწრებს - ანალიზი საერთაშორისო ორგანიზაცია FTTH council-მა გააკეთა, რომელიც ევროპაში ოპტიკური ქსელის განვითარებას სწავლობს. ორგანიზაციის ბოლო, 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, ევროპის 28 ქვეყანას ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტექნოლოგიის (FTTH/B) საშუალო პენეტრაცია 43.3% ჰქონდა, მაშინ როცა 2019-ის ბოლოს საქართველოში ოპტიკის პენეტრაცია 67% იყო. FTTH council-ის 2020 წლის ანგარიშის შედეგებს კომუნიკაციების კომისია საზოგადოებას გამოქვეყნებისთანავე წარუდგენს," - განმარტავენ კომუნიკაციების კომისიაში. 

მათივე ცნობით, ევროკავშირის ქვეყნებში ოპტიკური ტექნოლოგიის წლიური ზრდის ტემპი 2016 წლიდან 2019-ის ჩათვლით 12,2%, საქართველოში კი ორჯერ მეტი, 24% იყო . რაც შეეხება 2020 წლის მონაცემებს, საქართველოში 2016-2020 პერიოდზე იგივე მაჩვენებელმა 15.6% შეადგინა.

საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება დადებითად ფასდება. 

საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაცია მიმდინარეობს. ქვეყანაში შენდება ინტერნეტის 140 კმ-ზე მეტი ახალი ქსელი. ოზურგეთში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო და აქ 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს. ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას - ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით.

შეგახსენებთ, საპილოტე ქსელის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი Log in Georgia, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. პროექტი ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალხარისხიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს. ინტერნეტით საქართველოს 1064 დასახლებული პუნქტი დაიფარება.

Log-in Georgia-ს პროექტში კომუნიკაციების კომისიაც ჩაერთვება.

მსოფლიო ბანკთან ერთად დაგეგმილია ინტერნეტიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს იქნება 1000 -მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები.

ფონდი "ქართუ" ინტერნეტიზაციის პროექტში საჭიროების შემთხვევაში შევა.

ცნობისთვის, საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა, თუმცა პროექტის აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა დაიწყო. საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან დაიწყო და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 10 მლნ ლარია.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

ინტერნეტიზაციის 10-მილიონიანი საპილოტე პროექტი უტენდეროდ დაიწყო. 2020 წლის 3 აგვისტოს სახელმწიფო “ოუფენ ნეტმა” 10-მილიონიანი ხელშეკრულება უტენდეროდ “პარვუს ჯგუფთან” გააფორმა, ანუ, ინტერნეტიზაციის 10-მილიონიანი საპილოტე პროექტი უტენდეროდ დაიწყო. "ოუფენ ნეტის" მუშაობით უკმაყოფილონი არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system