თავში

გალში მოსავლის რეალიზაცია უჭირთ

გალში მოსავლის რეალიზაცია უჭირთ
გალში მოსავლის რეალიზაცია უჭირთ

გალის მოსახლეობა მოსავალს ვერ ყიდის. როგორც ადგილობრივები report.ge-თან სატელეფონო საუბრისას ამბობენ, გადამყიდველები რაიონში იშვიათად შემოდიან ან მიზერულ ფასად ცდილობენ შესყიდვებს, რაც ხარჯს მინიმალურადაც ვერ ანაზღაურებს. აქამდე ხალხი მოსავალს, თხილი იქნებოდა, სიმინდი თუ ციტრუსი, ზუგდიდში ჰყიდდა, ვისაც შეეძლო, რუსეთშიც გაჰქონდა, თუმცა ეკონომიკურ ბლოკადაში მოქცეული მოსახლეობისთვის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის რეალიზაცია ფაქტობრივად წარმოუდგენელია. 

გალის ქვედა რაიონის სოფელ ფიჩორში მცხოვრებ რაულ ცხადაიას თქმით,  კივის და ფეიხოას მოსავალი დაულპა, ხოლო ციტრუსი მინიმალურ ფასად გაყიდა.

,,ტონაზე მეტი თხილი მოვიწიე და მოსავალი პურის ფულადღა მეყოფა მთელი სეზონის განმავლობაში. 1 კგ. პროდუქტი 3,50 ლარად გაიყიდა, როცა ზუგდიდში თხილის ფასი 8 ლარს აჭარბებდა. კივი და ფეიხოა 50 თეთრადაც არ გაიყიდა, ხოლო 150 კგ., უმაღლესი ხარისხის ლიმონში 70 ლარი გადამიხადეს, რაც გალში 1 ტომარა ფქვილის ფასია. შარშან ზუგდიდში გავყიდეთ, წინა წლებში რუსეთშიც დამქონდა პროდუქტი, მაგრამ წელს ცალკე ეპიდემიის, ცალკეც მკაცრი საბაჟო კონტროლის გამო, ამის  შესაძლებლობა არ მოგვეცა. მთელი შრომა წყალში ჩაგვეყარა, საკუთარი ნაშრომით ვერ ვსარგებლობთ", - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას რაულ ცხადაიამ.

ანალოგიური მდგომარეობაა გალის ქვედა ზონის კიდევ ერთ სოფელში - ზემო ბარღებში. ადგილობრივ ცისანა ბასარიას თქმით, დახლებზე თითქმის აღარ არის ქართული, რადგან შემოტანა შეფერხდა და ბაზარი ძირითადად რუსული პროდუქტით მარაგდება.  

,,ყველაფერი ძვირია, ფაქტიურად ეკონომიკურ ბლოკადაში ვართ, ჩავიკეტეთ, ელემენტარული სამედიცინო მომსახურების მირების საშუალებაც აღარ არის, რამე რომ დაგვემართოს, ჩვენი მომხედავი პატრონი არ არის. რაც გვაქვს, იმასაც ვერ ვყიდით, როგორ უნდა გავიტანოთ თავი, თხილის შემოსავალი თავს გამოზამთრების საშუალებასაც ვერ გვაძლევს, მოსავალი ან ლპება ან ჩალის ფასად მიაქვთ და თითონ მაღალი მოგებით ჰყიდიან, ჩვენ კი ვზარალდებით, ადგილობრივ ადმინისტრაციას ჩვენი მდგომარეობა ოდნავადაც არ აღელვებს, გამოუვალ სიტუაციაში ვართ", - ამბობს ადგილობრივი. 

როგორც გალელები ამბობენ, შეზღუდვების მიუხედავად, რუსეთთან საზღვარი ფაქტობრივად ღიაა და  აფხაზები, ასევე რუსები შეუფერხებლად გადაადგილდებიან, როცა მოსახლეობას სახლიდან გასვლის შესაძლებლობასაც უზღუდავენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system