თავში

გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა

გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა
გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა

მთავრობა ტურისტულ სექტორს მაქსიმალურად ეხმარებოდა და დაეხმარება, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, სადაც პრემიერმა ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმას წარადგინა.

"პრაქტიკულად არც ერთი თვე არ გასულა, ტურისტული ინდუსტრიისთვის რამე სიახლე და დახმარება არ შეგვეთავაზებინა," - აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ პირველი ეტაპი მარტში იყო, რომელსაც სახელმწიფომ „გადაუდებელი დახმარების ეტაპი“ უწოდა, რადგან იმ მომენტისთვის ყველაზე მეტად დაზარალდა ტურისტული ინდუსტრია.

უკვე ჩანდა, რომ ეს ტენდენცია უფრო გაძლიერდება შემდეგ თვეებში, ჩვენ შევთავაზეთ ტურიზმის სექტორს მათთან შეხვედრისა და კონსულტაციის შედეგად მართლაც უპრეცედენტო საგადასახადო შეღავათები და ოთხი თვით მთლიან ბიზნესსექტორს მიეცა შესაძლებლობა, გადავადებულიყო ქონების გადასახადი, ასევე საშემოსავლო გადასახადი 2020 წლის პირველ ნოემბრამდე“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას შეფასებით, აღნიშნული შეღავათით უკვე ისარგებლა 6 118-მა ტურისტულმა ბიზნესმა.

„ასევე ჩვენ მყისიერად გავაფართოეთ მცირე სასტუმროების დახმარების პროგრამა, რომელიც „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ეგიდით ხორციელდება – როდესაც სახელმწიფო ასუბსიდირებს ბანკის პროცენტის დიდ ნაწილს, 80 პროცენტიანი სუბსიდირება ხდებოდა. თუ აქამდე ეს იყო 20 ნომრამდე ზომის სასტუმროები, ჩვენ მარტში მივიღეთ გადაწყვეტილება და 50 ნომრამდე სასტუმროებზე გავავრცელეთ იგივე პროგრამა. დღეის მონაცემებით, უკვე 2200-მა სასტუმრომ დააფიქსირა სურვილი, რომ ესარგებლა ამ შეღავათით“, – აცხადებს ნათია თურნავა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფომ ასევე ტურისტულ ინდუსტრიას შუამდგომლობა გაუწია კომერციულ ბანკებთან და უმეტეს მათგანისთვის საბანკო სესხის რესტრუქტურიზაცია განხორციელდა.

საქართველოში ტურიზმი სამ ეტაპად გაიხსნება.

ტურიზმში ახალი მოთხოვნები ჩნდება და მთავრობა ცდილობს ეკონომიკის ამ სეგმენტს შეუწყოს ხელი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

როგორც დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა,

საქართველო უსაფრთხო ტურისტულ ზონებს გამოყოფს, როგორიცაა, წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა.

მთავრობის მეთაურის თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი.

გახარიას ინფორმაციით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისებისმიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

დღესვე ცნობუილი გახდა, რომ გიდებისთვის მთავრობა ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ამუშავებს, რომელიც სულ მალე გასაჯაროვდება.

ტურიზმის გახსნის პროგრამის პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ მთავრობა საბანკო გარანტიის პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის მთავრობას 60 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

მთავრობის გადაწყვეტილებითვე, გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურინდუსტრიის კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, სარესტორნე ბიზნესის ახალ სესხებს მთავრობა 90%-ით თანაუზრუნველყოფს, ხოლო უკვე არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

მთავრობა სესხებს უსუბსიდირებს სასტუმროების ნაწილსაც.კერძოდ, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსიდირებათ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე.

შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა.

ცნობისთვის, 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის მხარდაჭერის გეგმა გასაჯაროვდება. ესაა: ტურიზმი, სოფელი, მშენებლობა და განათლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system