თავში

გაუმჯობესების რა შანსია საგარეო ვაჭრობაში

გაუმჯობესების რა შანსია საგარეო ვაჭრობაში
გაუმჯობესების რა შანსია საგარეო ვაჭრობაში

საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები ბოლო თვეების განმავლობაში უარესდება. გარდა იმისა, რომ პრობლემაა გლობალურ ბაზრებზე და მოთხოვნა შემცირებულია, საქართველოში დიდ პრობლემას წარმოების სიმცირე წარმოადგენს. როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე report.ge-თან აღნიშნავს, აქცენტი ისეთ დარგებზე უნდა გაკეთდეს, რომელიც საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნას ინარჩუნებს, ამის შესაძლებლობას კი აგრარული სექტორი  და გადამამუშავებელი მრეწველობა იძლევა.

,,პანდემიამ გლობალურ ბაზრებზე მკვეთრად ნეგატიური გავლენა მოახდინა, მოთხოვნის მასშტაბური კლებაა. სტრუქტურული გადაწყობა მოხდა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართ მოთხოვნა არ შემცირებულა და ეს შანსი როგორმე უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი დიდი პრობლემაა, რომ წარმოების სიმცირეს განვიცდით და  საექსპორტო, ამ მიმართულებით, დიდად არაფერი გაგვაჩნია, გამონაკლისია ღვინო და თხილი, მაგრამ არც ამის ექსპორტია იმ დონეზე, რის პოტენციალიც ქვეყანას რეალურად გააჩნია. დიდი ძალისხმევა გვჭირდება, რათა საგარეო ვაჭრობაში უარყოფითი სალდო შევამციროთ. სოფლის მეურნეობის პროდუქციასთან ერთად, პრიორიტეტი უნდა იყოს მსუბუქი მრეწველობის წილის ზრდა, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება. რესურსი გვაქვს და მთელი პოტენციალი ამისკენ უნდა მივმართოთ, რომ ჩვენი პოტენციალი გამოვიყენოთ. გარდა ამისა, გვაქვს შესაძლებლობა, ჩინეთთან ექსპორტის ხაზი გავაძლიეროთ სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ხარჯზე. ალბათ, მომავალში ამ მიმართულებით ზრდა გაგრძელდება. მთლიანობაში, დისბალანსის გამოსასწორებლად იმპორტის კლება და ექსპორტის ზრდა გვჭირდება, პირველ შემთხვევაში, ეს უნდა მოხდეს არა მოთხოვნის კლებით, არამედ ადგილობრივი წარმოების განვითარებით, რომ ეკონომიკამ შვება იგრძნოს და მოსახლეობის კეთილდღეობა გაუმჯობესდეს", - აცხადებს report.ge-თან ავთო სილაგაძე.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნების, ასევე სასაქონლო ჯგუფების მეტი დივერსიფიცირება.

ცნობისთვის, საქსტატის მონაცემით უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში  საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system