თავში

გადამამუშავებელი მრეწველობა კვლავ კრიზისშია

გადამამუშავებელი მრეწველობა კვლავ კრიზისშია
გადამამუშავებელი მრეწველობა კვლავ  კრიზისშია

გადამამუშავებელ მრეწველობაში პრობლემის მოგვარება ჯერჯერობით შეუძლებელია. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დარგის წილი მშპ-თან მიმართებაში 10%-საც ვერ აღწევს, რასაც სპეციალისტები საგანგაშოდ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ წარმოების ასეთი დაბალი ტემპით ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გამოსწორება წარმოუდგენელია. გადამამუშავებელი მრეწველობის წილი დაბალი წილი ცხადყოფს, რომ სექტორი დიდ კრიზისს განიცდის. 

აკადემიკოს ავთო სილაგაძის განცხადებით, ეკონომიკის განვითარების ამოსავალი წერტილი რეალური სექტორის განვითარებაა, რაშიც პრიორიტეტი აგრარულ სექტორს გააჩნია, ხოლო მრეწველობის როლი ჯერჯერობით მცირეა.

,,გადამამუშავებელი მრეწველობა მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ პრობლემაა ის, რომ გადასამუშავებელი ნედლეულის დეფიციტია. თუკი წარმოება არ არის, ვერაფერს გადაამუშავებ, ხოლო სოფლად იქნება თუ მრეწველობაში, წარმოებას ყველგან უჭირს. ერთიც და მეორეც ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. თუმცა სოფლის მეურნეობას მეტი პოტენციალი აქვს, მით უმეტეს, ახლა სეზონიც ხელს უწყობს. შემოდგომისთვის ამ მხრივ მეტი შესაძლებლობა გაჩნდება. მოპოვებით დარგებში პრობლემის მოგვარება ნაკლებად სავარაუდოა. ამოსავალი წერტილი რეალური სექტორის განვითარებაა. ამისთვის წამახალისებელი ღონისძიებები უნდა გვქონდეს და სპეციალური პროგრამები ამოქმედდეს. მესმის, რომ ტურიზმი მნიშვნელოვანი დარგია, მაგრამ პრიორიტეტი ვერ გახდება ეკონომიკისთვის. საჭიროების შემთხვევაში, შეღავათები უნდა გაეწიოს ინვესტორებს, ვინც მრეწველობაში კაპიტალის ჩადებას მოისურვებს. თუ გვინდა წარმოება გაიზარდოს და ტურიზმმა თავისი მნიშვნელობა დაიბრუნოს, ის ფუნდამენტი უნდა იყოს მყარი, რომელზეც მომსახურების რომელიმე სახეობა უნდა აღმოცენდეს. ბოლო რამდენიმე წელია, ამას გავიძახით, მაგრამ გამოსავალი ვერ მოიძებნა. სამუშაოა ადგილების შექმნის შესაძლებლობა ჯერჯერობით მხოლოდ რეალურ სექტორს გააჩნია და ეს პოტენციალი მაქსიმალურად გამოსაყენებელია. ამ თვალსაზრისით კი, არსებული სახელმწიფო პროგრამა არასაკმარისია. უცხოური და ადგილობრივი ინვესტიციები წასახალისებელია, რისთვისაც ღონისძიებები კომპლექსურად უნდა განხორციელდეს", - აცხადებს სილაგაძე.

აღსანიშნავია, რომ ავთო სილაგაძე ერთ-ერთია ქართველი მეცნიერებიდან, რომლებმაც ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის პირველსავე წლებში ეკონომიკის განვითარების 20 -წლიანი გეგმა შეიმუშავეს. თუმცა, არც გაუქმებულა და დღესაც თაროზეა შემოდებული.

,,ჩვენს მიერ მომზადებული პროგრამა ჩვენი პროგრამა ითვალისწინებდა ეკონომიკის განვითარებას 2030 წლამდე. პრიორიტეტი იყო ეროვნული სექტორის განვითარება, მათ შორის მრეწველობასა და აგრარულ სფეროებს პრიორიტეტად განიხილავდა. დაანგარიშებული იყო საჭირო რესურსიც, 300 მილიონი დოლარის ოდენობით, რასაც ასეულ ათასობით სამუშაო ადგილი უნდა შეექმნა. თუკი ამ გეგმას ავამუშავებდით, მოსახლეობას უნდა მიეღო მინიმუმ 20 ათასი დოლარი 1 სულზე, მაგრამ ჩვენი გეგმა არ გაითვალისწინეს. აქცენტი სახელმწიფოს ტურიზმზე ჰქონდა გაკეთებული, ამიტომ ჩვენი პროგრამა განუხორციელებელი დარჩა. რეალურად არაფერი გაკეთებულა. მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს აუცილებლად უნდა გააჩნდეს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა, სადაც გათვლილი იქნება, ყოველწლიურად უნდა იყოს გაწერილი, რა შედეგს მივაღწევთ ეკონომიკაში, ამის გარეშე არაფერი გამოვა", - აცხადებს სილაგაძე. 

ცნობისთვის, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (13.5 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (12.9 პროცენტი), შემდეგ პოზიციაზეა გამამუშავებელი მრეწველობა, რომლის წილი 9.5 პროცენტს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system