თავში

გასაქირავებელ და გასაყიდ ქონებაზე ფასების კლებაა მოსალოდნელი

გასაქირავებელ და გასაყიდ ქონებაზე ფასების კლებაა მოსალოდნელი
გასაქირავებელ და გასაყიდ ქონებაზე ფასების კლებაა მოსალოდნელი

Colliers-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, პანდემიამ თბილისის უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად შეამცირა.

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასების ცვლილებას, ორგანიზაციის განმარტებით, დეველოპერების გარკვეულმა ნაწილმა პირველად ბაზარზე უკვე დაიწყო ფასდაკლების აქციები, თუმცა მეორად ბაზარზე ჯერ მკვეთრი რეაგირება არ შეინიშნება.

ორგანიზაციის უძრავი ქონების ექსპერტების გათვლით, საინვესტიციო/გასაქირავებელი ბინების ბაზარი გამოწვევების წინაშე დადგება. 

"მოსალოდნელია ფასების მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც გასაქირავებელ, ისე გასაყიდ ქონებაზე. მეორე მხრივ, ამ შემცირებამ შესაძლოა გააჩინოს სპეკულატიური ინვესტორების ახალი ტალღა, რომლებიც კრიზისულ პერიოდში აქტიურდებიან," - ნათქვამია მიმოხილვაში.

ორგანიზაციის ექსოპერტების პროგნოზით, ფასების შემცირება რისკს უქმნის დეველოპმენტების შიდა განვადებებს. 

"განსაკუთრებით კი ადრეულ ეტაპზე არსებულ დეველოპმენტებს და იმ კონტრაქტებს, რომლებიც მცირე ავანსითაა ნაყიდი. დეველოპერების ნაწილთან გასაუბრებაზე დაყრდნობით, მყიდველების მხრიდან განვადების გადახდები შემცირებულია. ამის დარეგულირება შეიძლება დეველოპერების მიერ მომხმარებლებისთვის მშენებლობის გეგმიურად გაგრძელების ჩვენებით. აღნიშნულში მნიშვნელოვანი როლი ექნებათ ბანკებს. თუ დაფინანსება სტაბილურად გაგრძელდება და დეველოპერები შეძლებენ მშენებლობის შეუფერხებელ გაგრძელებას, მომხმარებლებიც დაინახავენ, რომ მათ ქონებას საფრთხე არ ემუქრება და უფრო მეტი იქნება შანსი, რომ მათაც გააგრძელონ შიდა გადახდები. მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია ტრანზაქციების შემცირება განსაკუთრებით ტურისტულ არეალებში, როგორებიცაა: ბათუმი, ბაკურიანი, გუდაური. 2019 წლის მონაცემებით, ბათუმის ბაზარზე ჯამში დაახლ. 11,500 ტრანზაქცია განხორციელდა, აქედან დიდი წილი საინვესტიციო ქონებებზე მოდის. სხვა მასშტაბით, მაგრამ საინვესტიციო ბინები ჭარბობს ბაკურაინსა და გუდაურშიც. სავარაუდოა, რომ გაურკვევლობის ამ პერიოდში, მყიდველები თავს შეიკავებენ ე.წ. ტურისტული დანიშნულების ბინების შეძენისგან", - აღნიშნულია Colliers-ის მიმოხილვაში.

ცნობისთვის ბანკებმა ერთ კვირაზე მეტია, რაც სუბსიდირებული იპოთეკური სესხების გაცემა დაიწყეს. ბიუჯეტის თანახმად, ამ პროგრამის დაფინანსება 70 მილიონი ლარი იქნება და ფარგლებში სესხების თანადაფინანსება 5 წელი გაგრძელდება.

შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ასუბსიდირებს იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4 პროცენტულ პუნქტს; სუბსიდია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;  სახელმწიფო წყვეტს სუბსიდიას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოცდა 5% (განაახლებს თუ ასცდა); სუბსიდია გაიცემა არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხებზე; სუბსიდია შეეხება მხოლოდ მათ, ვინც 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში აიღებს იპოთეკურ სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად;

გაითვალისწინეთ,  სახელმწიფო გასცემს სესხის გარანტიას სესხის 20% - ის ოდენობით; გარანტია გრძელდება სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში;  გარანტია ვრცელდება 01/06/2020 - 01/01/2021 პერიოდში გაცემულ სესხზე; გარანტიით ისარგებლებს ყველა მსესხებელი, რომელიც აიღებს არაუმეტეს 200 000 ლარიან სესხს ახალ აშენებული ბინის შესაძენად; გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა შეადგენს არანაკლებ 10%. ბიუჯეტი - 14 მლნ ლარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system