თავში

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი შემუშავდა

ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი შემუშავდა
ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესი შემუშავდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ფინანსური სექტორის მომხმარებელთა უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლებაზე მუშაობას განაგრძობს. ამ მიზნით შემუშავდა "ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესის" ახალი რედაქცია, რომელიც მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს ამოქმედდება.

როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ახალი წესის შექმნა განპირობებულია, ერთი მხრივ, ევროდირექტივებთან დაახლოების მიზნით, მეორე მხრივ კი, ადგილობრივი ბაზრის გამოწვევების საპასუხოდ. 

ახალი წესების თანახმად, ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხთან დაკავშირებული დაზღვევის მოთხოვნის შემთხვევაში, გამსესხებელმა მომხმარებელს სამი ორგანიზაციის ალტერნატივა უნდა შესთავაზოს. 

"მომხმარებელს უნდა მიეწოდოს ინფორმაცია, რომ მას თავადაც - დამოუკიდებლად - შეუძლია ალტერნატიული პოლისის მოძიება და წარდგენა. ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია მომხმარებელს ის მინიმალური პირობები გააცნოს, რასაც აღნიშნული პოლისი უნდა აკმაყოფილებდეს. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაზღვევასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაციაც. განისაზღვრა დამატებითი მოთხოვნები მომხმარებლისთვის სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდების კუთხით. მათ შორის, ხელშეკრულების ცალმხრივად ცვლილების, ასევე, ე.წ. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში დამატებითი სესხის გაცემისას, აღნიშნულის შესახებ მომხმარებლის გარდა, ინფორმაცია ასევე უნდა მიეწოდოს თავდებსა და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრესაც. ასევე, სესხის გაცემისას, სესხთან დაკავშირებული სამართლებრივი რისკების შესახებ უნდა მოხდეს მსესხებლის/თავდებისა და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრის ინფორმირება. შესაბამისი გაფრთხილების ტექსტი თავდებობისა და გირავნობის ხელშეკრულებებშიც უნდა განთავსდეს.
 ცვლილებების მიხედვით, მიმდინარე ანგარიშის, სადეპოზიტო და საკრედიტო პროდუქტების ამონაწერები გარკვეული პერიოდულობით უფასო უნდა იყოს. ამასთან, ინფორმირებულობისა და გამჭვირვალობის ამაღლების მიზნით, დაზუსტდა იმ ინფორმაციის ჩამონათვალი, რომელსაც აღნიშნული ამონაწერი უნდა მოიცავდეს. ასევე, გაფართოვდა და დაზუსტდა რეკლამასა და შეთავაზებაში მისათითებელი ინფორმაციის ჩამონათვალიც
," - განმარტავენ ეროვნულ ბანკში. 

დამატებით, განისაზღვრა ფიქსირებული და ცვლადი საპროცენტო განაკვეთის ცნება და დაზუსტდა წინსწრებით დაფარვის პირობები სხვადასხვა განაკვეთიანი სესხებისთვის.

ცვლილებებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე - https://www.matsne.gov.ge/ka/document/view/5117792?publication=0.

საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system