თავში

გაუძლებს თუ არა საბანკო სექტორი კრიზისს

გაუძლებს თუ არა საბანკო სექტორი კრიზისს
გაუძლებს თუ არა საბანკო სექტორი კრიზისს

ბოლო პერიოდში, რაც ეპიდსიტუაციაა ქვეყანაში და მოხმარება მასიურად მცირდება, უფრო ხშირად ისმის კითხვა, რამდენად გაუძლებს ამ სიტუაციას საბანკო სექტორი და რა შანსი აქვს გადარჩენისთვის? სპეციალისტები აცხადებენ, რომ უჭირს საბანკო სფეროსაც, თუმცა მაინც რჩება ერთადერთ დარგად, რომელიც მდგრადობას ჯერ კიდევ ინარჩუნებს. საბანკო სფეროს სპეციალისტის, მიხეილ თოქმაზიშვილის განცხადებით, თუ ბანკები პრობლემას მოერევიან, ეკონომიკის ყველა დარგი თანდათან აღდგება. 

ბოლო წლების განმავლობაში, ფაქტობრივად, პირველად ხდება, რომ ბანკებში სესხები იკლებს და მათი მოგება მცირდება. როგორც თოქმაზიშვილი ამბობს, ეპიდემიის გამო გადახდისუნარიანი მოთხოვნილების შემცირება, რაც პროდუქტის რეალიზაციას ამცირებს და ეს გავლენა ბანკებზეც ნეგატიურად აისახება.

,,გაურკვეველი ვითარებაა ქვეყანაში, ბიზნესები გაჩერებულია ან შემცირებული მოგებით მუშაობენ.მათი საქმიანობა გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული და იმ რეგულაციებთანაც, რომლის დაცვასაც ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რეგულაციები მოითხოვს. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ აგვისტოს განმავლობაში რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა, ესეც იმის გამო, რომ მცირე ბიზნესები იძულებული არიან ძველი სესხხების დასაფარად აიღონ ახალი ვალები ან ეს ფული ბიზნესის გადარჩენას მოახმარონ. ცხადია, რომ სესხების ზდა ამ შემთხვევაში პროდუქციის მოცულობის ზრდის სურვილს არ უკავშირდება. ეს არის კრედიტი გადარჩენისთვის და არა განვითარება-გაფართოებისთვის", - ამბობს თოქმაზიშვილი.

მისი თქმით, საფინანსო სექტორის გარეშე ეკონომიკა ვერ მიაღწევს სტაბილურობას, ამიტომ მაქსიმალური უნდა გაკეთდეს, რომ დარგმა კრიზისი დაძლიოს.

,,საბანკო სექტორის გადარჩენაეკონომიკის სხვა სფეროებსაც გადაარჩენს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დანარჩენებიც მიყვებიან და მერე ამ სიტუაციიდან მარტივად ვერ ამოვალთ. რა პროდუქციაც დღეს იქმნება, ნახევარი საერთაშორისო ორგანიზაციებისგან აღებული კრედიტით არის დაფინანსებული. ეს ნიშნავს, რომ საფინანსო სექტორი არის ბურჯი, რაზეც ეკონომიკა უნდა განვითარდეს და ამ რეალობიდან არ უნდა ამოვვარდეთ", - აცხადებს მიხეილ თოქმაზიშვილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system