თავში

FORBES-ი საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე წერს

FORBES-ი საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე წერს
FORBES-ი საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობაზე წერს

,,ფორბსი" საქართველოზე სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით, ,,პანდემიის მიუხედავად, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სხდომა საქართველოში ჩატარდა“.

სტატიაში საქართველოს ტურიზმის წარმარტების გარდა, საუბარია ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობაზეც.

სტატიაში აღნიშნულია, რომ პორტების წყალობით, იზრდება საქართველოს წვდომა გლობალურ ეკონომიკაზე და ქვეყანა იქცევა კარიბჭედ ევრაზიის გულში განლაგებული, ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნისთვის.

პუბლიკაციის ავტორი ხაზს უსვამს, რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესის წარმოების სიმარტივის ინდექსში საქართველო მე-7 ადგილზეა.

"ეს ინდექსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარა, განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან ეს არის საუკეთესო და ყველაზე ლაკონური შეთავაზება კორპორატიული ინვესტორების მოსაზიდად. გასაოცარია, მაგრამ ამ ინდექსში საქართველო მხოლოდ 1 ადგილით ჩამორჩება აშშ-ს (მე-6 ადგილი). Heritage Foundation-ის თავისუფლების ინდექსში კი საქართველო მე-12 ადგილზეა და, რაოდენ მოულოდნელი უნდა იყოს, უსწრებს ევროპულ სახელმწიფოთა უმრავლესობას, აშშ-ს (მე-17 ადგილი) და, მითუმეტეს, ჩინეთს (103-ე ადგილი). მშრომელებს, მათ შორის საჯარო მოხელეებს, შეუძლიათ დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ჩამოყალიბება და ერთობლივად კანონიერი გაფიცვების მოწყობა და შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება. ქვეყნამ, ჩინეთისგან განსხვავებით, მიიღო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგი კონვენციები მშრომელთა უფლებებზე. Transparency International-ის კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 44-ე ადგილზეა მსოფლიოს 198 ქვეყანას შორის: უსწრებს BRICS (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) და მექსიკას და უტოლდება ისეთ მეტ-ნაკლებად უპრობლემო გარემოს მქონე ქვეყნებს, როგორიცაა ჩეხეთი და ლატვია (ორივე 44-ე ადგილზე)“,- ნათქვამია სტატიაში.

როგორც გავლენიანი გამოცემა წერს, საქართველოს აქვს პრეფერენციული ვაჭრობის შეთანხმება 32 ქვეყანასთან, აშშ-ის ჩათვლით, თუმცა დღეს ამ უკანასკნელთან შესაძლო თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზეცაა საუბარი.

ავტორი აღნიშნავს, რომ საქართველოს შეუძლია რიგი პროდუქტების შეტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში საბაჟო გადასახადების გარეშე. აშშ-ს აქვს ჯანსაღი პოზიტიური სავაჭრო ბალანსი საქართველოსთან.

,,გარდა ამისა, საქართველომ ხელი მოაწერა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმებას ევროკავშირთან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ჩინეთთან. უცხოელ ინვესტორებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სახელმწიფოს კუთვნილი ქონების პრივატიზაციების უმრავლესობაში. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციამ, რომელსაც საქართველოში საქმიანობის ხანგრძლივი ისტორია აქვს, ეკონომიკის სხვადასხვა სეგმენტში უკვე განახორციელა ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციები. სასტუმროები, საავადმყოფოები, პორტის ტერმინალები, საბანკო სექტორი და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია შეადგენს ქვეყანაში ხსენებული კორპორაციის საინვესტიციო პორტფელის დიდ ნაწილს. საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან ახლახან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ კორპორაციის პრეზიდენტმა, ადამ ბოილერმა გამოხატა ინტერესი საქართველოში კომპანიის რეგიონული ოფისის გახსნასთან დაკავშირებით, რომლის საქმიანობაც მოიცავს ქვეყნებს შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. საქართველო და ჩინეთის ახალი აბრეშუმის გზა ჩინეთისთვის საქართველო წარმოადგენს შავი ზღვის გავლით ევროპისკენ მიმავალ მარშრუტს. ჩინეთი უკვე აკონტროლებს რამდენიმე პორტს მეზობელ თურქეთში, თუმცა საქართველოს საპორტო პროექტებში ინვესტიციების განხორციელება ჯერ ვერ მოახერხა. 2015 წელს ჩინეთის საოკეანო გადაზიდვების კომპანიამ და სატრანსპორტო კომპანიამ China Merchants Holdings განახორციელა 1 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიცია თურქეთის საპორტო ტერმინალში (კუმპორტი) მარმარილოს ზღვის ევროპულ ნაწილში, რომელიც შეემატა ჩინეთის 42 უცხოური პორტების რიცხვს. ჩინელებმა „ალყა“ შემოარტყეს ხმელთაშუა ზღვას, მათ შორის პირეოსის (საბერძნეთი) აქციების საკონტროლო პაკეტის და გენუისა და მარსელის პორტების აქციების დიდი ნაწილი ხელში ჩაგდების გზით. „ისინი ინვესტიციებს ახორციელებენ საპორტო ლოგისტიკაში არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში, - აცხადებს ნოზარ ჰაშემზადე (ეკონომიკის პროფესორი ვირჯინიის რედფორდის უნივერსიტეტში), - ისინი ყიდულობენ პორტებს ან მათი აქციების საკონტროლო პაკეტებს ყველგან, სადაც კი მიუწვდებათ ხელი“. პანდემიის გამო, შეჩერდა დიდი ინფრასტრუქტურული გარიგებების მნიშვნელოვანი ნაწილი. შავი ზღვის პროექტების უსაფრთხოება აშკარად გასათვალისწინებელია. ზოგიერთი მსხვილი პროექტი ჩავარდა. საქართველოს ანაკლიის პროექტი ვერ განხორციელდა ჩინეთის ერთი სარტყლის - ერთი გზის გაყოლებაზე ტვირთის აუცილებელი მოცულობის უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო, რაც იქნებოდა შესაბამისი დაფინანსების წინაპირობა. შედეგად, პროექტი შეჩერებულია. ქვეყანაში უკვე არსებობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის გარკვეული რაოდენობა და არსებობს იმედი, რომ საქართველო იქცევა მონაცემთა გლობალური ტრანზიტის ცენტრად, რომელიც ახალი მარშრუტებით ერთმანეთთან დააკავშირებს ევროპას, აზიას და შუა აღმოსავლეთს. 2019 წლის აგვისტოში „კავკასუს ონლაინმა“ (ერთ-ერთი უმსხვილესი ტელეკომუნიკაციების კომპანია, რომლის დაახლოებით 1 000 კილომეტრის სიგრძის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენები აკავშირებს რეგიონს ევროკავშირთან), ხელისუფლების წინასწარი თანხმობის გარეშე, მიჰყიდა თავისი აქციების 49% აზერბაიჯანულ კომპანიას. შემდეგ ეს შეთანხმება ჩავარდა, რადგან საქართველოს სურს ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელებაში მონაწილეობა, რომელიც საქართველოს გავლით ერთმანეთთან დააკავშირებს ევრაზიის უმსხვილეს ბაზრებს. საქართველოს მიზნებშია თავისი სტრატეგიული წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელების გამოყენება ევროპასა და შუა აღმოსავლეთს შორის დერეფნის შესაქმნელად, რის შედეგად სამხრეთ კავკასია გახდება მონაცემთა უსაფრთხო და სანდო მატარებელი“,- წერს გამოცემა.

სტატიის დასასრულს ამერიკის ელჩის , კელი დეგნანის ციტატაა მოყვანილი, რომლის თანახმად, ოქტომბრის ბოლოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება წარმოადგენს კიდევ ერთ შესაძლებლობას ქვეყნისთვის.

,,აუცილებელია ქვეყნის მდებარეობის გამოყენება, ეკონომიკური რეფორმების და ინვესტორთათვის ხელსაყრელი გარემოს შენარჩუნება და უცხოელი ინვესტორების მოზიდვა არა მხოლოდ ტურიზმში, არამედ სხვა სექტორებშიც, როგორც ეს ხაზგასმით აღნიშნა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ. „საქართველომ მიაღწია ეკონომიკურ წარმატებას, - ამბობს იანუშ ბუგაისკი (ევროპის სტრატეგიული ანალიზის ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი), - ისინი ცდილობენ, აქციონ ქვეყანა კავკასიის ირლანდიად“,- ნათქვამია ,,ფორბსის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system