თავში

ფინანსთა მინისტრი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა
ფინანსთა მინისტრი საქართველოში იაპონიის ელჩს შეხვდა

საქართველოსა და იაპონიას შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, აკირა იმამურამ ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით, გლობალური პანდემიის პირობებში.

გასული წლის ივლისში, მაღალტექნოლოგიური სამედიცინო აპარატურისა და აღჭურვილობის შესაძენად, იაპონიის მთავრობამ, დაახლოებით, 2.8 მლნ აშშ დოლარი გამოუყო.

მნიშვნელოვანია, რომ რამდენიმე თვის წინ, საქართველოსა და იაპონიას შორის ხელი მოეწერა „შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობისა და გადასახადების თავიდან არიდების აღკვეთის შესახებ” კონვენციას, რომელმაც ჩაანაცვლა იაპონიასა და საბჭოთა კავშირს შორის 1986 წელს დადებული შეთანხმება. ეს ახალი სამართლებრივი დოკუმენტი, ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

მრავალი წელია იაპონიის მთავრობა ქვეყანას ეხმარება როგორც შეღავათიანი სასესხო ინსტრუმენტებით, ისე არასაპროექტო გრანტებისა და ცოდნის გაზიარების მიმართულებით.

ლაშა ხუციშვილმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყანაში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) მხარდაჭერით ხორციელდება, მათ შორისაა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტი.

იაპონიის მთავრობის მიერ საგრანტო დახმარების ფარგლებში გამოყოფილი 4.2 მილიონი აშშ დოლარი მოხმარდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის 96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას. ასევე, მნიშვნელოვანია პროექტი „Clean Energy by Solar Electricity Generation“, რომლის ფარგლებშიც, მზის პანელები გადაეცა და დამონტაჟდა თბილისის საერთაშორისო აეროპორტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიებზე.

როგორც მხარეებმა აღნიშნეს, ამგვარი პროექტების განხორციელება, მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციის მიზნით.

დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა მომავალ წლებშიც წარმატებით გაგრძელდება.

იაპონიის არასამთავრობო პროექტის საგრანტო დახმარების პროგრამის ფარგლებში, იაპონიის მთავრობამ 1997 წლიდან, დაახლოებით, 7 მილიარდი იაპონური იენი (დაახლოებით 43 მილიონი აშშ დოლარი) გადასცა საქართველოს მთავრობას სოფლის მეურნეობის, გარემოსა და ჯანდაცვის სექტორების, მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system