თავში

გადახდისუუნარობის ჩარჩო ეკონომიკას შოკთან გამკლავებაში დაეხმარება

გადახდისუუნარობის ჩარჩო ეკონომიკას შოკთან გამკლავებაში დაეხმარება

"მოკლევადიან პრიორიტეტებში შედის გადახდისუუნარობის ჩარჩოს ფუნქციონირება, რაც ეკონომიკას შოკის შედეგებთან გამკლავებაში დაეხმარება. ასევე, მნიშვნელოვანია ფართომასშტაბიანი განათლების რეფორმა, რომელიც პოსტ-პანდემიურ პერიოდში უზრუნველყოფს სამუშაო ადგილების რაოდენობის, პროდუქტიულობისა და ხელფასების ზრდას, უნარების შეუსაბამობის პრობლემის მოგვარების ხელშეწყობით," - ამის შესახებ სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმს, სუბირ ლალიმ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ / IMF) მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით გამართული ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. 

მისი თქით, შეიქმნას მმართველობის ახალი ყოვლისმომცველი ჩარჩო, რომელიც მოიცავს კომერციული მიზნების, შესრულების მენეჯმენტისა და კონკურენტუნარიანობის ნეიტრალიტეტის პრინციპებს.

"სახელმწიფო საწარმოების რეფორმა, ასევე, იმასაც უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფოს საქმიანობა შემოიფარგლოს მხოლოდ საზოგადოებრივი საქონლის მიწოდების საჭიროებით, და ისე რომ არ მოხდეს კერძო სექტორის ინვესტიციების გამოდევნა. საბოლოო ჯამში, სწორედ კერძო სექტორია, უმეტესწილად ახალი ფირმების შექმნისა და ზრდის ხარჯზე, ქმნის ყველაზე მეტ სამუშაო ადგილს და აქვს ცხოვრების დონის გაუმჯობესების დიდი პოტენციალი. ამასთანავე, იქმნება ფისკალური შემოსავლების გაზრდის შესაძლებლობა, რაც სახელმწიფოს საშუალებას აძლევს შეასრულოს სოციალური დანახარჯების ვალდებულებები და უზრუნველყოს დაუცველი მოსახლეობის დახმარება. უფრო ფართო სტრუქტურული რეფორმების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია მდგრადი, ინკლუზიური ზრდისა და კერძო სექტორში სამუშაო ადგილების აღდგენის უზრუნველსაყოფად.  სტრუქტურული რეფორმები დაეხმარება შეიქმნას XXI საუკუნის სამუშაო ძალა და საინვესტიციო გარემო, რომელთა პირობებშიც სრულად შესაძლებელი იქნება ტექნოლოგიური ცვლილებების, გლობალური ვაჭრობისა და საქართველოს ძალიან ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენება. ეს ხელს შეუწყობს ცხოვრების დონის ამაღლებას ყველასთვის პანდემიის შემდგომ ეკონომიკური აღდგენის პერიოდში... და ბოლოს, რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა მედგრად გაიარა რთული და მართლაც უპრეცედენტო გლობალური კრიზისი და ამჟამად ჩვენ, საბედნიეროდ, გვირაბის ბოლოს სინათლეს ვხედავთ, თუმცა ჯერ ბოლომდე გვირაბიდან გასულები არ ვართ. ამას უდიდესი მოთმინება და გამბედაობა დასჭირდა, რასაც ყველა მივესალმებით. რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლებას ეკუთვნის ყველა დამსახურება "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" მხარდაჭერით განხორციელებული სარეფორმო პროგრამის წარმატებით დასრულებისთვის და ეკონომიკის გონივრულად მართვისთვის ძალზე რთული გლობალური პანდემიის პირობებში. მათი ძალისხმევა და სანდოობა აღიარეს ფინანსური ბაზრის მონაწილეებმაც, რასაც მოწმობს ევრობონდების წარმატებული გამოშვება. ვულოცავ ჩემს მეგობრებს: ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ფინანსთა მინისტრს და მთელ ეკონომიკურ გუნდს; მივესალმები ქართველი ხალხის მიერ ამ უპრეცედენტო პანდემიასა და მის უარყოფით შედეგებთან ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას", - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა სუბირ ლალიმ.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" პროგრამის მერვე მიმოხილვის დასრულებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სუბირ ლალმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ ოთხწლიანი პროგრამის მიმდინარეობისას, ქვეყანაში ხორციელდებოდა მართებული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, რაც დადასტურდა საქართველოს მიერ ევრობონდების წარმატებული გამოშვებით და ინვესტორთა ნდობით. ამასთან, აღინიშნა, რომ უნდა გაგრძელდეს მუშაობა ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.

საქართველოს მთავრობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან (IMF) ახალ პროგრამაზე მოლაპარაკებებს იწყებს.

ცნობისთვის, სავალუტო ფონდთან არსებული წინა პროგრამა, რომელიც 4 წელი გაგრძელდა, 7 აპრილს დასრულდა. პროგრამის ბოლო, მერვე მიმოხილვის დასრულებასთან ერთად, საქართველოსთვის დამატებით $111 მილიონი დოლარის რესურსი გახდა ხელმისაწვდომი. მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოსთან მიმდინარე პროგრამის დასრულება და აღნიშნეს, რომ პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება. მერვე პროგრამების ფარგლებში IMF-ი საქართველოს მიერ სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების დაწყებაზე აკეთებდა აქცენტს. რა რეფორმების განხორციელება ჩაიდება ახალი პროგრამაში სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების თემად, ჯერ უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system