თავში

გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევებისთვის 2,8 მლნ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა

გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევებისთვის 2,8 მლნ
გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევებისთვის 2,8 მლნ ლარზე მეტი ჯარიმა გამოიწერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, 7009 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 416 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, ყველაზე მეტი ფაქტი უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. 1 წლის განმავლობაში კი, გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევების გამო დაკისრებული ჯარიმა 2,8 მლნ ლარი სცდება.

უწყების ინფორმაციით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 1529, ხე-ტყის ტრანსპორტირების წესის დარღვევის 1247, სახერხების ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და 84 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.

1 წლის განმავლობაში, ასევე გამოვლენილია ნარჩენების მართვის კოდექსის 1379, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის 803, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის 651, წიაღის უკანონო მოპოვების 410, მიწის კანონმდებლობის დარღვევის 135, წყლის კანონმდებლობის დარღვევის 123, სხვადასხვა ლიცენზიანტის მხრიდან ლიცენზიის პირობების დარღვევის 50 ფაქტი. აღნიშნულ პერიოდში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 314 ფაქტია გამოვლენილი.

1 წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი სამართალდამრღვევების მიმართ დაკისრებული ჯარიმის ოდენობამ 2 898 407 ლარი შეადგინა; სამართალდამრღვევების მიერ გარემოზე მიყენებული ზიანის თანხა 4 მლნ ლარს აღემატება.

2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) გარემოს დაცვის სფეროში სამართალდარღვევების თაობაზე შემოსულია 2 798 შეტყობინება, რომლებზეც განხორციელდა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system