თავში

ღვინის ქართველი მწარმოებლები გერმანული ბაზრის თავისებურებებს გაეცნენ

ღვინის ქართველი მწარმოებლები გერმანული ბაზრის თავისებურებებს გაეცნენ
ღვინის ქართველი მწარმოებლები გერმანული ბაზრის თავისებურებებს გაეცნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ქართველი მწარმოებლებისთვის ონლაინ სემინარი „გერმანიის ღვინის ბაზარი“ გაიმართა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სემინარში, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations” ექსპერტები უძღვებოდნენ, 40-მდე ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა.

„ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ გერმანიის ღვინის ბაზრის სტრუქტურას, გერმანიის მსხვილ იმპორტიორებს, ბიზნესპარტნიორთა მოძიების მეთოდებს, მომხმარებლის პრიორიტეტებს, შეეფასებინათ წარმოების ძლიერი და სუსტი მხარეები, ექსპორტის პოტენციალი და ბარიერები. სემინარზე განხილული საკითხები ქართული ღვინის მწარმოებლებს გერმანიის ბაზარზე ექსპორტის გაზრდასა და დამკვიდრებაში დაეხმარება. გერმანული კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და „ff.k Public Relations”-ის ორგანიზებით, გერმანიაში გაძლიერდება ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია სხვადასხვა მედიაპლატფორმების გამოყენებით, დაგეგმილია ქართული ღვინის არაერთი დეგუსტაცია, ქართული ღვინოები მონაწილებას მიიღებენ სხვადასხვა კონკურსში, დაგეგმილია ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ვიზიტები საქართველოში," - განმარტავენ სააგენტოში. 

გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. იგი ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა.

გასულ წელს, საქართველოდან გერმანიაში 700 ათასამდე ღვინის ბოთლის ექსპორტი განხორციელდა (ზრდა 4%). ექსპორტი მზარდია 2021 წელსაც - 4 თვის მონაცემებით, ექსპორტირებულია 230 ათასი ბოთლი (ზრდა 1%).  იანვარ-მარტში საქართველომ წელს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გაყიდა. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს. გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ექსპორტირებულია 7,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 111 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 73 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია, ასევე, აშშ, ჩინეთი, პოლონეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია: კანადაში - 31% (67,770 ბოთლი), ყაზახეთში - 57% (793,114 ბოთლი), ისრაელში - 56% (131,626 ბოთლი), აზერბაიჯანში - 66% (87,449 ბოთლი), თურქეთში - 115% (30,930 ბოთლი).

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. ქართული ღვინის ფალსიფიცირებისგან დაცვის პარალელურად, გაგრძელდება ქართული ღვინის მარკეტინგი. ცოტა ხნის წინ ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის.

ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია.

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო ხუთ ღვინოს შორისაა.

შეგახსენებთ, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ და მთავრობის გეგმით, წელს ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს. ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის.კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

ცვლილებები სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობის პარამეტრის განსაზღვრა.

ტექნიკურ რეგლამენტებში 2020 წელს შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას. ეს ადგენს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ბუნებრივადაა თუ ხელოვნურადა დამტკბარი. ასევე მნიშვნელოვანია საქაროზას მაჩვენებელი ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებში, რაც ადგენს ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად იყო თუ არა გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system