თავში

გაიხსნება თუ არა სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესი თებერვლიდან

გაიხსნება თუ არა სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესი თებერვლიდან
გაიხსნება თუ არა სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესი თებერვლიდან

სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესში დაწესებული შეზღუდვების მოხსნასთან დაკავშირებით გაურკვევლობაა. მთავრობა ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს, ეპიდემიოლოგები შეზღუდვების დატოვების მომხრედ რჩებიან, ხოლო ინდუსტრიის წარმომადგენლები, როგორც თავად აცხადებენ, ინფორმაციულ ვაკუუმში არიან, რადგან მათთვის      უცნობია, რა იგეგმება სექტორის გახსნასთან დაკავშირებით და როდიდან შეძლებენ საქმიანობის გაგრძელებას, რომელსაც ბევრი, კრიზისის გამო, აღდგენის პირობებშიც ვერ მოახერხებს. როგორც რესტორატორთა ასოციაციის წარმომადგენელი კოტე გაბრიჩიძე report.ge-თან ამბობს, მთავრობას გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს, ხოლო ბიზნესი უმძიმეს გასაჭირშია და გაკოტრების ზღვარზეა ან უკვე გაკოტრდა.

,,მთავრობას ჯერ კიდევ არ აქვს პოზიცია არა მარტო ჩვენს მიმართ, ბევრ სხვა დარგთან დაკავშირებითაც. დანაკარგი კი იმდენად დიდია, წარმოდგენაც არ მაქვს, მესამე ტალღა თუ იქნება (როგორც ჯანდაცვის მინისტრი ამბობს), რა უნდა გავაკეთოთ. ტალღა - მესამე, მეოთხე და ა.შ., მუდმივად იქნება. covid-19 თუ არა, სხვა ვირუსი გაჩნდება, მიკრობების პლანეტაზე ვცხოვრობთ და ყოველ ტალღაზე თუ შეეცდებიან დაკეტვას, როგორ იარსებებს ეკონომიკა ან რის ხარჯზე გაიზრდება 4%-ით, როგორც პროგნოზირებენ, რის იმედი აქვთ? ამ ბოლო დროს ხშირად მეკითხებიან, თუკი მოიხსნება შეზღუდვა, ვართ თუ არა მზად, საქმიანობა გავაგრძელოთ? ჩვენ მზად უკვე არაფრისთვის აღარ ვართ, ბიზნესი განადგურებულია მთლიანად, ნებისმიერი ბიზნესი - ტანსაცმლის მაღაზია, სასტუმრო, ელექტროტექნიკის მაღაზიები და სხვა, განადგურებულია. მთლიანად ქვეყანა არ არის მზად, ასობით ათასი ადამიანი უმუშევარია. ამ დროს არიან ქვეყნები, რომლებიც არ ჩაკეტილან, მაგალითად, დუბაი, თურქეთი და სხვა, რომლებიც ეპიდემიას ებრძვიან გახსნილი ეკონომიკის პირობებში. ჩვენ კი რადიკალურ ზომებს ვიღებთ, ფაქტობრივად, გლდანის ციხედ იქცა მთელი საქართველო.  გახსნასთან დაკავშირებით არაფერს გვპირდებიან, გაჩუმებული ვართ და ველოდებით თვის ბოლოს, როცა ახალი განცხადება გაკეთდება", - აცხადებს კოტე გაბრიჩიძე.

მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინშია სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელი შალვა ალავერდაშვილი. მისი თქმით, უცნობია, რა ტიპის შეზღუდვების მოხსნაზე იქნება საუბარი და ჰორეკა ბიზნესს აქედან რა შეეხება.

,,გადაწყვეტილებას ველოდებით, ჯერჯერობით სრული გაურკვევლობაა. არც არაფერს გვეუბნებიან და ვერც რამეს გვპირდებიან. თუმცა, დიდი ხანია უკვე, რაც მთავრობის დაპირებების არ გვჯერა, ბევრჯერ მოვტყუვდით. გვეუბნება და გვპირდება. შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. აქამდე გვეგონა, გარკვეულ დათმობაზე წამოვიდოდნენ, შეზღუდვა შემსუბუქდებოდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა“, - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system