თავში

ღვინის საერთაშორისო მარკეტინგისთვის კომპანიები შეირჩა

ღვინის საერთაშორისო მარკეტინგისთვის კომპანიები შეირჩა
ღვინის საერთაშორისო მარკეტინგისთვის კომპანიები შეირჩა

პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს ხოლო იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე კომპანია „Red Bridge” იმუშავებს. ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოვეთვიური გაზეთის აპრილის გამოშვებაში. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყანაა და აქ 2021 წელს აქტიური მარკეტინგული კამპანია გაგრძელდება მნიშვნელოვანია.

"პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. გასულ წელს, პოლონეთში 5 მლნ-ზე მეტი ბოთლის ექსპორტი და 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. 2020 წელს, პოლონეთმა 60 ექსპორტიორ ქვეყანას შორის მე-3 ადგილი დაიკავა. პოლონეთში ქართული ღვინის მარკეტინგულ და სარეკლამო ღონისძიებებს კომპანია „მალინოვა” განახორციელებს. ღვინის ეროვნულ სააგენტოსა და პოლონურ მარკეტინგულ კომპანიას „Malinova spólka z ograniczoną odpowiedzialnością S.K“ შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა. სააგენტო აღნიშნულ კომპანიასთან 2016 წლიდან თანამშრომლობს. 2021 წელს, „მალინოვას“ ორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება. ქართული ღვინოები წარდგენილი იქნება ადგილობრივ საერთაშორისო კონკურსებზე, მოეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, მომზადდება საპრომოციო დოკუმენტური ფილმი ქვევრის ღვინის დამზადების ტექნოლოგიაზე, ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია გაგრძელდება სხვადასხვა მედია პლატფორმაზე, გამოქვეყნდება სტატიები ქართული ღვინის კულტურის შესახებ," - აღნიშნულია უწყების გამოცემაში. 

აქცე განმარტებულია, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ეროვნულ სააგენტოსა და იაპონურ მარკეტინგულ კომპანიას „Red Bridge” შორის თანამშრომლობის შესახებ კონტრაქტს ხელი უკვე მოეწერა. Red Bridge-ს იაპონიაში ერთადერთი ღვინის მაგისტრი კენიჩი ოჰაში ხელმძღვანელობს. 2021 წელს, კენიჩი ოჰაშის ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროში დასაქმებული კომერციული პირებისთვის გაიმართება. 

"იაპონია, ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარია, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის პირველი მასშტაბური წარდგენა 2014 წელს მოხდა. შემდგომ წლებში, ასევე ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობდნენ გამოფენებში „Foodex Japan“ და „Wine and Gourmet Japan“, ადგილობრივ ღვინის კონკურსებში, მოეწყო იაპონელი ღვინის პროფესიონალებისა და მედიის წარმომადგენლების ტურები საქართველოში, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში. 2019 წელს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართა გამოფენა „საქართველო ღვინის სამშობლო“, რომელმაც, 2 თვის განმავლობაში, ათასობით დამთვალიერებელს უმასპინძლა. კომპანიასთან „Red Bridge“ ღვინის ეროვნული სააგენტო 2017 წლიდან თანამშრომლობს და მისი საქმიანობა იაპონიის მასშტაბით ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის შესახებ მარკეტინგულ ღონისძიებებს მოიცავს. განხორციელებული აქტივობების შედეგად, იაპონიაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია; 2020 წელს, იაპონიაში ღვინის 200 ათასამდე ბოთლის ექსპორტი განხორციელდა," - ვკითხულობთ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ყოვეთვიური გაზეთის აპრილის გამოშვებაში.

ქართული ღვინისთვის სტრატეგიული ბაზარია აშშ-იც. 2020 წელს, პანდემიის პირობებშიც კი, ქართული ღვინის რეალიზაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ცოტა ხნის წინ აშშ-ში  ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ქართული ღვინის კულტურის, ისტორიისა და დარგის არსებული მდგომარეობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა. 

„ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარია. ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2020 წელს, აშშ-ში ღვინის იმპორტის საერთო მაჩვენებელი, 2019 წელთან შედარებით, 9,4%-ით შემცირდა. ამ პირობებშიც კი, იმპორტირებული ქართული ღვინის ღირებულება, 2020 წელს, 21,4%-ით გაიზარდა და 3.93 მლნ აშშ დოლარს მიაღწია. აშშ-ის ბაზარი ქართული ღვინისთვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალფასიანი სეგმენტია, სადაც ქართული ღვინის ერთი ლიტრის ფასი 6 აშშ დოლარს აღემატება. ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე, ბოლო 6 წელი, სტაბილურად მზარდია. 2020 წელს, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ექსპორტმა 1 მლნ ბოთლს მიაღწია“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ და დასძინა, რომ პანდემიის მიუხედავად, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციას აშშ-ში დისტანციურ ფორმატებსა და სხვადასხვა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით გააგრძელებს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ონლაინ გაყიდვების ხელმისაწვდომობაზე, სოციალურ და მედია აქტივობებზე, იმპორტიორებისა და დისტრიბუტორების მხარდაჭერაზე; ამ კუთხით, უპირატესობა მიენიჭება წითელ ღვინოებს, რადგან ამერიკაში, ისევე როგორც სხვა ბაზრებზე, ექსპორტის დიდი წილი სწორედ წითელ ღვინოებზე მოდის; ცალკე სეგმენტად გამოიყოფა ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია.

წელს იანვარ-მარტში საქართველომ წელს 52 ქვეყანაში 19 მლნ-მდე ბოთლი ღვინო გაყიდა. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს. გარდა ქართული ღვინისა, 2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან ექსპორტირებულია 7,4 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 111 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 73 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრებია, ასევე, აშშ, ჩინეთი, პოლონეთი, იაპონია, გერმანია და ბალტიისპირეთის ქვეყნები. ექსპორტის რაოდენობა ასევე მზარდია: კანადაში - 31% (67,770 ბოთლი), ყაზახეთში - 57% (793,114 ბოთლი), ისრაელში - 56% (131,626 ბოთლი), აზერბაიჯანში - 66% (87,449 ბოთლი), თურქეთში - 115% (30,930 ბოთლი).

ალკოჰოლური სასმელების ეტიკეტირების წესის დარღვევაზე სანქციები მკაცრდება. ქართული ღვინის ფალსიფიცირებისგან დაცვის პარალელურად, გაგრძელდება ქართული ღვინის მარკეტინგი. ცოტა ხნის წინ ქართულმა ღვინოებმა იაპონიაში, პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე „საკურა“ 13 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი დაიმსახურეს.

ქართული ღვინის მარკეტინგული მხარდაჭერისთვის 2021-2024 წლებში სახელმწიფო 46 მლნ ლარს გამოყოფს. ოთხი წლის განმავლობაში ქართული ღვინის 500-ზე მეტი პრეზენტაცია და დეგუსტაცია გაიმართება უცხოეთის ქვეყნებში. შედეგად მთავრობა ღვინის ექსპორტით მიღებული შემოსავლების ყოველწლიურად საშუალოდ 8 %-იან ზრდას ელის.

ქართული ღვინო მსოფლიო სპეცღვინოების ჩამონათვალშია.

ქართული ღვინო 2020 წლის საუკეთესო ხუთ ღვინოს შორისაა.

შეგახსენებთ, რთველი 2021-ის ფარგლებში, ყურძნის ხარისხის კონტროლი გამკაცრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ 2021 წლიდან ვენახში ყურძნის ხარისხს ახლებურად გააკონტროლებენ და მთავრობის გეგმით, წელს ქართული ღვინო ახალ ეტაპზე გადასვლას დაიწყებს. ჩასაბარებელი ყურძნის ხარისხს შესაბამისი ნორმატიული დოკუმენტაციებით დადგენილი შაქრიანობა განსაზღვრავს, რაც შემდგომ მის საბაზრო ღირებულებაზეც აისახება. ღვინის ყურძნის ფასი ორჯერ მეტი იქნება, ვიდრე სასპირტე ყურძნის.კონტროლი განხორციელდება ადგილწარმოშობის ჯიშების სპეციფიკაციებით განსაზღვრულ მოსავლიანობის ლიმიტზეც.

ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრებისთვის კონკურენტუნარიანი ღვინის წარმოების მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა შემდეგ ტექნიკურ რეგლამენტებში: „ღვინის წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ და „ყურძნისეული წარმოშობის სპირტიანი სასმელების წარმოების ზოგადი წესისა და ნებადართული პროცესების, მასალებისა და ნივთიერებების ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“.

ცვლილებები სხვადასხვა პარამეტრების თანაფარდობის განსაზღვრას ითვალისწინებს და მნიშვნელოვანია შესაძლო ფალსიფიცირების გამოსავლენად. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ნახშირბადის სტაბილური იზოტოპის თანაფარდობის პარამეტრის განსაზღვრა.

ტექნიკურ რეგლამენტებში 2020 წელს შესული ცვლილებები ასევე ითვალისწინებს ალკოჰოლური დუღილის პროცესში ყურძნის შედგენილობაში გლუკოზისა და ფრუქტოზის თანაფარდობის განსაზღვრას. ეს ადგენს, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ბუნებრივად ნახევრად ტკბილი ღვინოები ბუნებრივადაა თუ ხელოვნურადა დამტკბარი. ასევე მნიშვნელოვანია საქაროზას მაჩვენებელი ნახევრად მშრალ, ნახევრად ტკბილ და ტკბილ ღვინოებში, რაც ადგენს ღვინოში ხელოვნურად დასატკბობად იყო თუ არა გამოყენებული იყო შაქრისგან (საქაროზასაგან) მომზადებული სიროფი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system