თავში

განვითარების რა ნიშნულზეა სოფლის მეურნეობა საქართველოში

განვითარების რა ნიშნულზეა სოფლის მეურნეობა საქართველოში
განვითარების რა ნიშნულზეა სოფლის მეურნეობა საქართველოში

საქართველოში 3 მილიონ ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწაა. აქედან, 2014 წლის აღწერის თანახმად, დაახლოებით მეოთხედი (788 ათასი ჰა) პრივატიზებული, ანუ მეურნეობების საკუთრებაშია; ამ მეურნეობების 99.65% კი შინამეურნეობას წარმოადგენს.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) მიერ ჩატარებულ კვლევაში "აგრარული მეურნეობა - გამოწვევები და შესაძლებლობები".

BAG-ის აგროსექტორის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით, მეურნეობების საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის 14% მრავალწლოვან ნარგავებს უკავია, 38% - სათიბებსა და საძოვრებს, ხოლო თითქმის ნახევარი სახნავი მიწაა. თუმცა, მეურნეობების მესამედი მათ საკუთრებაში არსებულ სახნავ მიწას არ ამუშავებს - რაც ჯამში 112 ათას ჰექტარს აღემატება. ანუ, მეურნეობების საკუთრებაში არსებული სახნავი მიწის 30% არ მუშავდება.

კვლევის მიხედვით, სოფლის მეურნეობაში ჩართული მეურნეობების მიერ მიწის დიდი ნაწილის დაუმუშავებლად დატოვების, ნათესი ფართობების და პირუტყვის სულადობის შემცირების მიუხედავად, სოფლის მეურნეობა მცირე ტემპით მაინც ვითარდება. შედეგად, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების მოცულობა ნელ-ნელა მატულობს.

"2019 წელს სოფლის მეურნეობამ 4.7 მლრდ. ლარის პროდუქცია გამოუშვა, ხოლო სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობაში შექმნილმა დამატებულმა ღირებულებამ 3.1 მლრდ. ლარი შეადგინა, რაც მთლიანად ქვეყანაში შექმნილი დამატებული ღირებულების 7.2% იყო. თუმცა, გამოშვების მოცულობის მატების მიუხედავად, სექტორის წილი მშპ-ში კლებადია. ანუ, სოფლის მეურნეობის ზრდის ტემპი მთლიანი ეკონომიკის ზრდის ტემპს ჩამორჩება. მიწების დანაწევრება, დაბალი მექანიზაცია, სასოფლო პროდუქციის მაღალი თვითღირებულება, შესაბამისი ცოდნის არქონა თუ მოძველებული ინფრასტრუქტურა სექტორის ზრდას აფერხებს და მნიშვნელოვნად ამცირებს პროდუქტიულობას. ამას გარდა, მავნებლებისა და სხვადასხვა ორგანიზმების მიმართ დაბალი რეზისტენტობის მქონე ჯიშები, გაუმართავი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემები, კლიმატური პირობების მიმართ მაღალი მგრძნობელობა, ცოდნისა და გამოცდილების დაბალი დონე _ ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად მოქმედებს სექტორის მწარმოებლურობაზე (გრაფიკი 4) და ხელს უშლის სტაბილურ ზრდას. როგორც გრაფიკი 5-დან ჩანს, სოფლის მეურნეობის სექტორის ზრდის ტემპი მნიშვნელოვანი მერყეობით ხასიათდება," - აღნიშნულია კვლევაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system