თავში

"ფრონტერა რისორსი” მთავრობასთან მოლაპარაკებას არ აპირებს

"ფრონტერა რისორსი” მთავრობასთან მოლაპარაკებას არ აპირებს
ფრონტერა რისორსი” მთავრობასთან მოლაპარაკებას არ აპირებს

"ფრონტერა რისორსი” განცხადებას ავრცელებს, რომელშიც კომპანია საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს, პატივი სცეს კონტრაქტს.

კომპანია კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტრო კონტრაქტთან და საარბიტრაჟო დავის შედეგებთან დაკავშირებით საჯარო დეზინფორმაციას აგრძელებს. 

ეკონომიკის მინისტრის განცხადების საპასუხოდ, რომლითაც უწყებამ კომპანიას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა, „ფრონტერაში“ აცხადებენ, რომ მოსალაპარაკებელი არაფერია.

„25 ივნისს ჩვენთვის ცნობილი გახდა რომ ეკონომიკის სამინისტრომ გააგრძელა საჯარო დეზინფორმაციის კამპანია, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს მთავრობასა და ჩვენს კომპანიას შორის გაფორმებულ კონტრაქტთან და 2018 წელს ხელისუფლების მიერ ჩვენს წინააღმდეგ წამოწყებულ საარბიტრაჟო დავის შედეგებთან. ჩვენს წარმომადგენლებთან შეხვედრის თაობაზე მათგან მიღებული მრავალგზის უარის მიუხედავად, სამინისტროს მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებებით, ახლა მიწვეულნი ვართ „მოლაპარაკების მაგიდასთან“, რათა მოვილაპარაკოთ ის „პირობები, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება ჩვენის ბიზნესის საქართველოში დარჩენა“. გვინდა ხაზი გაუსვათ, აქ არაფერია მოსალაპარაკებელი. ოც წელზე მეტია, რაც ვამაყობთ რომ ვართ საქართველოს კორპორატიული მოქალაქეები შეერთებული შტატებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში ნავთობისა და გაზის სამუშაოებში კახეთში განვახორციელეთ 500 მილიონ ა.შ.შ. დოლარზე მეტის ინვესტირება, გამოვიყენეთ მოწინავე ამერიკული ტექნოლოგიები, დავასაქმეთ ასობით ქართველი და ამერიკელი თანამშრომელი, საფუძველი ჩავუყარეთ საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის შესაძლებლობას. ახლა, საქარველოს ხელისუფლებასთან ჩვენი კონტრაქტის სრული უგულვებელყოფით, სამინისტროს სურს თავს მოგვახვიოს ახალი “პირობები“, რათა დავრჩეთ საქართველოში. ზიანზე შეურაცხყოფის დამატებით, ამის გაკეთება არჩიეს საჯაროდ, ნაცვლად ჩვეულებრივი ბიზნეს კომუნიკაციისა. ჩვენი საქართველოში ყოფნის ორი ათწლეულისა და ორწლიანი იურიდიული დავის დასრულების შემდეგ, რომლის მიზანი ჩვენი კონტრაქტის შეწყვეტა იყო, ბიზნესის ასეთი ხერხით კეთება არის არაკეთილსინდისიერი. მაშინ როდესაც ჩვენი კომპანიის ხელმძღვანელობა ჰიუსტონში, ტეხასი, ა.შ.შ. კარგად არის ცნობილი სამინისტროსთვის და ძალიან ადვილია მათთვის ასეთი მნიშვნელოვანი შეტყობინების გაგზავნა პრესიდან ვეცნობით სამინისტროს მიზნებს და ეს მაშინ, როცა პირდაპირ კომუნიკაციას იყენებენ მხოლოდ შეხვედრებზე უარის სათქმელად. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას დაიცვას საარბიტრაჟო ტრიბუნალის გადაწყვეტილება, პატივი სცეს ჩვენი კონტრაქტის პირობებს და მოგვცეს შესაძლებლობა ვიმუშაოთ განუწყვეტელი მუქარის, დაშინების და ახალი პირობების გარეშე. იმედი გვაქვს მომავალშიც ბევრი კონსტრუქციული შეხვედრა გვექნება საქართველოს ხელისუფლებასთან ჩვენი კომპანიის მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, თუმცა კიდევ ერთხელ გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ჩვენი კონტრაქტის შეწყვეტის არანაირი იურიდიული საფუძველი არ არსებობს. სამინისტროს საპირისპირო ინსინუაციები არის არასწორი. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას შეწყვიტოს და თავი შეიკავოს ჩვენი ბიზნესის და თანამშრომლების მიმართ განხორციელებული მუქარის, შევიწროვებასა და დაშინებისაგან. კონტრაქტის თვითნებურად შეწყვეტის ან გაუქმების ნებისმიერი მცდელობა, ან ჩვენი კომპანიის ნავთობის და გაზის ოპერაციების სხვაგვარად, ძალის გამოყენებით დაკავება და ჩამორთმევა იქნება ექსპროპრიაციის უკანონო, კრიმინალური აქტი და ექნება შესაბამისი რეაგირება,”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, გუშინ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ "ფრონტერამ" სალიცენციო ფართობის 99% დააბრუნა. მინისტრმა გამოთქვა მზადყოფნა სახელმწიფო მზად არის Frontera ნავთობისა და გაზის მოპოვების სექტორში ერთ-ერთ ინვესტორად შეინარჩუნოს, რისთვისაც კომპანიას მოლაპარაკებათა მაგიდასთან იწვევს. 

"მზად ვართ საგნობრივი დიალოგისთვის, რომელიც შეეხება  „ფრონტერას“ საქმიანობის გაგრძელებას საქართველოს ტერიტორიაზე იმ დარჩენილი სალიცენზიო არეალის ფარგლებში, რაც დღეს მას გააჩნია," - განაცხადა მინიტრმა თურნავამ.

მანამდე "ფრონტერამ" მთავრობა სიცრუეში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს უსასრულო მუქარა იმაზე, რომ 27 ივლისს თვითნებურად გააუქმებს კონტრაქტს, რადგან ხელშეკრულების გაუქმების იურიდიული საფუძველი არ არსებობს.

ცოტა ხნით კიდევ უფრო ადრე კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა მზადაა, გამოინახოს იმგვარი კომპრომისი,რომ შესაძლებელი იყოს კომპანია „ფრონტერას“ მიერ არსებულ საბადოებზე გარკვეული პირობებით მუშაობის გაგრძელება, რა თქმა უნდა, მისი მხრიდან შესაბამისი გარანტიის მიღებით.

2020 წლის 17 აპრილს საერთაშორისო საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ერთი მხრივ, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს, ხოლო მეორე მხრივ, „ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენსა“ და „ფრონტერა აშშ-ის“ შორის წარმოშობილ სადავო საკითხებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც 1997 წლის 25 ივნისის პროდუქციის წილობრივი განაწილებისა და გადამამუშავებელი ქარხნის შესწავლის შესახებ კონტრაქტიდან გამომდინარეობს. მათივე ცნობით, საარბიტრაჟო ტრიბუნალმა მხარი დაუჭირა სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციისა“ და სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ კონტრაქტის ნორმათა ინტერპრეტაციას და მათი სასარჩელო მოთხოვნების აბსოლუტური უმრავლესობა დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ამერიკულ ნავთობმომპოვებელ კომპანია „ფრონტერა“ საქართველოში 1997 წლის შემდეგ დედოფლისწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მუშაობს. მიმდინარე წლის 29 აპრილს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ გაავრცელა საჯარო განცხადება "ფრონტერასთან" დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რომლის თანახმადაც მთელ საკონტრაქტო ფართობთან მიმართებაში, კონტრაქტი მიმდინარე წლის 27 ივლისს ავტომატურად შეწყდება.

შეგახსენებთ, კორპორაციამ და სააგენტომ „ფრონტერას“ წინააღმდეგ შეუსრულებელი ვალდებულებების გამო საარბიტრაჟო განხილვა 2018 წლის 15 ნოემბერს დაიწყეს.

სასამართლომ დაადგინა, რომ „ფრონტერამ“ კონტრაქტი არსებითად დაარღვია და კომპანიას მოსარჩელეებისთვის ხარჯებისა და ზარალის ანაზღაურება დააკისრა, რაც ჯამში $6 მილიონს შეადგენს.

30 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მთავრობამ "ფრონტერას" ხელშეკრულება შეუწყვიტა. 4 მაისს კი „ფრონტერამ” ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ „ფრონტერასთან” დადებული ხელშეკრულების შეწყვეტაზე გავრცელებულ განცხადებას უპასუხა.

კომპანიამ განაცხადა, რომ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არ გულისხმობს „ფრონტერას“ კონტრაქტის შეწყვეტას და ინფორმაციას საქართველოს მთავრობა კომპანიისთვის ზიანის მიყენებისა და დისკრედიტაციის მიზნით ავრცელებს.

"ფრიონტერას" ბრალდების საპასუხოდ, ნავთობისა და გაზის კორპორაციამ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ ნავთობკომპანია საარბიტრაჟო განხილვის შედეგებს განზრახ ამახინჯებს და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჯაროვებაზე უარს ამბობს.

თავად ამერიკული ნავთობკომპანია "ფრონტერა" ოცნების ხელისუფლებას შევიწროებაში სდებს ბრალს და აცხადებს, რომ ქვეყანაში 2013 წლიდან მზარდია ანტიამერიკული განწყობები.

"ფრონტერას" საქმეზე განმარტება გააკეთა პრემიერმა გახარიამაც, ხოლო ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კომპანიას საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჯაროებისკენ მოუწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system