თავში

ფრინველის ხორცის წარმოებაში დანაკარგია

ფრინველის ხორცის წარმოებაში დანაკარგია
ფრინველის ხორცის წარმოებაში დანაკარგია

რეგულაციების გადავადებამ და სამომხმარებლო ბაზარზე შეზღუდვების დაწესებამ ფრინველის ხორცის წარმოება საგრძნობლად შეამცირა.  აგროექსპერტთა ასოციაციის ინფორმაციით, ეპიდემიურ პერიოდში წარმოებაში დაახლოებით 25-30%-იანი დანაკარგია. პრობლემა შექმნა იმანაც, რომ იმპორტული ქათმის ხორცის ხარისხთან დაკავშირებით რეგულაციების გამკაცრების გადაწყვეტილება მთავრობამ შეაჩერა, რის გამოც კონკურენციის პრობლემაა. ამის შესახებ report.ge-ს აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ მიხეილ ჭიჭაყუამ განუცხადა.

,,ფრინველის ხორცის წარმოება აქამდე მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო. შეზღუდვამ ბიზნესს მოუწია იმ პერიოდში, როცა რეალიზაციას იწყებდნენ. სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებითაც გარკვეული გეგმა ჰქონდათ, რომელიც რეალურად ვერ განახორციელეს. ქათმის ხორცის დიდი ნაწილი აგრარულ ბაზრებში იყიდებოდა, ხოლო ბაზრების დაკეტვამ ასევე დიდი პრობლემა შექმნა. დღესდღეობით წარმოებაც და რეალიზაციაც შემცირებულია. გარდა ამისა, მცირე ფერმერები ადრე ახდენდნენ ე.წ. შინაური (ფერადი) წიწილების გამოზრდას და მოსახლეობაში რეალიზაციას, აქაც კლებაა. გასაგებია, რომ ასეთ მდგომარეობას (პანდემიას) არავინ ელოდა. თანაც, არ ვიცით, რა სიტუაცია იქნება შემდეგში. კარგი იქნებოდა სახელმწიფოს ამ მიმართულებით მასტიმულირებელი და დამაიმედებელი ღონისძიებები გამოეცხადებინა ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად. თუმცა მოხდა პირიქით, რამოდენიმე თვის წინ მიღებული დადგენილება, რომელიც ითვალისწინებდა იმპორტული ფრინველის ხორცზე ხარისხის კონტროლის მექანიზმის გამკაცრებას, შეაჩერეს. არადა, ეს ადგილობრივი წარმოებისათვის მაღალი ხარისხის ფრინველთა ხორცის საწარმოებლად დიდი სტიმული იქნებოდა", - აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.

როგორც ის განმარტავს, დადგენილებით იკრძალებოდა გაყინულ და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი თუ წყლის შემცველობა აღემატებოდა 5%-ს. 

,,ფრინველთა ხორცის ხარისხის კონტროლის სიმკაცრე შეაჩერეს მიმდინარე წლის ოქტომბრამდე. დადგენილებაში ცვლილება 8 აპრილს შევიდა, ეს კი არასათანადო კონკურენციის პირობებში აყენებს ადგილობრივ პროდუქციას იმპორტულთან შედარებით, ტყუვდება მომხმარებელიც, იაფად შეიძენს ხორცის მაგივრად მეტ წყალს. ეს იმ ფონზეც, როდესაც მთავრობა დეკლარირებს ქართული წარმოების განვითარებას, არასახარბიელო ნაბიჯია. გამართლება იმით, რომ იმპორტული ფრინველის ხორცზე კონტროლის გამკაცრების შეჩერება დროებითია და განპირობებულია ბაზარზე ფრინველის ხორცის დეფიციტის ასარიდებლად, მთლად დამაჯერებლი არ არის. სამწუხაროდ, ასეთი ქმედებები საბოლოო ჯამში უნდობლობას იწვევს მეწარმე ფერმერებში", - აცხადებს მიხეილ ჭიჭაყუა.

რაც შეეხება ფრინველის ხორცის მოხმარებას, აგროექსპერტთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში ყველაზე დიდი წილი ფრინველის ხორცს უჭირავს, როგორც იაფი ცილის წყაროს. ადგილობრივ ბაზარზე ქათმის ხორცზე მოთხოვნა 75 ათასი ტონის ფარგლებშია, ადგილზე კი დაახლოებით 23ათასი ტონა იწარმოება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system