თავში

რა კეთდება ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სექტორში კერძო კაპიტალის მოსაზიდად

განახლებადი ენერგიის სექტორში კერძო კაპიტალის მოსაზიდად
რა კეთდება ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სექტორში კერძო კაპიტალის მოსაზიდად

მსოფლიო ენერგიის წყაროს 50% 2037 წლისთვის განახლებადი ენერგია იქნება, - ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს და წერს, რომ ეს ყველაფერი კაპიტალიზმის დამსახურებაა.

როგორც ჩანს, მზის პანელები და ქარის ენერგია ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მთელს მსოფლიოში მათი ათვისება ფინანსური სარგებლობისთვისაც და ეკოლოგიის გაუმჯობესების კუთხითაც, საინტერესოა.

მისივე ცნობით, ჯერ კიდევ 10 წლის წინ ამერიკაში არსებობდა მოსაზრება, რომ ქვანახშირი გახდებოდა ნავთობის შემცვლელი, თუმცა მისი ფასი ბოლო პერიოდში 53%-ით გაძვირდა, ქარისა და მზის ენერგიის ღირებულება კი, იგივე დარჩა. წელს პირველად ამერიკამ განახლებადი წყაროებიდან უფრო მეტი ენერგია მიიღო, ვიდრე ქვანახშირიდან და უკვე ემზადება იმისთვის, რომ რამდენიმე ათწლეულში ის ნავთობს გაუთანაბრდება.

"განახლებად ენერგიაში შედის ბიომასები, ქარი, მზე, ჰიდროელექტრო და გეოთერმული წყაროები, თუმცა 2050 წლისთვის მხოლოდ მზე და ქარი შეძლებს მსოფლიოში მოხმარებული ენერგიის ნახევარი უზრუნველყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულწილად ნავთობის პრობლემა მოგვარებული იქნება და გარემოც ნაკლებად დაზიანდება", - წერს Bloomberg.

მზადაა თუ არა ამისთვის საქართველო? მიჰყვება თუ არა მზის განახლებად ენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას მიწოდება ჩვენს ქვეყანაში და რამდენადაა განვითარებული ამ სეგმენტის წარმოება?

ამის გარკვევას Report.ge სპეციალისტებთან შეეცადა. გიორგი მუხიგულიშვილი, რომელმაც „განახლებადი ენერგიების და ენერგოეფექტურობის (გე&ეე) პროექტის“ ავტორია, Report.ge - ს განუცხადა რომ საქართველოს ამ ბიზნესის განსავითარებლად უნიკალური რესურსი აქვს.

"გეოგრაფიული მდებარეობის გათვალისწინებით, მზის ეფექტური გამოსხივება საქართველოში საკმაოდ მაღალია. უმეტეს რაიონებში მზის ნათების წლიური ხანგრძლივობა 250-დან 280 დღემდე მერყეობს, რაც წელიწადში დაახლოებით 1900÷2200 საათს შეადგენს. მზის ენერგიის სრული წლიური პოტენციალი საქართველოში შეფასებულია 108 მგვტ-ით. საქართველოს ტერიტორიის ჰიდროგეოლოგიური შესწავლის თანახმად გეოთერმული წყლების პროგნოზული მარაგები 200÷250 მლნ. მ3-ს აღწევს წელიწადში. ცნობილია 250-მდე ბუნებრივი და ხელოვნური ჭაბურღილები, რომლებშიც გეოთერმული წყლის ტემპერატურა 30-დან 110 0С-ის ფარგლებში მერყეობს, ხოლო მთლიანი დებიტი 160 ათას მ3-ს შეადგენს დღე-ღამეში. არის ისეთი ჭაბურღილები, რომელთა წყლის ტემპერატურა 85 0С-ს აღწევს. გეოთერმული საბადოების 80%-ზე მეტი განლაგებულია დასავლეთ საქართველოში, ზუგდიდი-ცაიშის გეოთერმულ ველზე. საქართველოს გეოთერმული წყლების შედარებით დაბალი ტემპერატურა არ იძლევა საშუალებას, მათი ელექტროენერგიის წარმოების მიზნით, გამოყენებისათვის, თუმცა ენერგეტიკული თვალსაზრისით ამ რესურსის გამოყენებას ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ცხელი წყლით მომარაგებისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, როგორც ძვირადღირებული იმპორტირებული ენერგოშემცველების დაზოგვის, ასევე სათბური გაზებს ემისიის შემცირების თვალსაზრისით. მეტი ინვესტიციების მოზიდვით შესაძლებელია განახლებადი ენერგიის წყაროებით წარმოებული ელექტროენერგიის გამოყენება რეგიონალური მასშტაბით სათბური გაზების ემისიის შემცირებისათვის, და რაც მნიშვნელოვან ფონს შეუქმნის საქართველოს კიოტოს ოქმით განსაზღვრული გარემოსდაცვითი პროექტების დანერგვაში," - განუცხადა Report.ge - ს გიორგი მუხიგულიშვილმა.

რა კეთდება ქვეყანაში განახლებადი ენერგიის სექტორში კერძო კაპიტალის მოსაზიდად?

Report.ge-მ გაარკვია, რომ ადგილობრივ ბაზარზე ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი კაპიტალი ამ სფეროში მხოლოდ ორ ობიექტზეა ჩადებული. ერთი ესაა ქუთაისში მდებარე მზის ენერგიის მოდულების მწარმოებელი კომპანიის, “აე სოლარის” ავტომატური რობოტიზებული კონვეირების უახლესი საწარმო, რომელიც 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას უზრუნველყოფს. მეორეა შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ მიერ აშენებული ქარის ელექტროსადგური გორში. სახელმწიფოსთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე კომპანია ვალდებულია, რომ 10 წლის განმავლობაში გამომუშავებული ენერგია მთლიანად სახელმწიფოს მიჰყიდოს. ცნობისთვის, ელექტროსადგურის სიმძლავრე 20,7 მეგავატია. მის 50,1 %-ს ფლობს "საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი", 49,9 %-ს საქართველოსა ნავთობისა და გაზის კორპორაცია" განკარგავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system