თავში

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა - თურნავა

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა - თურნავა
გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა - თურნავა

აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. საქართველოს როლს ამ პროექტში და ამ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის ეკონომიკის მინისტრი აფასებს. ნათია თურნავას თქმით, სამხრეთ გაზის ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის უმნიშვნელოვანესია. 

„ვულოცავ ამ ისტორიულ დღეს აღნიშნული პროექტის მონაწილე ყველა მხარეს - ყველა ქვეყანას და კონსორციუმს. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს გავლით ენერგოდერეფნის განვითარებისთვის. „დასრულდა სამხრეთის გაზის დერეფნის პროექტის ბოლო ფაზა ტრანს ადრიატიკული გაზსადენი. ამ დიდი რეგიონალური პროექტის მეშვეობით აზერბაიჯანიდან, შაჰ-დენიზის საბადოდან საქართველოსა და თურქეთის გავლით ბუნებრივი აირი ევროპას მიეწოდა. ეს პროექტი უმნიშვნელოვანესია საქართველოსთვის, როგორც ენერგოდერეფნის მასპინძელი ქვეყნისთვის, ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის, იმ გეოპოლიტიკური მდებარეობის უკეთ გამოყენებისთვის, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია. 1 წლის წინ იყო ტრანსანატოლიური მილსადენის ინაუგურაცია და ახლა სახეზეა პროექტის ლოგიკური დასასრული - ბუნებრივი აირი კავკასიიდან მიეწოდება ევროპას,“ - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სამხრეთის გაზის დერეფნით, საქართველოს გავლით ევროპაში შაჰ - დენიზის გაზის მიწოდების დაწყებას.

დღესვე გაზის სამხრეთ კორიდორის ეკონომიკურ-პოლიტიკური მნიშვნელობა შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმაც. გიორგი გახარია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა, ანუ ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში, ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება.

საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system