თავში

ფრინველის ხორცის ტექნიკური რეგლამენტი ოქტომბრიდან ამოქმედდება

ფრინველის ხორცის ტექნიკური რეგლამენტი ოქტომბრიდან ამოქმედდება
ფრინველის ხორცის ტექნიკური რეგლამენტი ოქტომბრიდან ამოქმედდება

ტექნიკური რეგლამენტი ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ძალაში ხელახლა ოქტომბრიდან შევა. ახალი დათქმა პროდუქციაში წყლის შემცველობას მინიმუმამდე შეამცირებს.

აქამდე საშეღავათო პერიოდი მოქმედებდა, რომლის აუცილებლობაც კორონავირუსის პანდემამ გამოიწვია.

მთავრობამ ფრინველის ხორცზე კონტროლი 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან გაამკაცრა და მიიღო დადგენილება, რომელიც გაყინული ქათმის რეალიზაციის შესაძლობლობას მხოლოდ 5%-იანი წყლის შემცველობის შემთხვევაში იძლეოდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, რომ ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი მომხარებელთა უფლებებს მეტად დაიცავს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, გიორგი ხანიშვილის განცხადებით, დადგენილება ფრინველის ხორცის იმპორტიორებთან და ადგილობრივ მწარმოებლებთან მრავალწლიანი მუშაობის შედეგად შემუშავდა.

"გაზაფხულზე, როდესაც სასურსათო უზრუნველყოფას საფრთხე შეექმნა და პროცესები ხელით მართვით რეჟიმზე გადავიდა, იმპორტისთვის პოზიციები გავამარტივეთ, თუმცა დროებით. 1-ელი ოქტომბიდან ძალაში შევა სტანდარტული რეგლამენტი, რომელიც თითოეულ იმპორტიორს დაავალდებულებს სახელმწიფოში მოქმედი რეგულაციის ფარგლებში შემოიტანოს ხორცი. საშეღავათო პერიოდის გაგრძელებაზე საუბარი არ არის,“ - აცხადებს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, "ტექნიკური რეგლამენტის − ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში ცვლილება 8 აპრილს შევიდა, რომლის მიხედვით, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 18 ივლისის №340 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 23/07/2019, 300160070.10.003.021358) მე-6 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი.

„მუხლი 7. დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის – ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების“ მე-13 მუხლის მე-3 პუნქტისა და მე-17 მუხლის მოქმედება შეჩერდეს 2020 წლის 20 ოქტომბრამდე.“

მე-13 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულია, რომ: "იმპორტირებულ ფრინველის ხორცს თან უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტი, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იქნეს ვეტერინარული სერტიფიკატის სახითაც, რომელიც ადასტურებს აღნიშნული პროდუქტების ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამის მოთხოვნებთან შესაბამისობას."

მე-17 მუხლი იმპორტირებული ფრინველის ხორცზე კონტროლის ძირითად მექანიზმებს ადგენს.
„1. სააგენტომ უნდა გაატაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14–მე-16 მუხლებით განსაზღვრული შემოწმებებისთვის პრაქტიკული ღონისძიებები მარკეტინგის ყველა ეტაპზე, მათ შორის იმპორტზე კონტროლი ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის დროს უნდა განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №4-ის და დანართი №5-ის, ხოლო მე-18 მუხლით განსაზღვრული ფრინველის ნაჭრებისა – დანართი №6-ის შესაბამისად.

2. თუ ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14–მე-16 მუხლებით განსაზღვრული შემოწმებებისას, იმპორტირებული პროდუქტი არ შეესაბამება ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი №4-ით და დანართი №5-ით, ხოლო მე-18 მუხლით განსაზღვრული ფრინველის ნაჭრების – დანართი №6-ით განსაზღვრული მოთხოვნებს, დაუშვებელია მისი საქართველოში რეალიზაცია.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ნიმუშის აღების სიხშირის განსაზღვრის მიზნით, რისკზე დაფუძნებული, სააგენტოსთან შეთანხმებული „მონიტორინგის გეგმა“ მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system