თავში

გალის მცხოვრებლებს მიმოსვლა ისევ შეზღუდული აქვთ

გალის მცხოვრებლებს მიმოსვლა ისევ შეზღუდული აქვთ
გალის მცხოვრებლებს მიმოსვლა ისევ შეზღუდული აქვთ

კორონავირუსის პრევენციით აფხაზეთის მოსახლეობა ისევ იზოლაციაშია. როგორც ადგილობრივები report.ge-თან სატელეფონო საუბრისას აღნიშნავენ, აფხაზები ე.წ. საზღვარს დრო და დრო ხსნიან, ხალხს ზუგდიდში გამგზავრების სანაცვლოდ ფულს სძალავენ და შემდეგ გაურკვეველი ვადით ისევ უბლოკავენ გზას. 

ყველაზე მეტ პრობლემას ხალხი პროდუქტის ყიდვისას აწყდება, რადგან ფასები ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველაფერზე გაზრდილია. რაც შეეხება თხილს, ადგილობრივებს ერთადერთი მოსავლის გაყიდვა ადგილზე, საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში უწევს, რაც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

ამის შესახებ სოფელ ფიჩორის ერთ-ერთმა მცხოვრებმა გვაცნობა, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების მიზნით ვერ ვასახელებთ. მან ასევე აღნიშნა, რომ ,,ჩაკეტვის" მიუხედავად, აფხაზი მებაჟეები ხალხს ქრთამის სანაცვლოდ უშვებენ, ისიც სამედიცინო გადაუდებელი საჭიროების დროს, როცა სხვა გამოსავალი არ არის.

,,მოჩვენებით ჩაკეტეს საზღვარი, ხალხს ქრთამის სანაცვლოდ უშვებენ. სულ მცირე, 200 ლარს ითხოვენ. ცხადია, პროდუქტის ყიდვის მიზნით ტერიტორიას არავინ დატოვებს. უკიდურესი საჭიროების გარდა, არავინ გადაადგილდება, ისიც, თუ ვინმე ავად გახდა და ექიმთან წასვლა დასჭირდება. ჩვენი მთავრობა აფხაზებს უფასოდ მკურნალობს, ჩვენ კი ექიმამდე მისასვლელ გზას გვიკეტავენ, საშინელ სიტუაციაში ვართ. ტვირთის გადატანაზე საუბარიც არ შეიძლება, ამიტომ იძულებული ვართ, რომ თხილი ადგილზე გავყიდოთ, ზუგდიდში 1 კგ. პროდუქტი 4 ლარზე ძვირი ღირს და ჩვენ 3,50 ლარადაც ვერ ვყიდით. ერთადერთი სტაბილური მოსავალი თხილია და ამასაც რიგიანად ვერ ვიყენებთ", - ამბობს ფიჩორის მკვიდრი.

გალის ქვედა ზონის სოფელ ოტობაიის მცხოვრებმა აღნიშნავს, რომ საზაფხულო სეზონის მიუხედავად, აგრარული პროდუქტის უმეტესობა შემოტანილია, რადგან ქართული სურსათის წილი ადგილზე ძალიან მცირეა. 

,,თითქმის ყველა დასახელების ხილი და ბოსტნეული რუსეთიდან შემოდის. მათი უმეტესობა თურქული და ირანული პროდუქტია. ზუგდიდიდან სურსათი ვერ შემოაქვთ, ხოლო თუკი ვინმე მაინც ახერხებს შემოტანას, ლამის სამმაგ ფასში ჰყიდის, ამიტომ ხელი არ მიგვიწვდება. ცოტა ჭირნახული ყველა ოჯახშია, მაგრამ საკმარისი არ არის. სიმინდიც კი იმპორტულია, შარშანდელი მოსავალი მიილია, იშვიათად, რომ სადმე იყოს შემორჩენილი. ხილიდან ძირითადად ვაშლი და ლეღვია, რაც ამ სეზონზე თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება, დანარჩენს ვყიდულობთ", - ამბობს ოტობაიელი გლეხი.

ოფიციალურად ენგურის ხიდი აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ ცალმხრივად ბოლოს 13 ივლისს გახსნა. აფხაზეთში დაბრუნების მსურველებს ე.წ. საზღვრის გადაკვეთა 5 დღის განმავლობაში შეეძლოთ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system