თავში

განვითარების რა ნიშნულზეა საზღვაო სფერო საქართველოში

განვითარების რა ნიშნულზეა საზღვაო სფერო საქართველოში
განვითარების რა ნიშნულზეა საზღვაო სფერო საქართველოში

მსოფლიო დღეს 24 სექტემბერს საზღვაო დღეს აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, მიულოცა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა.

ცნობისთვის, მთავრობის 2020 წლის 15 ივნისს გადაწყვეტილებით, საქართველოში მეზღვაური - “საკვანძო პროფესიად“ გამოცხადდა. 

საქართველოს საზღვაო სფეროს განვითარებას მხარს აქტიურად უჭერს ევროკავშირი სხვადასხვა პროექტებისა და პროგრამების საშუალებით, რომელიც ეხება მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, სანავიგაციო უსაფრთხოების გაძლიერებას, საზღვაო გარემოს დაცვას, და ასევე განათლებისა და სწავლების თანამედროვე სტანდარტების დანერგვას. ყველა ეს რეფორმა მიზნად ისახავს მხარი დაუჭიროს ქვეყნას იმ გეგმების განხორციელებაში, რომლებიც შეეხება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მდგრადი საზღვაო ტრანსპორტირების სისტემისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და საკანონმდებლო ბაზის შექმნას, ახალი ტექნოლოგიისა და ინოვაციების დანერგვას, ენერგოეფექტურობას, გაციფრულებას, საზღვაო / პორტის მომსახურებების ინტეგრაციასა და სხვა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ცნობით, ევროკავშირი მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით იწყებს საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ხაზს უსვამს როგორც იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, ასევე სამომავლო პერსპექტივებს:

1. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საზღვაო განათლების შესაძლებლობები საქართველოში და, შედეგად, ხარისხიანი დასაქმება.

2. ევროკავშირის სტანდარტების დანერგვისა და საზღვაო ტრანსპორტის სახელმწიფო სტრატეგიის მიღების შედეგად გაჩენილი ეკონომიკური შესაძლებლობები.

3. უწყვეტი მუშაობა შავი ზღვის გარემოს დაცვის უზრუნველყოფის მიზნით.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა განმარტავს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საზღვაო სექტორში: 1. ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს საზღვაო სექტორში განხორციელდა სხვადასხვა სტრუქტურული, საკანონმდებლო და საგანმანათლებლო რეფორმები. 2. განათლებისა და სერტიფიცირების კუთხით მიმდინარე რეფორმების შედეგად, მსოფლიოს 54 ქვეყანა ცნობს საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურის სერტიფიკატებს, მათ შორის არის ევროკავშირის 20-მდე წევრი ქვეყანა. 3 ბოლოდროინდელი განათლებისა და სერტიფიცირების რეფორმების წყალობით, საქართველოს მეზღვაურების უმრავლესობა ამჟამად დასაქმებულია ევროკავშირის წევრი ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემზე ან ევროპული გემთმფლობელების გემებზე, რაც უზრუნველყოფს მათი უსაფრთხოების დაცვას, სოციალური დაცვის გარანტიებსა და საზღვაო ფლოტის თანამედროვე სტანდარტებს. 4. საქართველოს მეზღვაურების სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიური შენატანი დაახლოებით ნახევარ მილიარდ ლარამდე გაიზარდა.

რაც შეეხება, საქართველოს საზღვაო სფეროს ევროსტანდარტიზებას, ევროკავშირის ცნობით, აქაც სახეზეა სერიოზული პროგრესი: 1. უსაფრთხო, დაცული და ეფექტური საერთაშორისო გადაზიდვების ინდუსტრია ქვეყნის სამომავლო მდგრადი ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვანი კომპონენტია, საქონლის აბსოლუტური უმრავლესობა საზღვაო გზით იმპორტირდება. 2. საზღვაო ინდუსტრია ქვეყანაში სწრაფად ვითარდება. 2019 წელს საქართველოს ნავსადგურებში 43% -ით გაიზარდა საკონტეინერო ტვირთბრუნვა. საქართველოს პორტები, პანდემიის პირობებშიც კი 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის შედეგად უწყვეტად ამარაგებენ ქვეყანას აუცილებელი პროდუქტებით, საქონლითა და სამედიცინო აღჭურვილობით. 3. ევროკავშირის მხარდაჭერით, პირველად საქართველოს ისტორიაში 2021 წელს ქვეყანას ექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია, რომელიც განსაზღვრავს საზღვაო ინდუსტრიის საკვანძო კომპონენტებს სტრატეგიული განვითარების მიზნებსა და მათი განხორციელების გზებს. 4. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისი 22 დირექტივიდან და რეგულაციიდან 16 უკვე დანერგილია და ხელს უწყობს სექტორის უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, განათლებისა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. 5. ყოველივე ეს გაზრდის საზღვაო სექტორის კონკურენტუნარიანობას, ამ სექტორში დასაქმებული ადამიანები ისარგებლებენ გარკვეული სტანდარტების შესაბამისი სამუშაო პირობების ხარისხითა და უსაფრთხოებით. ყველა ეს რეფორმა მნიშვნელოვნად გაზრდის სექტორის მიმზიდველობას ინვესტორებისთვის და დაეხმარება საქართველოს ჩამოყალიბდეს მოწინავე ქვეყნად საზღვაო სფეროში.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით, 2021 წელს, პირველად მის ისტორიაში საქართველოს ექნება საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგია.

"რაც შეეხება პროექტს, "სუფთა ზღვა უკეთესი გარემოსთვის", ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საქართველომ მიიღო თანამედროვე ლაბორატორიული აღჭურვილობა, რაც შავი ზღვის სანაპირო ზოლის გარემოს რეგულარული კვლევების ჩატარების საშუალებას იძლევა.  ასევე ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და შესაძლებლობების განვითარების კუთხით გაწეული მხარდაჭერა საქართველოს ექსპერტებს საშუალებას მისცემს განსაზღვრონ, თუ რა შემდგომი ზომების მიღება არის საჭირო შავი ზღვის სანაპიროს გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ევროკავშირი ხელს უწყობს საზღვაო გარემოს ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას," - განმარტავენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

ცნობისთვის, შავი ზღვა უნიკალური აქტივია საქართველოსთვის, მაგრამ ის საკმაოდ დაბინძურებულია. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს შავი ზღვის წყლის ხარისხის გაუმჯობესების, შესაძლებლობების განვითარებისა და ტექნიკური დახმარების გზით. 

"საერთაშორისო გადაზიდვები მსოფლიო ვაჭრობის 80%-ზე მეტს შეადგენს. საზღვაო გადაზიდვა ტრანსპორტირების ყველაზე ეფექტური და ეკონომიური მეთოდია; ეს უზრუნველყოფს გლობალური საქონლის საიმედო და დაბალფასიან ტრანსპორტირებას, ვაჭრობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას.
მდგრადი გადაზიდვებისა და მდგრადი საზღვაო განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს, ისევე როგორც საქართველოსთვის, როგორც ამ ორგანიზაციის წევრი ქვეყნისთვის,"
- აცხადებენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში.

საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს მეზღვაური - “საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system